fbpx

არასოდეს არ არის გვიანი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება – ცირა ხუციშვილი

ავტორი ნინო გონგაძე
827 ნახვა

უნარები, რომელიც ყველასგან განასხვავებდა ბავშვობაში აღმოაჩინა, ვერ გაუგეს,  ამიტომ მერე ძალიან დიდხანს დუმდა და მალავდა ნიჭს, რომლის დახმარებითაც იმის ამოცნობა შეეძლო, რაც სხვებისთვის დაფარული იყო…

დღეს, ცირა ხუციშვილი მინდა გაგაცნოთ, რომლის რეგალიების სია, ახლა უკვე საკმაოდ გრძელია: ტელეპათი, მედიუმი, ფსიქოთერაპევტი, პარაფსიქოლოგი, ნლპ პრაქტიკოსი, ნპლ ქოუჩი, ბიზნესტრენერი, ურთიერთობების ქოუჩი, ეზოთერიკი …  მუდმივად სწავლის პროცესშია. „სწავლა იმხელა ადრენალინია, არასოდეს გავჩერდებიო“- ამბობს.

ინტერვიუს ბავშვობით ვიწყებთ.

ცირა ხუციშვილი: ეს უნარები ბავშვობაში აღმოვაჩინე, წინასწარ ვიცოდი რა და როგორ მოხდებოდა. მომავალშიც ვის რა ელოდებოდა. თითქოს ადამიანის ტვინში შევდიოდი და ვხედავდი რას ფიქრობდა. ისეთი უცნაურია, როცა ადამიანი ერთს ამბობს და რეალურად მეორეს ფიქრობს. მიცვალებულებსაც ვხედავდი და კომუნიკაციაც მქონდა, რაღაცებს მაბარებდნენ თავიანთ ახლობლებთან. ამ უნარის შესახებ რამდენჯერმე ვთქვი, მაგრამ არავინ დამიჯერა და გაჩუმება ვისწავლე. შემდეგ მოვიფიქრე, თითქოს გარდაცვლილებს სიზმარში ვხედავდი და ასე გადავცემდი მათ დანაბარებს, ასე უფრო მიჯერებდნენ.

რაღაც პერიოდი ეს უნარი ჩავახშვე, მერე ისევ გამიაქტიურდა. ახლა მთლიანად გააქტიურების ფაზაში ვარ, მივხვდი რომ არ უნდა დავმალო.

დიდი წინააღმდეგობა და მიუღებლობა მქონდა, მაგრამ ბოლოს, საკუთარ თავთან ბრძოლით დავიღალე და ვაღიარე რომ ეს არის ჩემი გზა და მისია, რომელიც მაკისრია და უნდა გავიარო. მაშინ არ ვიცოდი ტელეპათიის და მედიუმის უნარები როგორ გამომეყენებინა და როგორ დავხმარებოდი ადამიანებს. ამიტომ ყველაფრის შესწავლა დავიწყე. შევისწავლე- ნლპ, ქოუჩინგი, ფსიქოლოგია, კვანტური ფიზიკა, ეზოთერიკა, ნუმეროლოგია, ტაროლოგია. ამ ყველაფერმა დიდი ცოდნის ფაზა შემიქმნა. ასე შევფუთე თავი და ყველა ეს უნარი ფსიქოთერაპიასა და სხვა პროფესიებში გამოვიყენე, რომ არ გაეგოთ რა ძალა იდგა ჩემს უკან.

– რაში გეხმარებათ ტელეპათიის უნარი და რა გრძნობაა, როდესაც ადამიანების აზრების წაკითხვა შეგიძლია, როცა უსიტყვოდაც გესმის მათი, ეს კომფორტულია თუ პირიქით?

– ტელეპათია მუშაობის დროს ძალიან მეხმარება. სეანსებსა და სესიებზე მოსულებს რაღაცების დამალვის სურვილი უქრებათ. ადამიანი იკურნება გულწრფელობით, სულით. სული თუ დაზიანებული აქვს, მერე სხვადასხვა დაავადებები იჩენს თავს. კითხვაზე არის თუ არა კომფორტული წინასწარ ადამიანის აზრების წაკითხვა, გიპასუხებთ რომ არა. მეტიც, საკმაოდ მტკივნეულია. სხვანაირად უყურებ ადამიანებს, სამყაროს. ტელეპათობა ჩემთვის ერთგვარი კურთხევაც არის და ტვირთიც.

თუმცა, როცა ადამიანი მეუბნება, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალეო, მაშინ ვიბადები და ღმერთს მადლობას ვეუბნები ამ უნარისთვის.

– რამდენად შესაძლებელია სულის სრულად განკურნება?

– სულის განკურნება სრულად ხდება, მაგრამ დიდი დრო და ეტაპები სჭირდება. საკმაოდ მტკივნეული ფაზაა, ტრანსფორმაციაც მტკივნეულია. უნდა მოხდეს გააზრება, რამხელა ტრავმები მოგვყვება დედისგან, მამისგან, წინაპრებისგან. სისტემურმა განლაგებამ, პროფესიული კუთხით, მთლიანად გარდამქმნა. ახლა,  ამ კუთხით ვეუფლები ცოდნას და განლაგებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასწავლო კურსს გავდივარ. საოჯახო განლაგებამ მიმახვედრა, თუ  რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი წინაპრების წარსული განვკურნოთ და ის რესურსები მივიღოთ, რაც მათ ჰქონდათ.

როგორც თქვით ურთიერთობების კუთხითაც მუშაობთ, მაინტერესებს, როგორ მიიღწევა ჰარმონია ურთიერთობებში და არსებობს თუ არა იდეალური ურთიერთობები?

– ჰარმონია მიიღწევა მაშინ, როდესაც ორივე მხარე ერთმანეთთან გულწრფელად საუბრობს იმ პრობლემებზე რაც მათ აწუხებთ. ურთიერთობებს არაგულწრფელობა ანგრევს. როცა ორი ადამიანი ხვდება, რომ ერთმანეთი აღარ უნდათ, ტოქსიკურ ურთიერთობაში არიან და ეს მდგომარეობა არ გამოსწორდება, უნდა დაასრულონ პირველ რიგში, საკუთარი თავის წვალება, შემდეგ ოჯახის წევრების, მითუმეტეს შვილების, რომელებიც იმხელა ფსიქოლოგიურ დარტყმას იღებენ, რომ ურთიერთობების მთელი გზა ეკეტებათ, ცხოვრების, კარიერის თუ ფინანსების მხრივ. როგორც ვიცით დედა არის სიცოცხლე, მამა – ცხოვრება. როდესაც ორივესგან პრობლემები მოდის, სიცოცხლეშიც და ცხოვრებაშიც სულ პრობლემები გვექნება. საბედნიეროდ იდეალური ურთიერთობები არსებობს და მოხარული ვარ, როდესაც ასეთ ურთიერთობებს ვხედავ. ძალიან ცოტანი არიან ასეთი ადამიანები. არაერთი ასეთი ურთიერთობა გადამირჩენია. შეიძლება იდეალური ურთიერთობა გქონდეს ადამიანს, მაგრამ არ გქონდეს გამოცდილება იმ პრობლემების მოგვარების, რომელიც გზად გხვდება. როდესაც პრობლემები გვარდება, წყვილები ისევ იდეალურ ურთიერთობებს უბრუნდებიან.

– თქვენი გვერდის მთავარ ფრაზად გიწერიათ -„ტკივილი დროებითია, ტრიუმფი სამუდამო…“ რა კურნავს ტკივილებს?

– ტკივილებს კურნავს ბავშვობის ტრავმების მოშუშება. ჩვენ ვიბადებით მხოლოდ და მხოლოდ 1%, დანარჩენი პროცენტები გვაქვს მშობლების, გენეტიკის, სოციუმის, სკოლიდან წამოღებული. ჩვენ უნდა გავხდეთ ჩვენი საკუთარი თავები, ჩვენი ავტონომია უნდა დავიბრუნოთ ეს არის მთავარი, სწორედ ეს იქნება ტრიუმფი. მთლიანად ახლიდან იბადები და ყველანაირი რესურსი და უნარი რომ გაქვს, რასაც გინდა იმას გააკეთებ. ყველა ადამიანი უნიკალურია, ყველას თავისი დამახასიათებელი ნიჭი აქვს, იმაზე უკეთესები ვართ, ვიდრე გვგონია. ჩვენ ვართ ღმერთის ქმნილებები, პოტენციური პატარა ღმერთები, უბრალოდ ჩვენ ეს ყველაფერი არ ვიცით. ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენს თავში ღმერთი და ის უნდა გავამრავლოთ. ჩვენში ღმერთს გამოვკვებავთ თუ ეშმაკს,ეს ხომ ჩვენზეა დამოკიდებული. თუ მინდა ღმერთი გამოვკვებო ღმერთისკენ მივდივარ, რაც უფრო მეტ ღმერთს ვქმნი ჩემში, შავ ძალას უფრო ნაკლები რესურსი რჩება. ჩვენი დანიშნულებაც ზუსტად ეს არის, მივიდეთ სულიერ საწყისამდე.

– ბედნიერების მოპოვებას ბრძოლა სჭირდება?

– ბედნიერებას ბრძოლა კი არა ტრავმების “ჩამოშორება” სჭირდება, როგორც კი ამას აკეთებ ავტომატურად ბედნიერდები. ბედნიერებაში ხელს ის ფაქტორები გვიშლის, რაც არასწორი აღზრდიდან გამომდინარე, ჩვენმა მშობლებმა, თუ სხვადასხვა გარემოებებმა მოგვაწებეს. ჩვენ არ გვასწავლიდნენ ბედნიერებას, ჩვენ უბრალოდ ყველასთვის კარგები უნდა ვყოფილიყავით. ჩვენი ემოციები და შეგრძნებები არ უნდა გამოგვეხატა. თუ „ცუდად“ მოვიქცეოდით ცუდი გოგონები და ბიჭები ვიქნებოდით, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდით კარგები რომ ვყოფილიყავით.

ბედნიერება ყველასთვის ინდივიდუალურია. ჩემთვის, პირველ რიგში, ჩემი თავის პოვნაა ბედნიერება, ბედნიერებაა ოჯახის წევრების კარგად ყოფნა, ბედნიერებაა ის, რომ ჩემი გენეტიკური სისტემა მთლიანად განვკურნო და დავიბრუნო ის რესურსები, რომელიც მქონდა, ბედნიერებაა ის რომ სხვებს ვეხმარები, ძალიან კარგი შედეგები აქვთ, მათი უამრავი მადლობა რად ღირს, ბედნიერებაა რომ ქართველი ვარ, ბედნიერი ვარ იმით, რომ სამყაროს შვილი ვარ და მისთვის რაღაც წვლილის შეტანა მეც შემიძლია.

– წარმატება როგორ მიიღწევა?

– წარმატება მიიღწევა თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯით, შრომით, დისციპლინით.  სულ უნდა ვითარდებოდე, არასოდეს არ უნდა შეწყვიტო სულიერი თუ პროფესიული ზრდა-განვითარება. რაც უფრო მეტად იზრდები და ვითარდები, უფრო მეტად იდგამ ფესვებს. ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, სწავლის პროცესში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ, მაგრამ რაც უფრო მეტს სწავლობ, ხვდები რომ საერთოდ არაფერი იცი. კიდევ უამრავი რამ მაქვს სასწავლი. არასოდეს არ გავჩერდები,  ეს ჩემს სულს ზრდის.

-„ახლა ის ეტაპია ჩემს ცხოვრებაში, როცა ზუსტად იცი რა გინდა, ვინ გინდა, სად მიდიხარ, რაა შენი ღირებულებები. ყველაფერი კარგი და საინტერესო ახლა დაიწყო. განახლებული ფენიქსი – ცირა დაბრუნდა, განახლებული ენერგიით და ძალით.“ – ეს პოსტი რამდენიმე დღის წინ დადეთ სოციალურ ქსელში. გვითხარით ცხოვრების რა ეტაპზე ხართ ახლა და რა არის ის კარგი და საინტერესო, რაც დაიწყო?

– ჩემი თავის სიყვარული და აბსოლუტური მიმღებლობა ვისწავლე. სწორედ ამის მერე მოხდა დიდი ტრანსფორმაცია ჩემში. ბერტ ჰელინგერის განლაგებების საშუალებით საკუთარი თავი სხვა კუთხით დავინახე, რამდენად კარგი და უნიკალური ვყოფილვარ და როგორ ვახშობდი ჩემს შინაგან ბავშვს, რომელიც ძალიან სუფთა და ჭკვიანია. თურმე ჩემს თავს ვერ ვხედავდი, როცა ამის დანახვა დავიწყე, ჩემში დიდი ძვრები მოხდა. მერე კარგა ხანი ასკეზური ცხოვრებით ვიცხოვრე, მთლიანად სამყაროს გარიდებული, მხოლოდ და მხოლოდ ჩემს თავს ვაკვირდებოდი და სულიერი კუთხით ვვითარდებოდი. უფრო მეტად გავიაზრე ჩემი უნარების ღირებულება, ახლა ზუსტად ვიცი ვინ ვარ, რა მინდა და საით უნდა წავიდე. ისიც ვიცი, არავის უფლებას აღარ მივცემ ცუდად შემოიჭრას ჩემს ცხოვრებაში და დამაზიანოს. მე ჩემი თავი ისეთი მივიღე როგორიც ვარ.

არასოდეს არ არის გვიანი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება. ნებისმიერ ასაკში შეგიძლია იყო ბედნიერი და შექმნა საოცარი მომავალი. ეს ყველას შეგვიძლია 40-50-60 და 70 წლის ასაკშიც კი…

ავტორი: ნინო გონგაძე

  • ცირა ხუციშვილთან დაკავშირებას შეძლებთ ფბ-ის პირად გვერდზე ცირა ხუციშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment