fbpx

BPN Georgia – შენი ბიზნესის გზამკვლევი

ავტორი დეა თავბერიძე
394 ნახვა

თუ გსურს, ისწავლო ბიზნესის სწორად მართვა, შეიძინო საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, უფრო სწრაფად გაზარდო შემოსავლები და შეიმოკლო გზა წარმატებამდე, ეს სტატია შენთვისაა, აქ მოწოდებული ინფორმაცია შენი წარმატების გარანტად იქცევა.

ამ სტატიიდან გაიგებ, როგორ მიაღწიო სასურველ შედეგს ადგილობრივი და შვეიცარიელი ექსპერტების დახმარებით.

გაეცნობი BPN Georgia-ს, საერთაშორისო გამოცდილების მქონე შვეიცარიულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ BPN Georgia-მ დიდი როლი ითამაშა Jolo.ge-ს ბიზნესის კუთხით განვითარებაში, ამიტომაც გამიჩნდა სურვილი ბევრმა შეიტყოს ამ ორგანიზაციის შესახებ და მიიღოს ის ბენეფიტები, რაც მათ წინსვლასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

ამ მიზნით BPN Georgia-ს ხელმძღვანელს, მეგი მაისურაძეს, ვეწვიე.  

– როდის დაფუძნდა BPN, რას ემსახურება და რა მისიით შემოვიდა საქართველოში?

– BPN შვეიცარიული ფონდია, რომელიც 1999 წელს დაფუძნდა. მისია თავიდანვე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა იყო. BPN-ის გარშემო გაერთიანდნენ შვეიცარიელი ბიზნესმენები და ის ადამიანები, რომლებსაც სურვილი და ამავდროულად შესაძლებლობაც ჰქონდათ, სხვადასხვა ქვეყნებში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გაეზიარებინათ საკუთარი ცოდნა-გამოცდილება და ამ გზით დახმარებოდნენ მათ გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებით ემართათ საკუთარი საქმე.

BPN Georgia საქართველოშიც იმავე მისიით 2016 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს, მხარი დაუჭიროს როგორც უკვე არსებულ ბიზნესებს, ისე სტარტაპებსაც, რომლებსაც უკვე აქვთ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები საკუთარი იდეის განხორციელების გზაზე და საამისოდ რესურსსაც ფლობენ, მაგრამ სჭირდებათ ბიზნესის მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის მიღება.

ამ მისიის შესასრულებლად ორგანიზაცია ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს მათზე მორგებულ 3 წლიან პროგრამას სთავაზობს.

ჩვენი პროგრამა უკვე აერთიანებს არაერთ ბიზნესს, როგორც წარმოების, ისე სერვისის სფეროდან. სფერო შეზღუდული არ არის, შესაბამისად სპექტრი ძალიან ფართოა და ესთეტიკის ცენტრით დაწყებული ბიო სასუქის, საბავშვო განმავითარებელი სათამაშოებისა და ავეჯის წარმოებით გაგრძელებული ბევრ საინტერესო ბიზნესს აერთიანებს.

– და რას მოიცავს BPN Georgia-ს პროგრამა?

– პროგრამაში ჩართულ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შვეიცარიელი და ადგილობრივი ექსპერტების ინდივიდუალური ბიზნეს ქოუჩინგით, კონსულტაციებით, დაესწრონ ბიზნეს თემატიკაზე სხვადასხვა საინტერესო სემინარს, ვებინარს, ვორქშოპს. ამას ემატება კიდევ ბევრი სხვა სარგებელი, როგორიცაა მაგალითად: ჩვენს სოც. მედია არხებზე პუბლიკაციების განთავსება პროგრამის მონაწილეებისა და მათი საქმიანობის შესახებ, რითაც ვცდილობთ ცნობადობის ამაღლებასა და საკუთარი პროდუქტებისა თუ სერვისების პოპულარიზაციაში  დავეხმაროთ მათ.  ჩვენი პროგრამის საშუალებით მეწარმეებს ასევე აქვთ შანსი დაამყარონ საჭირო კავშირები. პროგრამის ფარგლებში  მეწარმეები საკუთარ სერვისებსა და პროდუქტებზე ერთმანეთს შეღავათიან პირობებს სთავაზობენ. დავამატეთ კიდევ ერთი ძალიან საჭირო სერვისი. ეს გახლავთ შვეიცარიელი დარგის ექსპერტის მხარდაჭერა. უკვე რამდენიმე მონაწილემ ისარგებლა ამ მომსახურებით.

– რას გულისხმობს ექსპერტის მხარდაჭერა?

მაგ.: ბიზნესში მაქვს კონკრეტული გამოწვევა, პრობლემა ან  სიახლეს ვნერგავ და ამასთან დაკავშირებით პრაქტიკული რჩევები, კონსულტაციები, კონკრეტულ საკითხზე მხარდაჭერა მჭირდება, ჩვენს ორგანიზაციას შვეიცარიაში აქვს შესაძლებლობა მოიძიოს დარგის გამოცდილი ექსპერტი,  დააორგანიზოს მასთან შეხვედრები და საჭირო ვადით ჩამოიყვანოს საქართველოში. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში მოწვეული ექსპერტი ადგილობრივ  მეწარმესთან ერთად მუშაობს  მისთვის აქტუალურ საკითხზე და საჭირო ინტენსივობით ერთვება ბიზნეს პროცესებში.  

დღემდე უკვე რამდენიმე ექსპერტი სტუმრობდა ჩვენს მეწარმეებს, მათ შორისაა მაგ. შოკოლადის ექსპერტი ბატონი ვერნერ რუგზეგერი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ორჯერ სტუმრობდა ერთ-ერთ ჩვენს პროგრამის აქტიურ მონაწილეს. მრავალწლიანი გამოცდილების შვეიცარიელმა კონდიტერმა „ჩირი ფრუტთან“ ერთად კომპანიის საწარმოში ახალ რეცეპტებზე იმუშავა, მისი ვიზიტის ფარგლებში დაინერგა და განვითარდა წარმოების ახალი ხაზი.

რა ღირს პროგრამაში ჩართვა?

– პროგრამის 95% თანადაფინანსებულია და ძალიან მცირე ნაწილის  შეტანა უწევს მეწარმეს. ეს მცირედი, სიმბოლური თანხა იმ სემინარების საფასურს წარმოადგენს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში ვთავაზობთ. დანარჩენი მომსახურებების, იქნება ეს ქოუჩინგი, კონსულტაცია,  ტექნიკური მხარდაჭერა თუ პუბლიკაციისა და ვიდეო რგოლის სხვადასხვა არხებზე განთავსება. შვეიცარიელი ქოუჩების, ექსპერტების, მომხსენებლების და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებულ ხარჯებსაც ორგანიზაცია ფარავს.

–  ის, ვინც ამ ყოველივეს შესახებ ახლა გაიგო, ბიზნეს პროგრამაში როგორ უნდა ჩაერთოს?

– ამისთვის პირველი ნაბიჯია ბიზნესის განვითარების გეგმის ვორქშოპზე დასწრება. ვორქშოპის შესახებ ინფორმაციის განთავსება ხდება ჩვენს ყველა საკომუნიკაციო არხზე. ამ ვორქშოპზე ვასწავლით, როგორ უნდა დამუშავდეს ბიზნესის განვითარების გეგმა და ფინანსური ცხრილები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაინტერესებული მეწარმე ინდივიდუალურად მუშაობს საკუთარ ბიზნეს გეგმაზე, ამ პროცესშიც იღებს ადგილობრივი ექსპერტებისგან მხარდაჭერას. დამუშავებული მასალა ჩვენთან იგზავნება და ინიშნება ინდივიდუალური შეხვედრა, სადაც ამ კონკრეტულ ბიზნესში არსებულ გამოწვევებს, აქტუალურ საკითხებს ქოუჩინგის ფორმატში BPN Georgia-ს ადგილობრივ წარმომადგენელთან  ერთად განვიხილავთ.

შემდეგ ეტაპზე ბიზნეს გეგმა შვეიცარიაში იგზავნება და ინიშნება შეხვედრა შვეიცარიელ ექსპერტთან. ამ პროცესს ყველა ჩვენი პროგრამით დაინტერესებული ბიზნესი გადის.

თუ პროგრამაში ჩართული ბიზნესის წარმომადგენელი 3 წლის შემდეგაც გამოთქვამს თქვენთან ურთიერთობის სურვილს, ამ შემთხვევაში რა ხდება?

– პროგრამის მონაწილე იმ ბიზნეს კავშირის წევრი ხდება, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ. ესეც მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა. BPN Georgia-ს პროგრამის აქტიური მონაწილეები ვადის ამოწურვის შემდეგ ისევ საჭიროებდნენ ჩვენს სერვისებს. იმისთვის, რომ ოფიციალურ ფორმატში შეგვძლებოდა მათთან თანამშრომლობა, „ბპნ ჯორჯიელთა კავშირი“ დავაფუძნეთ და ისინი ახლა უკვე ამ კავშირის ფარგლებში იღებენ  სერვისებს, რომლებზეც ზემოთ უკვე ბევრი ვისაუბრეთ.

BPN-ის ლოგოც, რომელიც ნეთვორქინგის სიმბოლოებს აერთიანებს, ზუსტად ამას მოიაზრებს – კავშირსა და ბიზნესების ერთობლიობას, ერთმანეთისთვის საკუთარი ცოდნის, გამოცდილების, წარმატებისა თუ წარუმატებლობის მაგალითების გაზიარებას, რათა ერთმანეთისგან და ერთანეთის დახმარებით ვისწავლოთ და წინ წავიდეთ. ჩვენი მიზანია – გაგიზიაროთ ის, რაც ვიცით და თქვენგანაც ვისწავლოთ, ჩვენს მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე მოგცეთ საშუალება, ბპნ ჯორჯიელებმა ერთმანეთს დაუჭიროთ მხარი, გაუზიაროთ ცოდნა-გამოცდილება და ყველაფერი ის, რაც მოგვცემს განვითარებისა  და ძლიერ ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობას.

– პირადად თქვენთვის რას ნიშნავს „BPN Georgia“?

– ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. მაბედნიერებს „ბპნ ჯორჯიელების“  ბედნიერი სახეების დანახვა და ის წარმატება, რომელშიც ჩვენი თუნდაც მცირე წვლილია შეტანილი, ამისათვის მართლა არაფერს ვიშურებთ და შედეგებიც სახეზეა. ბევრს უთქვამს: რომ არა „BPN Georgia“, ამ წარმატებას ვერ მივაღწევდიო… ეს არის პირადად ჩემი და BPN Georgia-ს გუნდის ყველა წევრის ბედნიერებისა და სიხარულის მიზეზიც. ჩვენი მეწარმეების ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი გვახარებს. ბევრს ბიზნეს პროცესები გაუმართავს ჩვენი ექსპერტის ჩართულობით და უკვე სერიოზულ შედეგებზეა გასული, ბევრს მიუღია დონორი ორგანიზაციისგან დაფინანსება ჩვენი დახმარებით, არაერთმა ჩვენმა პროგრამის მონაწილემ პარტნიორი მოიძია BPN Georgia-სთან ურთიერთობის ფარგლებში, დაამყარა საჭირო კავშირი. ასეა, ერთმანეთს უკავშირდებიან, თანამშრომლობენ, პარტნიორული ურთიერთობები მყარდება და ამ გზით კიდევ უფრო დიდი წარმატებით იმართება ბიზნესები.

მიხარია, რომ გვენდობიან, ჩვენს რჩევებს იზიარებენ, პრაქტიკაში ნერგავენ და თავიანთი წარმატების თანამონაწილეს გვხდიან. ჩვენს დიდ ოჯახში არის ნდობა, სიყვარული და რწმენა, რომ „BPN Georgia“ ყოველთვის შენს გვერდითაა, როდესაც გჭირდება.

BPN Georgia

მსგავსი სტატიები

Leave a Comment