„კაცობრიობა თავისი არსებობის დღიდან იბრძვის და ომობს. ჩვენი მსხვრევადი, მყიფე სამყარო გამუდმებით საფრთხის ქვეშაა. იქნებ დადგა დრო, ვკითხოთ საკუთარ თავს, თავად ხომ არ ვაკეთებთ ყოველდღე ისეთ რამეს, რასაც მუდმივი კონფლიქტებისკენ მივყავართ? როგორ გავხდეთ უკეთესები და როგორ დავივიწყოთ აგრესია?
მიმაჩნია, რომ საწყისთა საწყისიდან უნდა მოვყვეთ, ანუ ბავშვებიდან! ძალიან მალე სწორედ ისინი გახდებიან ამ პლანეტის მმართველები და მათი გადასაწყვეტი იქნება, განაგრძონ აგრესია თუ სიხარულსა და მშვიდობაში იცხოვრონ.
მახსოვს, როგორ შოკში ვიყავი, როცა გავაცნობიერე: ჩვენ გვმართავენ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ ღვთაებრივი წინასწარმეტყველებისა და სიბრძნის უნარი. ისინი ჩვენნაირები არიან — თავიანთი სისუსტეებითა და ვნებებით, მაგრამ ხელთ უპყრიათ ძალაუფლება. რატომ იღებენ ეს ადამიანები ესოდენ უვარგის გადაწყვეტილებებს? ბუნებითი ბოროტების გამო ხომ არა?
მე ასე არ მგონია. ბავშვი დაბადებისას არც კარგია და არც ცუდი. მაშ, ვინ წყვეტს, როგორი იქნება ის შემდგომში — კეთილი და გულისხმიერი თუ სასტიკი და გულქვა მარტოხელა მგელი?
ამას ჩვენ, მათი მშობლები ვაკეთებთ — ადამიანები, რომლებმაც ბავშვებს სიყვარული უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ზოგჯერ, ჩვენივე სურვილის წინააღმდეგ, საპირისპიროს ვაკეთებთ.
ერთხელ ერთი პასტორის მეუღლეს შევხვდი, რომელმაც მითხრა: მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბავშვების გაროზგვა ძალიან გავრცელებული მეთოდი იყო, როცა პირველი შვილი შემეძინა, ცემის სარგებლიანობის საერთოდ არ მჯეროდა…
მაგრამ მოგვიანებით, როცა ბავშვი 4 თუ 5 წლისა გამხდარა, რაღაც ისეთი ცელქობა ჩაუდენია, რომ პასტორის ცოლს პრინციპებისთვის უღალატია და პირველად ცხოვრებაში შვილის გაროზგვა გადაუწყვეტია. ბავშვი თავად გაუშვია ეზოში წკეპლის მოსატანად.
ბიჭს კარგა ხანს დაგვიანებია და როცა დაბრუნებულა, სახე ერთიანად ცრემლებით ჰქონია სველი. მისულა და დედისთვის უთქვამს:
„დედიკო, წკეპლა ვერ ვიპოვე, მაგრამ ქვა მოგიტანე და შეგიძლია მესროლო“.
და ამ დროს დედას ცხოვლად შეუგრძვნია ბავშვის თვალით აღქმული ვითარება: თუ დედას უნდა ტკივილი მომაყენოს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გააკეთებს ამას — წკეპლით თუ ქვით?! დედას შვილი კალთაში ჩაუსვამს და ერთად უტირიათ. მერე კი ბიჭის მოტანილი ქვა სამზარეულოს თაროზე შემოუდია, რათა მუდმივად ხსომებოდა, რომ ძალადობა გამოსავალი არ არის.”
👉 ნაწყვეტი ყველასთვის უსაყვარლესი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის სიტყვიდან, რომელის 1978 წელს, “მშვიდობის პრემიის” გადაცემისას წარმოთქვა. ამის შემდეგ შვედეთში კანონმდებლობა შეიცვალა და სრულად აიკრძალა ბავშვების ფიზიკური დასჯა ოჯახებშიც და სკოლებშიც. ამ მხრივ, შვედეთი პირველი ქვეყანა იყო.