fbpx

”აღზარდეთ შვილები და ნუ გაზრდით მხოლოდ”

ავტორი ჟოლო
126 ნახვა

დღეს რუსთაველის მეტროსთან ბექას ველოდებოდით მე, გიორგი და ანა.
იქვე რამდენიმე პატარა ბიჭი ერთობოდა – ეგრედ წოდებულ ასაფეთქებლებს უყრიდნენ მეტროს წინ მდგომ გოგონებს და აშინებდნენ.
მერე ერთ-ერთი მოვიდა ჩემთან, ბოლით სავსე ბოთლით და შემეკითხა – ძმა პლანი არ გინდა?
მე არც ვაციე, არც ვაცხელე და კითხვა შევუბრუნე – ყური რომ აგახიო არ გინდა?..
ვკითხე რამდენი წლისები იყვნენ – თერთმეტისო ბოთლიანმა ბიჭმა მიპასუხა.
მერე იფიქრეს – სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო და წავიდნენ.

გამიკვირდა – თერთმეტი წლისამ “პლანი” რა იყო რა ვიცოდი, მით უმეტეს ბოთლით, რომ “ბოლდებოდნენ.”
აი, ჩვენი ელიტა და ნაღები საზოგადოება, რომ ითხოვდა ლეგალიზაციას და კიდევ არანაღები და არაელიტური საზოგადოება – ისინი უნდა დავაყენო, ვაყურებინო და ვასმენინო იმ ბავშვისნაირების საქციელი და საუბარი.
ეგაა ბიძიკო თქვენი ტელევიზიები და ინტერნეტები და მამაძაღლობები.
მიეცით ასეთი მაგალითი ახალ თაობებს და ამ დედანატირებ ქვეყანას უფრო დედა უტირეთ.

გზა გავგარძელეთ მე და გიორგიმ და პარლამენტის წინ, კიბეებზე ჩამოჯდარ იგივე ასაკის ბიჭს შევხვდით, რომელსაც ძალიან სქელი გამადიდებელი სათვალე ეკეთა. ბიჭი იჯდა და წიგნს კითხულობდა. გული ჩამეწვა და ვთქვი კიდეც – ამ ბავშვს უნდა აკლდეს მხედველობა და მე ესე დავდიოდეო?!


გამიხარდა, რომ ასეთი კარგი ბავშვებიც არიან, რომ არიან ქართველი დედები და მამები, რომლებმაც იციან შვილების სწორად აღზრდა და არა გაზრდა. ვიხსენებ იმ ბავშვს და მიხარია, მაგრამ იქამდე ნანახი ბოთლიანი ბიჭი უფრო მეტად მტკივა. იმ წიგნიან ბიჭს, ალბათ თანატოლები ხშირად აიგდებენ მასხრად და დაცინვასაც დაუწყებენ. ბოთლიანი კი ასე ვთქვათ “პარადის წამყვანი” იქნება და “კაი ტიპი.” ღმერთმა ქნას სხვანაირად იყოს და ვცდებოდე.

ახალგაზრდა დედებო, მამებო, ნათლიებო – აღზარდეთ თქვენი შვილები, აღზარდეთ და ნუ გაზრდით მხოლოდ.
გაზრდით ალვის ხეც იზრდება, მაგრამ რა ხეირი?
ჩამოხმება და მოსაჭრელი გახდება, არანაირი სარგებელი მას არ ექნება.

სიყვარული ჩაუნერგეთ ყველასა და ყველაფრის მიმართ, ფიქრს მიაჩვიეთ, აზროვნებას, ზრდილობას, რა თქმა უნდა, ბავშვი მხიარული უნდა იყოს, ზოგჯერ გიჟიც, მაგრამ უზრდელი არა.

აჰა, ესეც ჩემი შეგონებაი და დამოძღვრაი.
სასაცილოდ გაიხდის ბევრი – მე გული შემიწუხდა და გულით ვთქვი, აწი თქვენ იცით.

 

                                                                                     თორნიკე ნაროზაული

მსგავსი სტატიები

Leave a Comment