გილოცავთ თანამებრძოლებო! შევასრულეთ ჩვენი მისია და პირობა და ჩვენ გავიმარჯვეთ! როგორც ექვთიმე არ გატყდა, ისე ჩვენ არ გავტყდით ამ 2,5 წლის მანძილზე. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად ბოლომდე ვიბრძოლეთ და გავაცოცხლეთ ექვთიმე თაყაიშვილისა და ქართული საგანძურის გამორჩეული ისტორია. 2017 წლის 15 სექტემბერს, ფილმის გადაღებების ბოლო დღეს მე მივხვდი, რომ ქართული საზოგადოების ერთად დგომას უდიდესი ეროვნული საქმეების კეთება შეუძლია!!! მინდა ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის ყველა წევრსა და სრულიად ექვთიმეს ლაშქარს, თითოეულ ქველმოქმედ მხარდამჭერს გადაგეხვიოთ, გულითადი მადლობა გითხრათ ასეთი ნდობისა და ერთგულებისთვის. ჩვენ შეუძლებელი შევძელით და ვფიქრობ, სრულად მივაგეთ ჩვენი პატივისცემა და სიყვარული ქართველი ერისა მსოფლიოს გამორჩეულ, სამაგალითო და პატრიოტ პიროვნებას – ექვთიმე თაყაიშვილს “ღვთისკაცს”! შევხვდებით მალე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის კინოთეატრებში.