ინტელექტის კოეფიციენტი იგივე IQ ტესტი თითქმის ყველა ადამიანისთვის ნაცნობია, თუმცა შესაძლოა ბევრმა არ იცის რას წარმოადგენს, ვინ და რისთვის შექმნა ის. განათლება კაცობრიობისთვის ჯერ კიდევ 1000 წლის წინ გახდა მნიშვნელოვანი თემა, თუმცა მეოცე საუკუნემდე განათლების დონის განსაზღვრის საშუალებაზე არავის უზრუნია.
ალფრედ ბინე არის ადამიანი, რომელსაც კაცობრიობა ინტელექტის კოეფიციენტის განმსაზღვრელი ტესტის შექმნას უნდა უმადლოდეს. 1900-იან წლებში საფრანგეთის მთავრობამ სთხოვა ბინეს დახმარება რათა გამოერკვიათ, რომელ მოსწავლეებს შეექმნებოდათ პრობლემები სკოლაში. ამ დროს საფრანგეთის მთავრობას ახალი მიღებული ჰქონდა კანონი სასკოლო განათლების მიღების აუცილებლობის შესახებ.
ბინემ და მისმა კოლეგამ თეოდორ საიმონმა დაიწყეს ისეთი კითხვების შემუშავება, რომლებიც სკოლის პროგრამასთან კავშირში არ იყო, მაგალითად ყურადღება და პრობლემების გადაწყვეტის უნარები. ამ კითხვების საშუალებით ბინემ შეძლო გამოეცალკევებინა მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში წარმატებას მარტივად მიაღწევდნენ. მან აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი მოსწავლე გაცილებით უფრო რთულ და მაღალი დონის შეკითხვას სცემდა პასუხს ვიდრე ისინი, რომლებსაც ასაკის მიხედვით ეს უნდა შესძლებოდათ. ამაზე დაყრდნობით მან შექმნა ე.წ. მენტალური ასაკის კონცეფცია.
სწორედ ბინე-საიმონის ტესტია ის, რომელიც დღემდე აქტიურად გამოიყენება. უნდა აღინიშნოს, რომ თავად ბინეს მისი ტესტის წარმატების არ სჯეროდა, რადგან მიაჩნდა, რომ ინტელექტი გაცილებით უფრო ღრმა ცნებაა.
როდესაც ბინე-საიმონის შკალა აშშ-ში შეიტანეს სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ლუის ტერმანმა მისი ამერიკულ სტანდარტებზე მორგება გადაწყვიტა და გარკვეული ცვლილებები შეიტანა. ის პირველად 1916 წელს გამოაქვეყნდა და სტენფორდ-ბინეს ტესტი ეწოდა. ტესტი და გარკვეული გათვლებით აჩვენებდა საბოლოო ქულას. გამოთვლის წესი კი ასეთი იყო: ადამიანის მენტალური ასაკი იყოფოდა ქრონოლოგიურ ასაკზე და მრავლდებოდა 100-ზე. ტესტის ეს სახეობაც დღემდე პოპულარულია.