fbpx

“ნუ იცხოვრებ ნახევრად” – ჯიბრან ხალილ ჯიბრანი

ავტორი ჟოლო
2.6K ნახვა

ნახევრად შეყვარებულს ნუ შეიყვარებ და ნახევრად დამეგობრებულს ნუ ემეგობრები,

ნახევრად გენიალურს ნუ წაიკითხავ,

ნუ იცხოვრებ ნახევარი სიცოცხლით და ნურც მოკვდები ნახევარი სიკვდილით,

ნახევრად მოგვარებას ნუ ამჯობინებ და ნახევარ ჭეშმარიტებას ნუ დასჯერდები,

ნახევრად ნუ იოცნებებ და ნურც ნახევრად დაიიმედებ თავს,

თუ დუმხარ, მდუმარე იყავ ბოლომდე და თუ საუბრობ, ბოლომდე ისაუბრე.

ნუ დუმხარ საუბრისთვის და ნურც მდუმარებისთვის საუბრობ.

თუ კმაყოფილი ხარ, გამოხატე კმაყოფილება და ნუ გაინახევრებ მას.

თუ უარყოფ, გამოხატე შენი უარყოფა, რადგან ნახევარი უარყოფა თანხმობაა.

სინახევრე ცხოვრებაა, რომელიც არ გიცხოვრია, სიტყვაა, რომელიც არ გითქვამს, სხვა დროისთვის გადადებული ღიმილია, სიყვარულია, რომელსაც არ შესწვდი და მეგობრობაა, რომელიც არ შეიცან.

სინახევრე ეს ისაა, რაც გაუცხოვებს შენ ახლობლებისგან და მათაც აუცხოვებს შენგან.

სინახევრე ხომ ესაა, რომ მიხვიდე კიდეც და თან არ მიხვიდე, რომ გააკეთო კიდეც და თან არ გააკეთო, რომ არ იყო და იყო კიდეც.

სინახევრე – ეს შენ ხარ მაშინ, როცა შენ შენ არ ხარ, იმიტომ, რომ არ იცი ვინ ხარ.

სინახევრე – ეს შენ ხარ მაშინ, როცა არ იცი ვინ ხარ, ის კი, ვინც გიყვარს, არაა შენი მეორე ნახევარი, ეს შენ ხარ სადღაც, სხვაგან, იმავდროს.

ნახევარი ყლუპი, – წყურვილს ვერ მოგიკლავს და ნახევარი ულუფა, – შენს შიმშილს ვერ მოერევა, ნახევარი გზა,- ვერსაით წაგიყვანს და ნახევარი ფიქრი, – ვერანაირ შედეგს გამოიღებს.

სინახევრე შენი უძლურების წამია, შენ კი უძლური არ ხარ,

იმიტომ, რომ შენ არა ხარ ნახევარი ადამიანი, შენ ადამიანი ხარ, ცხოვრობ სიცოცხლისთვის და არა – ნახევარი სიცოცხლისთვის.

თარგმნა ლადო ზირაქაშვილმა

მსგავსი სტატიები

Leave a Comment