ოქროს სინათლის მედიტაცია მარტივი მეთოდია, უნდა მოახდინოთ თქვენი ენერგიის ტრანსფორმირება და მიმართოთ ის ზევით. ეს პროცესი, სულ მცირე, დღეში ორჯერ უნდა გაიმეოროთ.
საუკეთესო დრო ადრიანი დილაა, სანამ საწოლოდან ადგებით. როცა იგრძნობთ, რომ გაიღვიძეთ და ფხიზლად ხართ, გააკეთეთ ეს 20 წუთი. გააკეთეთ დაუყოვნებლივ, იქ და იმ დროს, რადგან, როცა იღვიძებთ, ძალიან მგრძნობიარე ხართ და ადვილია მიღება.
როცა იღვიძებთ, გონება სუფთაა და ზემოქმედებაც ძალიან ღრმა იქნება. როცა ძილის მდგომარეობიდან გამოდიხართ, თქვენს გონებაში მეტი „ცარიელი ადგილია“, რომელთა გავლითაც ეს მეთოდი თქვენი ქვეცნობიერის სიღრმეებში შეაღწევს.
ადრიან დილით, როცა თქვენ და მთელი დედამიწა იღვიძებს, მთელ მსოფლიოში წარმოიშობა გაღვიძების ენერგიის დიდი ნაკადი. გამოიყენეთ ეს ნაკადი, ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა.
უძველესი რელიგიის მიმდევრები დილაადრიან ლოცულობდნენ, მზის ამოსვლისას, რადგან მზის ამოსვლა ყველა ენერგიისა და არსებობის აღმასვლას ნიშნავს. ამ დროს, თქვენ შეგიძლიათ აჰყვეთ მზარდი ენერგიის ტალღას, ეს უფრო ადვილი იქნება. საღამოს ეს უფრო რთულია, რადგან ენერგიები დაბლა იწევს. ამ შემთხვევაში, მოგიწევთ ნაკადს შეეწინააღმდეგოთ. დილით კი ნაკადს აჰყვებით.
ზურგზე დაწექით, ისე, როგორც საწოლში წევხართ. თვალები დახუჭეთ. ჩასუნთქვისას წარმოიდგინეთ, რომ მთელ სხეულში, თქვენი თავიდან, სინათლის მძლავრი ნაკადი შემოდის. თითქოს მზე თქვენს თავთან ძალიან ახლოს ამოვიდა. თითქოს შიგნიდან სიცარიელე გაქვთ და ოქროსფერი სინათლე შემოდის თქვენს თავში, ძალიან ღრმად და თქვენი ფეხის თითებიდან გამოდის.
შესუნთქვისას მოახდინეთ ამის ვიზუალიზაცია, ეს ოქროსფერი სინათლე დაგეხმარებათ, ის გაწმენდს მთელ თქვენს სხეულს და მას მთლიანად შემოქმედებითობით აავსებს. ეს მამაკაცური ენერგიაა.
ამოსუნთქვისას, წარმოიდგინეთ სხვა რამ: სიბნელის ნაკადი შემოდის თქვენი ფეხის თითებიდან. დიდი მუქი ფერის მდინარე შემოდის თქვენი ფეხის თითებიდან და თქვენი თავიდან გამოდის. ნელა ისუნთქეთ, რათა ვიზუალიზაცია შეძლოთ. ეს ქალური ენერგიაა. ეს დაგამშვიდებთ, გაგხდით უფრო მიმღებს, დაწყნარებულს და დასვენებულს.
გააკეთეთ ეს ნელა, ახალ გაღვიძებულზე თქვენი სუნთქვა ძალიან ღრმა და ნელი იქნება, რადგან სხეული დასვენებული და მოდუნებულია. მეორე საუკეთესო დრო არის ღამით, როცა დასაძინებლად მიდიხართ. დაწექით საწოლზე, რამდენიმე წუთით მოდუნდით. როცა იგრძნობთ, რომ სადღაც ძილსა და ღვიძილს შორის ხართ, დაიწყეთ ეს პროცესი. გააკეთეთ ის 20 წუთის განმავლობაში. თუ ამ პროცესის დროს ჩაგეძინებათ, ეს ყველაზე კარგია, რადგან ზემოქმედება დარჩება ქვეცნობიერში და განაგრძობს მუშაობას.
თუ ამ მარტივ მეთოდს სამი თვის განმავლობაში გამოიყენებთ, გაოცდებით – ძალისხმევა არც კი დაგჭირდებათ, ტრანსფორმაცია თავისთავად მოხდება.
ოშო – საიდუმლოთა საიდუმლო