fbpx

„რა იცით.. იქნებ “ფსკერზე” თქვენს მარგალიტს პოულობთ?!“

ავტორი ჟოლო
714 ნახვა

ხშირად, როდესაც გვინდა რაღაცას უფრო მეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ, უფრო მეტად ჩავწვდეთ, ან ძვირფასად წარმოვაჩინოთ, ვიყენებთ სიტყვა “სიღრმეს”.. პრინციპში “ჩაწვდომაც” და “ჩაღრმავებაც” ისრის მიმართულებას ქვემოთ მიუთითებს და არა ზემოთ. როდესაც გვინდა ადამიანს ვაგრძნობინოთ, რამდენად ძვირფასია, ვეუბნებით: “მე ვხედავ შენი სულის სიღრმეს”.. როდესაც გვინდა სიყვარული გამოვხატოთ, ვეუბნებით რომ მისი თვალების სიღრმე გვიზიდავს, და ამ ყველაფრით ჩვენს “ღრმა გრძნობას” გამოვხატავთ მის მიმართ.. ბრძენ ადამიანს ხშირად მოვიხსენიებთ როგორც “ღრმა ადამიანს”.

სცადეთ და იგივე აზრი ჩადეთ სიტყვებში: “მე ვხედავ შენს თვალებში სიმაღლეს”.. ან “ჩემი გრძობები შენს მიმართ მაღალია”.. არ გამოგივათ.

ჩვენ ხშირად ვამბობთ (უფრო სწორედ ვიმეორებთ ბევრჯერ და ბევრისგან თქმულ სიბრძნეს), რომ უნდა ჩავწვდეთ საკუთარ თავს და ჩვენში, ჩვენ სიღრმეში ვიპოვოთ ის, რისთვისაც ამ რეალობას მოვევლინეთ, სადაც მთელი ჩვენი არსებობის აზრი და არსი დევს.. ჩვენ საკუთარ თავში უნდა ჩავყვინთოთ და ვიპოვოთ ეს “მთავარი”.

ჩვენ ხშირად ვიხსენებთ “მარგალიტს”, რომლის არსებობის შესახებაც იმ ბრძენი ადამიანებისგან შევიტყვეთ, ვინც თავის დროზე “ჩაყვინთა” საკუთარ თავში და იპოვა ის.

ჩვენ უბრალოდ ვიმეორებთ, ვიმეორებთ, ვიმეორებთ.. და არ ვუკვირდებით თავად ამ სიტყვის არსს – “სიღრმეს”, რომელიც თავის თავში უკვე მოიცავს ფსკერს. ის “მარგალიტიც” ხომ სწორედ იმ ფსკერის ბინადარია, ყველაზე ქვედა ზღვარის, ყველაზე მიტოვებული, უკაცრიელი, უდაბური და ბნელი ადგილის.. ფსკერის, სადაც ჩაყვინთვისაც მაინც ბევრს ეშინია (მიუხედავად ცურვის ცოდნისა, რომელსაც მხოლოდ ზედაპირზე იყენებენ). ჩვენი უსასრულო გამეორებები სწორედ ასეთ ცურვას მაგონებს, ტალღების ზედაპირზე ფართხალს, რომელსაც სუნთქვის შეკავება და ჩაყვინთა აზრადაც არ მოსდის თავში.
მახსენდება სიტყვები (არ მახსოვს ვისი): სიცოცხლე იზომება არა ჩასუნთქვა – ამოსუნთქვის რაოდენობით, არამედ რამდენჯერ შეგვეკვრება სუნთქვა ბედნიერებისგანო..

ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ “სულის სიღრმეზე”, საკუთარი თავის ძიებაზე ჩვენივე სიღრმეში, და ვერ ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ამ სიღრმეს ფსკერამდე ჩავყავართ, იმ ფსკერამდე, რომელსაც ბევრი სწორედ საკუთარი თავის ძიების დროს გაურბის, ვინაიდან “სიღრმე” მათთვის (რატომღაც) პირდაპირ სიმაღლესთან ასოცირდება. ზედაპირზე ცურვა ამ კონკრეტულ შემთხვევაში “სიმაღლედ” ნამდვილად ვერ ჩაითვლება, პირდაპირი გაგებით – ზედაპირულად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ცოტა ხნით გადავდებ სიტყვა “სიღრმეს” და “ფსკერს” გამოვიყენებ.
რა ხდება ფსკერზე??
რა ხდება, როდესაც ვცდილობთ შევიჭყიტოთ ჩვენი სულის იმ ბნელ კუთხეებში, სადაც კომფორტულად მოთავსებულან შიშები, ფობიები, ეჭვები, წყენები, სიძულვილები?.. რა ხდება, როდესაც “სულს გვიტრიალებენ ზედაპირზე”?..

…ვთავისუფლდებით!!!

ვთავისუფლდებით ყველაფრისგან, მტვრისგან, ჭუჭყისგან, ნაგვისგან.. რომელიც “შავი მარგალიტის” დანახვაში გვიშლიდა ხელს. ამღვრეულ წყალში ხილვადობა თითქმის ნულის ტოლია, წყალი გამჭვირვალე უნდა იყოს. სიბრძნე სხვა არაფერია, თუ არა გათავისუფლებული სული… ნუ შეგეშინდებათ ღრმად ჩასუნთქვის და ჩაყვინთვის, ნურც იმისი, თუ უცებ ცხოვრება ამოგიტრიალდათ და ყველაფერი თავდაყირა დადგა, რა იცით.. იქნებ “ფსკერზე” თქვენს მარგალიტს პოულობთ?!

ემა ომანაძე

Emma

მსგავსი სტატიები

Leave a Comment