fbpx

“სიყვარული არ უყურებს წლებს და სილამაზეს”

ავტორი ნინო გონგაძე
862 ნახვა

უკვე ერთი კვირაა დილით ეზოში ჩასულს, სკვერთან რომ პატარა ხის სკამი დგას, აი იქ, მოხუცი მეეზოვე მხვდება. სახე უღიმის, ღიმილი კი იმდენად მზიანი და თბილი აქვს, რომ გულამდე აღწევს… ეზოს დალაგებას რომ ამთავრებს, მოხუცი გამყიდველისგან მინდვრის პატარა თაიგულს და შოკოლადის ორცხობილას ყიდულობს, თან თავისთვის კმაყოფილი ჩაილაპარაკებს ხოლმე: “ჩემს ქალს როგორ გაუხარდება”…

ხოდა ისე მოხდა, რომ ცოტა ადრიანად მოუწია ეზოს გასუფთავება ხმელი ფოთლებისგან და ჩემს გვერდით, სკამის კიდეზე ჩამოჯდა (ეს ერთადერთი მშრალი სკამი იყო, რომელიც მაღალი მუხის ხის მეშვეობით წვიმას გადაურჩა). ინტერესით გავხედე მოხუცს, ორცხობილა უკვე ეყიდა და კალთაში ედო, ყვავილების გამყიდველს ელოდებოდა.

– ხომ არ გაწუხებ აქ რომ ვზივარ, შვილო? – მკითხა თბილი ხმით.

– არა, რას ამბობთ… – მივუგე უმალვე.

– საათს ხომ ვერ მეტყვი?

– ცხრას თხუთმეტი უკლია. – ვუპასუხე სწრაფადვე. ვიცი, რატომაც მკითხა, ყვავილების გამყიდველი ცხრაზე მოდიოდა მუდამ. – შეიძლება რაღაც გკითხოთ? – ცნობისმოყვარეობა ვეღარ დავმალე.

– გისმენ, გენაცვალე.

– ყვავილებს ყოველდღე ყიდულობთ, ხომ?

– აააა… – ჩაიღიმა… – ჰო, ყოველდღე… ჩემს ქალს მინდვრის ყვავილები ძალიან უყვარს, ხოდა სანამ შემიძლია მინდა გავახარო… უკვე მოხუცები ვართ, შვილები თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ, ჩვენ კი ერთმანეთის მეტი არავინ გვყავს…

– რამდენი შვილი გყავთ?

– ორი, გოგო და ბიჭი, უკვე დიდები არიან, უცხოეთში ცხოვრობენ და იქ მუშაობენ, ორივეს თავისი ოჯახი ჰყავს… არაფერს გვაკლებენ, მაგრამ მე მაინც მიყვარს სახლში ჩემს მეუღლეს ჩემი შრომით ნაშოვნი ფულით ნაყიდ ყვავილებს რომ ვჩუქნი…

– ასე ძალიან გიყვართ თქვენი მეუღლე? – წამოვიძახე გაოცებით და ის ის იყო უნდა მომებოდიშებინა, რომ კაცმა მიპასუხა.

– ახლა უფრო მეტად, ვიდრე იმ დღეს, თეთრი კაბა რომ ეცვა… ახლა უფრო ლამაზი მეჩვენება მისი სახე, მიუხედავად ნაოჭებისა და ჭაღარა თმისა ვიდრე ორმოცდაათი წლის წინათ იყო.

– რა საოცარია… – ვთქვი აღტაცებით.

– გინდა ერთი საიდუმლო გითხრა?

– დიახ, მთელი გულით გისმენთ…

– სიყვარული არ უყურებს წლებს და სილამაზეს; რაც დრო გადის ადამიანი უფრო ახლობელი და უფრო შენიანი ხდება; გამოვლილმა წლებმა ჩვენც ერთი გული და ერთი სული ჩაგვიდგა… მთავარია გვერდით ის გყავდეს, ვინც ჩაჭიდებულ ხელს აღარასოდეს გაგიშვებს.

ია კარგარეთელი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment