მშვიდი და ლამაზი დილა გათენდა, აქ რომ იცის ისეთი. თვალს ახელ და ბედნიერების ტალღა გელამუნება. რა ცოტაა პრობლემა და რა ბევრი სიხარული. გავდივართ გარეთ და… ბედნიერი სახეები მრავლდება. აი, ერთი… ორი… სამი… Hi – გესალმება სრულიად უცნობი ადამიანი და გრძნობ როგორ გეღვრება გულში სითბო.
მივუყვებით ჰუმბლეს ათასჯერ გათელილ გზებს და ვგრძნობ, რომ მიყვარს, მიყვარს ეს სილამაზე, სიმშვიდე, ეს მომაჯადოვებელი სახლები, ჯადოსნური ეზოები მხოლოდ ცოცხალი მცენარეების მესერი რომ აქვთ გარშემორტყმული, ეზოში გაშხლართული მზეს დახარბებული ბებოები, ის გოგო-ბიჭები სუპერმარკეტში ყოველდღე რომ გხვდებიან და ისე გესალმებიან თითქოს ძალიან ახლობელი ხარ, უცნაურ პატივისცემას გრძნობ, ძალიან ცდილობ მათსავე ენაზე დაელაპარაკო, ჩაისუნთქავ ბედნიერებით გაჟღენთილ ჰაერს, გადახედავ ქუჩაში ფეხშიშველა მოტანტალე გოგოს, მინდორში გაგორდები და ხვდები ესაა თავისუფლება, ესაა ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს.
დანია – სკანდინავიური სახელმწიფო ცივი ჰავით და თბილი ხალხით. აქ ყველაფერი თავისებურია, უცნაური. დანიაში ვერ გაოცდებით არქიტექტურული შედევრების სიმრავლით (თუმცა დედაქალაქში არაერთი უძველესი შენობაა), მაგრამ ნამდვილად გაოცდებით წესრიგით. საოცარი სისუფთავე სუფევს ყველგან. დადიხარ ქუჩებში და გაოცებს მარადიული სიმწვანე, ფილტვებს რომ სუფთა ჰაერით გივსებს.
წყალი… წყალი… წყალი… დანია 300-მდე კუნძულს მოიცავს, თუმცა აქედან დაახლოებით ნახევარია დასახლებული. ზოგიერთი კუნძული იმდენად პატარაა სულ რამდენიმე ქალაქსა და სოფელს მოიცავს, აქ ირგვლივ ყველგან ზღვაა, მაგრამ… ზაფხულში, როდესაც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28 გრადუსია ზოგჯერ არც კი გახსენდება, რომ შეგიძლია სანაპიროზე წამოწვე. აგვისტოს ბოლოსკენ თბილ ქურთუკს რომ შემოისხამ, მაშინ კი შეიძლება ძალიან მოგენატროს მზიანი საქართველო :))
ქვეყნის მასშტაბით გადაადგილების საუკეთესო საშუალება მატარებლით მგზავრობაა, რომელიც სხვათაშორის საკმაოდ ძვირი ღირს. თითოეულ გაჩერებასთან ფანჯრიდან უამრავ ველოსიპედს ხედავ. დიახ, ამ გაჩერებიდან ხომ საჭიროა დანიშნულების ადგილამდე მისვლა, ეს ველოსიპედები მათ ეკუთვნით, ვინც სამსახურში ან უნივერსიტეტში სხვა ქალაქიდან დადის. აქ აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა სამუშაოდ სხვა ქალაქში სიარული.
პირველი რაც დანიაში მატარებელში მოხვედრისას თვალში მოგხვდებათ არიან მგზავრები გადაშლილი წიგნებით. ჰო, ამ ქვეყანას მსოფლიო ლიტერატურისთვის გენიოსები არ უჩუქებია, თუ არ ჩავთვლით ჰანს კრისტიან ანდერსენს, რომელიც საბავშვო ლიტერატურისთვის ნამდვილად ერთ-ერთი საინტერესო ფიგურაა, თუმცა წიგნიერებასა და განათლებაში ნამდვილად რთულია მათ შეეჯიბრო.
მგზავრობის შთაბეჭდილებები კიდევ ცალკე თემაა. მიდიხარ რომელიღაც სახმელეთო ტრანსპორტით, ცოტა შორ მანძილზე, წინ გზა გიდევს, გაიხედავ და დაინახავ ვრცელ ზღვას, ამ დროს თითქოს რაღაც ძალა წყალს შუაზე ყოფს და შენ მიაბიჯებ. ჰო, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, არის ადგილები, სადაც მოასფალტებული გზა წყალს ისე ჰყოფს სულ პატარა ჯებირიც კი არ გაშორებს მისგან. წყალზე მოტივტივე პატარა-პატარა ნავებიც ძალიან ხშირად შეგხვდებათ, წყლის ზედაპირი ისე რომ დაუფარავთ ზოგჯერ გიჭირს გააზრება, რომ მის ქვეშ ხმელეთი არაა…
…ერთ მშვენიერ დილას მეზობელ ქალაქში მივდივართ. მეზობელი პირობითად, თორემ დახლოებით 1 საათის გზა გვიდევს წინ. ავტობუსში ჩვენს წინ ორი ახალგაზრდა გოგონა ზის, საუბრობენ, ერთმანეთის შესახებ არაფერი იციან, ჰო, ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ საუბრობენ. თუ მათი ენა არ გესმით, იფიქრებთ, რომ დიდი ხნის მეგობრები არიან. იცინიან, უზიარებენ ერთმანეთს ისტორიებს, მერე ერთ-ერთი ჩადის და მეორეს თავისთან ეპატიჟება… სიგიჟეა, ჩემი სოფლის ავტობუსი მახსენდება J ნუ, შედარება ალბათ უხერხულია, მაგრამ უფრო თვალსაჩინოდ არ ვიცი როგორ შეიძლება დაინახოს ადამიანმა „ცივი სკანდინავიელების“ რეალური სახე. გამოელაპარაკო სრულიად უცნობ ადამიანს, მიესალმო თუნდაც ერთხელ შემთხვევით შეხვედრილს აბსოლუტურად ნორმალური და მისაღები ქმედებაა.
გაინტერესებთ რაიმე? უბრალოდ იკითხეთ (სხვათაშორის აქ მოსახლეობის თითქმის 95% შესანიშნავი ინგლისურით საუბრობს) და შესაძლოა დანიშნულების ადგილამდე თავადაც მიგაცილონ.
“თეთრი ღამეები” – კიდევ ერთი ჯადოსნური ფენომენი ამ ქვეყანაში. ზაფხულის მშვენიერ, გრილ საღამოს გამწვანებულ ეზოში რომ დაჯდები და ისე ჩაგიქროლებს რამდენიმე საათი ვერც კი მიხვდები რომ ღამე მოსულა, რაღაც უცნაურად სასიამოვნო შეგრძნებაა.
გინდა იყო ბედნიერი? – ესტუმრე დანიას…
ავტორი: ანი ყაზაიშვილი
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”21647″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1466421111005″]