ერთმა ვაჭარმა ბედნიერების საიდუმლოს გასაგებად შვილი ყველაზე დიდ ბრძენთან გააგზავნა. ყმაწვილი ორმოცი დღე უდაბნოში მიდიოდა. ბოლოს როგორც იქნა, მთის წვერზე მდგარ მშვენიერ სასახლეს მიადგა. ბრძენთაბრძენი სწორედ ამ სასახლეში ცხოვრობდა.
შიგნით რომ შევიდა, ყმაწვილი დარბაზში აღმოჩნდა, სადაც ცხოვრება დუღდა და გადადუღდა: ვაჭრები შედიოდნენ და გადიოდნენ, კუთხეში ვიღაცები იდგნენ და ლაპარაკობდნენ, ორკესტრი ტკბილ ჰანგებს უკრავდა, მაგიდაზე კი ყველაზე გემრიელი კერძებით დამშვენებული სუფრა გაეწყოთ. ბრძენი ხან ვის ესაუბრებოდა, ხან ვის, ამიტომ ყმაწვილი დიდხანს ელოდა მასთან შეხვედრას.
მისი რიგი რომ მოვიდა, ბრძენმა მას ყურადღებით მოუსმინა, მაგრამ ახლა შენთვის ბედნიერების საიდუმლოს გასამხელად დრო არა მაქვს, წადი, სასახლეში ისეირნე და ორი საათის შემდეგ მოდიო, უთხრა.
– ერთი თხოვნაც უნდა შემისრულო, – დასძინა მან, ყმაწვილს მომცრო კოვზი გაუწოდა, ზედ კი ორი წვეთი ზეთი დააწვეთა, – სეირნობისას ეს კოვზი ისე გეჭიროს, რომ ზეთი არ დაიღვაროს.
ყმაწვილი სასახლის კიბეებზე ადიოდა და ჩადიოდა, თან კოვზს თვალს არ აშორებდა. ორი საათის შემდეგ ბრძენთან დაბრუნდა.
– როგორ ისეირნე? – ჰკითხა მან, – ჩემი სასადილო ოთახის სპარსული ხალიჩები თუ ნახე? იმ ბაღში თუ იყავი, რომელსაც მთავარი მებაღე ათი წელი ქმნიდა? ჩემი ბიბლიოთეკის მშვენიერი პერგამენტები თუ დაათვალიერე?
შემცბარი ყმაწვილი ბრძენს გამოუტყდა, რომ არაფერი ენახა, რადგან მთელი ყურადღება კოვზისკენ და ორი წვეთი ზეთისკენ ჰქონდა მიპყრობილი.
– კარგი. წადი და ახლა მაინც გაეცანი ჩემი სამყაროს საოცრებებს, – უთხრა ბრძენმა, – არ შეიძლება ენდო იმას, ვისი სახლის შესახებაც არაფერი იცი.
გულდამშვიდებულმა ყმაწვილმა კოვზი აიღო და ისევ სასახლეში სეირნობას შეუდგა. ამჯერად ის სასახლის ყველა საოცრებას, კედლებზე გამოფენილ ხელოვნების ყველა ნიმუშს ყურადღებით აკვირდებოდა. მოინახულა მთებით გარშემორტყმული ულამაზესი ბაღები, იხილა უნაზესი ყვავილები და შეიგრძნო ხელოვნების ნიმუშებით სასახლის მომრთველის გემოვნების სინატეიფე და მიხვდა, რომ ყველაფერი საჭირო ადგილზე იყო. უკან დაბრუნებულმა ნანახი დაწვრილებით აღუწერა ბრძენს.
– ის ორი წვეთი ზეთი სადაა, მე რომ ჩაგაბარე? – ჰკითხა ბრძენმა.
ყმაწვილმა კოვზს დახედა და ნახა, რომ მთელი ზეთი დაღვრილიყო.
– ამ ერთადერთი რჩევის მოცემა შემიძლია, – უთხრა ბრძენმა, – ბედნიერების საიდუმლო იმაშია, რომ წუთისოფლის ყველა საოცრებას ამჩნევდე და შენი ორი წვეთი ზეთიც არასოდეს დაივიწყო.
წყარო: http://absolutelyfreelevan.blogspot.com/