ამჯერად გიამბობთ ეგვიპტელ მუჰამედ მაშალიზე, მეორენაირად – „ღარიბების ექიმზე“, რომელიც 2020 წლის 28 ივლისს გარდაიცვალა, 76 წლის ასაკში.
სამედიცინო კოლეჯი 1967 წელს დაამთავრა და, თითქმის 50 წლის განმავლობაში, გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე, უფასოდ მკურნალობდა პაციენტებს ეგვიპტის ქალაქ ტანტაში. მეტიც – წამლების შესაძენ ფულსაც კი აძლევდა, მათ.
იფიქრებთ, მდიდარი კაცი იქნებოდა, დიდძალი ქონების პატრონიო, მაგრამ, ნურას უკაცრავად – სულს იქით კაპიკი არ ებადა და ყველაზე შეძლებულ პაციენტსაც კი მხოლოდ 1$_ის ექვივალენტურ თანხას ართმევდა.
ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იდგა რიგში, მის მოკრძალებულ კლინიკასთან, სადაც დოქტორ მუჰამედი სისხამ დილიდან გვიან საღამომდე ღებულობდა მათ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიეცა შვება.
მუჰამედ მაშალის არ ჰყავდა მანქანა, არ ჰქონდა მობილური ტელეფონი და, მიუხედავად ასაკისა, სიბერეშიც კი, ყოველ დილით ფეხით მიდიოდა სახლიდან კლინიკამდე.
ერთხელ, სპარსეთის ყურის ერთ-ერთმა მდიდარმა ადამიანმა, გაიგო რა ამ ექიმის ისტორია, 20 ათასი $ და მანქანა უფეშქაშა მას. რაოდენ დიდი იყო შეიხის გაოცება, როცა მომდევნო წელს, ეგვიპტეში ვიზიტისას, აღმოაჩინა, რომ ექიმმა ფული თავის ღარიბ პაციენტებს დაურიგა, ხოლო მანქანა – გაყიდა, რათა ამონაგებით, პაციენტებისთვის სისხლის უფასო ანალიზატორი ეყიდა.
მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს გაამხილა საკუთარი „საიდუმლო“: „როცა მედკოლეჯში ვსწავლობდი, მამაჩემი ავად გახდა, მაგრამ, იმის მაგივრად, რომ ემკურნალა, თავისი სამკურნალო ხარჯები ჩემი კოლეჯში სწავლისთვის გადაიხადა. მას შემდეგ, უფალს აღვუთქვი, რომ არასოდეს, ერთი ცენტიც კი არ გამომერთმია ღარიბისა და გაჭირვებულისათვის“.
„იყავი ადამიანი მანამდე, სანამ ექიმი გახდები“ – იყო მუჰამედ მაშალის სიცოცხლის დევიზი.
