23 აპრილს, 12:30 საათზე, „ახალი მზიურის“ ამფითეატრში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა გელა ჩარკვიანთან, სადაც ის ახალი წიგნის „ნაცნობ ქიმერათა ფერხულის“ შესახებ ისაუბრებს.
„ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ გელა ჩარკვიანის პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფიაა. უფრო სწორად, ავტობიოგრაფია, რომელიც საკმაოდ არაორდინარული და ხშირად დრამატული მოვლენების უშუალო მონაწილის მიერ იწერება.
წიგნს უამრავი პერსონაჟი ჰყავს. თხრობის პროცესში ისინი კონტრასტულად ენაცვლებიან ერთმანეთს, მაგრამ არსებობს ადგილი, სივრცე, სადაც ავტორი მათ შეკრებას ახერხებს: საბჭოთა საქართველოს უმაღლესი ხელისუფალის ოჯახი და ქვეყნის მეორე პრეზიდენტის კანცელარია.
ავტორი გულწრფელად გვიყვება ადამიანურ ისტორიებს, „ივენთებს“, რომლებმაც სხვადასხვა დროს მასზე გავლენა იქონიეს და ამ ყველაფერთან ერთად გვიზიარებს პროფესიონალის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ამ წიგნს განსაკუთრებულად საჭიროს და ღირებულს ხდის. წიგნის პრეზენტაცია მოგვიანებით “თიბისი” გალერეაში გაიმართება.