fbpx

„ძალიან ძნელი ყოფილა ამდენი ქების მოსმენა“ – გუჯა ბურდული

ავტორი ჟოლო
326 ნახვა

ოთხმოცამდე ფილმში ითამაშა, თუმცა მისი სახელის და გვარის გაგონებაზე, პირველად, თემურ ბაბლუანის „უძინართა მზეგახსენდება, სადაც მსახიობმა, ექიმი გელა ბენდელიანის დაუვიწყარი სახე შექმნა.                                                                                  გუშინ, რუსთაველის თეატრი ელგუჯა ბურდულის საიუბილეო საღამოს მასპინძლობდა. დარბაზი სავსე იყო მსახიობის მეგობრებითა და თაყვანისმცემლებით, ყვავილებითა და ემოციებით.

გუჯა ბურდულმა დაუვიწყარი ექიმის სახის შექმნამდე ცხოვრების მრავალფეროვანი გზა განვლო. სწავლობდა სამშენებლო ფაკულტეტზე. იყო საქართველოს სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი. ეუფლებოდა კარატეს, ბოქსს, ჰოკეის. მუშაობდა ბენზინგასამართ სადგურზე და ასევე მაშველად თბილისის ზღვაზე.

კინოში აქტიურად 1974 წლიდან ჩაერთო. არ უყვარს სცენა, ამიტომაც თაეტრში არასდროს უთამაშია. კინოშიც შემთხვევით მოხვდა…

საღამოზე ნაჩვენები იყო ნაწყვეტები მსახიობის კინოროლებიდან. სცენაზე მოლოცვებითა და საჩუქრებით გამოდიოდნენ მსახიობის მეგობრები სხვადასხვა სფეროდან. მისთვის სითბოს და კეთილ სურვილებს არავინ იშურებდა.

თემურ ბაბლუანი: დღეს განსაკუთრებული დღეა. ღმერთმა ასი წლის გაგხადოს ჩემო გუჯა. ღირსეული, ნამუსიანი, ნიჭიერი და უწესიერესი კაცი ხარ. ცხოვრებაში საუკეთესო ძმა და მეგობარია. მის მსახიობურ მონაცემებზე რა უნდა ვთქვა, ეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის.

ქეთი დოლი: გუჯა ბურდული არის ქართული კინოს რაინდი. იშვიათია ასეთი ადამიანი ჩვენს პროფესიაში. მე გუჯა თემურ ბაბლუანის ფილმებში აღმოვაჩინე. დიდხანს უნდა იყო და ბევრ ფილმში მიიღო მონაწილეობა. შენ და თემურმა დასცხეთ კიდევ ერთი კარგი ფილმი. გილოცავ ამ არაჩვეულებრივ თარიღს, პატიოსნების, ნიჭიერების და სიყვარულის განსახიერება ხარ.

ომარ მხეიძე: დღეს ზეიმია იმ ადამიანის, რომელმაც უდიდესი სიყვარული ჩადო ყველა ქართველის სულში. აქ, ყველა გამომსვლელი ერთსა და იგივეს ამბობს, ყველა ეფერება, ეს იშვიათია. არ ვიცი როგორ უნდა იცხოვრო ისე, რომ ყველას ერთნაირად კარგი შეხედულება ჰქონდეს შენზე. მისაბაძი კაცია მისი ცხოვრებით. დიდხანს იცოცხლე ძმაო.

მსახიობს შვილებმა ლადომ და ბაკურმა იუბილე სიმღერით მიულოცეს.

ბაკურ ბურდული: დიდი მადლობა უფალს, რომ გუჯას 75 წლის იუბილეს ასე ლამაზად და ჯანმრთელად ვხვდებით ყველა. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ხელოვანი ადამიანი ერთ ოჯახში შევიკრიბეთ. მამა, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო…

მაკა ბურდული: სასიხარულოა, როცა რეჟისორი ხარ და ასეთი მამა გყავს. ჩემთვის მამა ყველაფერია, დიდი სიყვარული, დიდი ბედნიერება. ყოველთვის გვერდით მიდგას, დიდი მადლობა მას…

ლადო ბურდული: რა მაგარია რომ ასეთი მამა მყავს ნაღდი და ჯიგარი და არა ვიღაცა გაურკვეველი, კაგებეშნი, კორუმპირებული თუ სულგაყიდული. მადლობთ უფალო ჩემი უნიკალური მშობლებისთვის !!!

ზაალ სიხარულიძემ, ჩოხოსან რაინდთა სახელით, ქართული ტრადიციების შენარჩუნებისა და გაწეული ღვაწლისთვის, ელგუჯა ბურდული  ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

ჯამლეტ ხუხაშვილმა მსახიობს, როგორც პიონერს ქართულ ჰოკეიში, კოტე მახარაძის თასი გადასცა. ასევე არასამთავრობო კოალიცია “ერთსულოვნების”თავმჯდომარემ მიხეილ ანდღულაძემ, კოალიციის სახელით, წინაპრების ნაჭედი და ბრძოლებში ნაკვეთი ხევსურული გორდა ფარ-ხმალი უსახსოვრა.

მაყვალა გონაშვილი:  ასე მგონია როცა დადიხართ საქართველო დაგაქვთ გულით. რამდენიმე წლის წინ, როცა მწერალთა კავშირმა ქართული კულტურის რაინდის წოდება დააწესა რამდენიმე რჩეულ მწერალთან ერთად გადაწყვიტა, რომ ეს წოდება გუჯა ბურდულისათვის მიენიჭებინა. ამგვარად ქართული კულტურის რაინდს, კულტურის ამაგდარის წოდებაც მოგენიჭათ. მოგართვით დავით აღმაშენებლის ხატი, რადგან მისი ალი და კვალი ხართ.

მილოცვებს მთაწმინდის პარკიც შეუერთდა და მსახიობს მთაწმინდის პარკის ნომერ პირველი მეგობრის სტატუსი მიანიჭა. ბატონი გუჯა პარკის ხშირი სტუმარი ყოფილა.

ამ ორ საათნახევრიან, სითბოთი, სიკეთით და აპლოდისმენტებით გაჟღენთილ საღამოს, მომღერალი ირმა სოხაძე უძღვებოდა.

ბატონმა გუჯამ საღამოს დასასრულს, ორი სიმღერა შეგვისრულა და სულ ბოლოს, შვილების, შვილიშვილების და დარბაზის თანხლებით, ყველასათვის საყვარელი “რამდარირო” იმღერა.

გუჯა ბურდული: ცხოვრებაში ერთხელ მივეცი თავს უფლება, რომ ქებისთვის მომესმინა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ძნელი ყოფილა ამდენი ქების მოსმენა. დიდი მადლობა ყველას ჩემო საყვარელო ხალხო. ღმერთი გფარავდეთ.

ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალი უერთდება ამ მილოცვებს და ბატონ გუჯას დიდხანს სიცოცხლეს და დღეგრძელობას უსურვებს.   

 ავტორი: ნინო გონგაძე

2016 წლის 1 აპრილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment