fbpx

გვანცა კაციაშვილის გზა მკურნალამდე

ავტორი დეა თავბერიძე
5.8K ნახვა
gvanca kaciashvili. mkurnali

„ჩვენს მკურნალს“ ეძახიან და ასე ამბობენ „უფლის საჩუქარიაო“,  მასზე საოცარ ისტორიებს ყვებიან… უამრავი განკურნებული ადამიანი, სეანსებით მიღებული  შედეგები, გადაკონტროლებული და შოკისმომგვრელი რენტგენის სურათები და უკეთესობისკენ შეცვლილი დიაგნოზებიამ ყველაფერს გვანცა კაციაშვილის სამკურნალო ჯგუფში აღმოაჩენთ.

ის, არც ექიმია და არც ექსტრასენსი, თუმცა, განსაკურნებლად უამრავი ადამიანი უკავშირდება. შთამბეჭდავი ისტორიების გაცნობის შემდეგ გაოცებს ის ფაქტი, რომ სამკურნალო სეანსებს დისტანციურად მართავს.

სამედიცინო სირთულეების ფონზე, ეს ყველაფერი იმდენად მარტივად გეჩვენება, რომ ერთი ისტორიის წაკითხვიდან მორიგ ისტორიამდე შეიძლება დაუჯერებლობამაც შეგიპყროს, თუმცა, ფაქტებს ვერსად გაექცევი…

ბოლოს, კი ამდენ მადლიერებით სავსე პოსტს ადრესატამდე მიყავხარ.

გვანცა კაციაშვილის გზა მკურნალამდე

გვანცა კაციაშვილი: სკოლის პერიოდიდან განსაკუთრებით ფსიქოლოგია მაინტერესებდა, მაგრამ რადგან ბიძაჩემი, ბორის ლომსაძე, პროფესორი და ბიოფიზიკოსი იყო, ოჯახმა გადაწყვიტა მეც ამ პროფესიას დავვუფლებოდი. შეწინააღმდეგება ვერ შევძელი, ამიტომ პროფესიით ბიოფიზიკოსი ვარ… თუმცა, ადამიანების დახმარება ბავშვობიდან მიზიდავდა, ვისაც კი გაუჭირდებოდა იმ წამსვე მასთან ვჩნდებოდი. უცხო ადამიანთანაც შემეძლო მისვლა საავადმყოფოში და მისი რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოყვანა…

– როგორც ვნახე ხალხს დღესაც ეხმარებით, ოღონდ უკვე ოფიციალურქოუჩი და რეიკის ოსტატის სტატუსით, როგორი იყო გზა დღემდე?

– ზღვაში, რომ მინის ნატეხი მოხვდება და ფორმას იცვლის, ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც… სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ვიღაც ვიყავი, არცთუ ისე მარტივი გზის გავლა დამჭირდა დღემდე. 20 პოზიციის და 18 სამსახურის გამოცვლა მომიხდა, იყო ასევე რამდენიმე ბიზნესიც… და ასე რაღაცნაირად ცხოვრებამ მომიყვანა აქამდე… ფორმა მომცა… საკუთარი თავის პოვნა ჰქვია ამას, ცნობიერების დონის შეცვლა და დანიშნულების აღმოჩენა… ჩემი დანიშნულება, ჩემი მისია 50 წლის ასაკში ვიპოვე.

– და რა არის თქვენი მისია?

-ადამიანების დახმარება და გაჯანსაღება … დღეს მე ვარ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს თავის დანიშნულებაში.

– ძალიან გამაოცა სამკურნალო სეანსების დისტანციურმა მეთოდმა

– უკონტაქტო, დისტანციურ მკურნალობას პაპა, არჩილ ლომსაძე, მაშინ ატარებდა, როცა საერთოდ არ არსებობდა ინტერნეტი, ის სახალხო მკურნალი იყო. ახლა მე, მისი შვილიშვილი ვანხორცილებ ამას. 5 წლის ასაკში ვუყურებდი, როგორ მკურნალობდა ხალხს. ეს ხდებოდა დისტანციურად, შეუხებლად, უთქმელად და ულაპარაკოდ. რაც ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, ვიზრდებოდი და ეს ლაიტმოტივად მიჰყვებოდა ჩემს ბავშვობას. მოდიოდნენ და მოდიოდნენ ადამიანები. პაპა ეზოში, ოთხი მეტრის დაშორებით სვამდა მათ და ასე მკურნალობდა. ბევრი რჩევისთვისაც მოდიოდა, ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც აგვარებდა… ყოველმხრივ ნიჭიერი და განათლებული ადამიანი იყო. სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული. ასევე წერდა, მღეროდა, ხუთ ენას ფლობდა. ჰქონდა სხვადასხვა იშვიათი პროფესიაც, – “ველურ თაფლზე მონადირე” იყო. მგონი, ჰიმალაებშია ეს პროფესია შემორჩენილი. გოდორში ჯდებოდა,  ქარაფებიდან თოკით ეშვებოდა და ჯავახეთის გამოქვაბულებიდან ველური თაფლი გამოჰქონდა. ამ ყველაფერთან ერთად, რაც ჩამოვთვალე, ხალხში დარჩა როგორც სახალხო მკურნალი.

სხვათაშორის მამას, პოეტი-აკადემიკოსის, ზაზა კაციაშვილის სახელიც მკურნალობას უკავშირდება. სამკურნალო მნიშვნელობის მქონე ლექსების ოსტატი გახლდათ. როგორც ამბობენ მისმა ლექსებმა ბევრ ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ ადამიანს აპოვნინა სიმშვიდე.

– თქვენც მკურნალს გეძახიან, თქვენში ამ ნიჭის აღმოჩენა როგორ მოხდა?

– ეს ყოველთვის იყო ჩემში,  რეიკის აკადემიაშიც ვიკითხე – როდესაც ამ მკურნალობის მეთოდის შესახებ არაფერი ვიცოდი, როგორღა ხდებოდა ჩემს მიერ ხალხის მორჩენა?

მითხრეს, – შთამომავლობითი ნიჭი არისო. ზუსტად ამიტომაც კლასიკური რეიკის სეანსებს არ ვატარებ. რადგან აკადემიამდეც ჩემი მეთოდებით ვკურნავდი ხალხს.

10 წლის წინ იერუსალიმში ვიყავით პილიგრიმებად და როდესაც ნაზარეთის ხარების ტაძარში შევედით, ხელისგულებზე ისეთი სიმხურვალე ვიგრძენი, რომ შემეშინდა, ხელებს საერთოდ ვერ ვამოძრავებდი. გაკვირვებულმა ჩემს მოძღვარს, დეკანოზ გიორგი ჩაჩავას ვკითხე – რა გავაკეთო, ცეცხლი მეკიდება-მეთქი. ტემპერატურა ხელებში ხან იმატებდა, ხან იკლებდა. რაღაცნაირად მივხვდი, რომ “ხელების სიმხურვალეს” უნდა გავყოლოდი. ერთგვარი შინაგანი ნავიგაცია ჩაირთო და როდესაც ამ ყველაფერმა პიკს მიაღწია ხარების მღვიმეში აღმოვჩნდი. ეს მდგომარეობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. დღეს ვიცი, რომ ხელისგულები ადამიანის ენერგო პორტალებია. წლების შემდეგ იგივე განმეორდა სქემარქიმანდრიტ საბა ტელიანიდთან სტუმრობისას. ახლა ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთგვარი მინიშნება, რასაც მაშინ ვერ ვაცნობიერებდი.

ერთ-ერთი შემთხვევა ჩემს შვილსაც უკავშირდება,  თითქმის ერთი საათის განმავლობაში ორივე ნესტოდან სისხლდენა ჰქონდა, მე ამ დროს აგარაკზე არ ვიყავი, მეზობლებმა და სასწრაფოს ექიმებმა ვერაფრით შეუჩერეს სისხლი, მივედი თუ არა მხოლოდ ლოცვა წავიკითხე, ორივე ხელზე ხელი მოვკიდე და სისხლდენა მომენტალურად შეწყდა.

– იცოდით რომ ეს შედეგი დადგებოდა?

– მე ამას ვერ ვაკონტროლებ, თავისდა უნებურად ხდება პროცესი. თითქოს, რაღაც მკარნახობს, როგორ უნდა მოვიქცე და ამას ვემორჩილები.

უჩვეულო მოვლენა უკავშირდება დედასაც, როცა სასწარაფოთი იაშვილის კლინიკაში გადაგვყავდა, გონება დაკარგა და კომაში ჩავარდა, გზაში მამაო ჩვენო ვთქვი და ვიგრძენი, რომ აუცილებლად გადარჩებოდა და კომიდან გამოვიდოდა. დავინახე თითქოს ცა იყო გახსნილი და დედასა და ამ ცას შორის საოცარი სვეტი აღმართულიყო. აბსოლუტური სიმშვიდე და რწმენა დამეუფლა და ვთქვი, – ყველაფერი კარგად  იქნება. დედა, როდესაც კომიდან გამოვიდა ზუსტად ის სურათი დახატა, რომელიც მაშინ დავინახე.

– ვერც მაშინ მიხვდით თუ რა ხდებოდა თქვენს თავს?

– ვერა, გვიან გავერკვიე… მსგავსი ისტორია ბევრი იყო, უბრალოდ მე ჩვეულებრივად აღვიქვამდი ამ ყველაფერს… ჩემი საქმეებით ვიყავი დაკავებული და ცხოვრების რიტმს მივუყვებოდი.  ჩემი ინიციატივით ტრენინგ-ცენტრი შევქმენით მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა, ეს იყო პირველი სივრცე საქართველოში მომუშავე ქოუჩებისთვის, (მათ ტრენინგების ჩასატარებლად ვიწვევდით) ხოლო, ჩემთვის და ჩემი ახლო გარემოცვისთვის პიროვნული ზრდის და განვითარების საშუალება.

მერე ჯანმრთელობის მასწავლებელმა, ფსიქოთერაპევტმა გივი მაზმიშვილმა თავისი საოცარი შედეგებით ფსიქოთერაპია შემაყვარა, ამის შემდეგ მოვხვდი მადლიერების მასწავლებელთან, თამარ კვარაცხელიასთან პროექტში “ზრდისფაქტორი”, სადაც მოხდა ჩემი გამოღვიძება, დანიშნულების პოვნა, გაცნობიერება და საკუთარ თავთან აღიარება .  „ზრდისფაქტორი“ საოცარი პროექტია, მას გაცნობიერების გზაზე გაყავხარ… თამარ კვარაცხელია , ადამიანი, რომელიც პრაქტიკაში ატარებს როგორ შეიძლება მე -ს გარეშე ცხოვრება

ფსიქოლოგმა ვახტანგ ჯაფარიძემ კი როცა ჩემი შესაძლებლობების შესახებ შეიტყო, მითხრა – „შენ ფერარი გყოლია და ტროლეიბუსით დადიხარო“.  ჩავაბარე  Grandmaster Reiki აკადემიაში, სამკურნალო ფაკულტეტზე,  სადაც რეიკის ოსტატის წოდება მომენიჭა.

მადლობა უფალს და ყოველ ადამიანს ვინც მომცა მიმართულება. ასევე მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი მეგობრის სოფო ხაჭაპურიძის მიმართ, რომელმაც შექმნა ჩემი სამკურნალო გვერდი ონლაინ სივრცეში. ეს გვერდი ძალიან ეხმარება ადამიანებს.

– როგორია მკურნალობის პროცესი?

– ვამბობ ლოცვას, ვხუჭავ თვალებს და კონცენტრირებული ვარ მთლიანად პაციენტის სხეულზე, მერე კი პროცესი მაჩვენებს თუ რაზე უნდა ვიმუშაო და რაზე არა. არის შემთხვევები, როცა მე თვითონ ვეუბნები თუ რა აწუხებს, ვხედავ ამ ყველაფერს, უფრო ზუსტად გრძნობის დონეზეა, თუ სად არის სამუშაო, რას გრძნობს, აქვს თუ არა შვება, ტკივილი მოიხსნა თუ არა… აბსოლუტურად ხელისგულზე მაქვს ეს პროცესი და როცა პაციენტი მეუბნება, – აღარ მტკივაო, ვიცი რომ ასეა. შედეგსაც ვგრძნობ, როდის დადგა და რა მომენტში. კონცენტრაციის და მკურნალობის ეფექტის შეგრძნების მიზნით პაციენტსაც თვალები დახუჭული აქვს.

– ბევრისთვის ალბათ ეს ყველაფერი ცოტა უცნაური და დაუაჯერებელია

– იყო ასეთი შემთხვევაც, ეჭვით დაიწყო და საოცარი შედეგი დადო, მერე საოცარი გამოხმაურებაც დაწერა. მადლობა ღმერთს რასაც ვლაპარაკობ, ყველაფერი მეცნიერულად არის დამტკიცებული. აქ არც უკუჩვენებაა და არც გვერდითი მოვლენა. ეს არის ბუნებრივი მკურნალობა. აკადემიაში, რომელშიც ვსწავლობ, იქაც გვასწავლიან, რომ ეს არის მკურნალობა ყოველგვარი მისტიკისა და ფანტაზიის გარეშე.

ძალიან კომფორტული არის თვითონ პაციენტისთვისაც. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც იმყოფება თავის სახლში, სრულიად მოდუნებულ მდგომარეობაში და ასე სახლიდან გაუსვლელად იღებს სასურველ შედეგს, სასურველ ჯანმრთელობას. ადამიანებს მკურნალობა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ, მთავარია იყოს ინტერნეტი.

– სულ რამდენი სეანსი არის საჭირო, თუ ეს ინდივიდუალურია?

–  რა თქმა უნდა ინდივიდუალურია და ამიტომ ასე ზუსტად ვერ ვიტყვი, თუმცა უსწრაფესი შედეგებია. ყველაზე მაქსიმუმი რომელიც ჩამიტარებია 17-ია, მინიმალური -3. ტარდება კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ, გააჩნია მდგომარეობის სირთულეს. სეანსი გრძელდება 30-40 წუთი.

– რა და რა დაავადებას კურნავთ?

– სხვადასხვა დაავადებების განკურნება ხდება: გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსროვანი, ფსიქოსომატური და ა.შ … მყავდა პაციენტი ე.წ განუკურნებელი დუშენის სინდრომითაც. ეს სინდრომი ყველა კუნთის ატროფიას იწვევს. პირველივე სეანსზე  ვიგრძენი, თუ როგორ შემეძლო ამ ბავშვის შველა და თან საოცრება ის არის, რომ თავიდან დიაგნოზი არ ვიცოდი. უბრალოდ დედამისს მივწერე, მაქვს ასეთი უნარი-მეთქი და პასუხად მივიღე სასწრაფოდ მჭირდები!

შედეგი მალევე მივიღეთ. დღეს ეს ბავშვი დარბის, სეანსებამდე კიბეებზე ვერ ადიოდა და ხშირი დაცემისგან ჩალურჯებული ჰქონდა ფეხები.

ფსიქოსომატიკამ შეიძლება უამრავი დაავადება გამოიწვიოს. ჩვენი ფიქრები, აზრები, სტრესები, შიშები, წყენები გარკვეულწილად ტვირთავს და აავადებს ჩვენს ორგანიზმს და ორგანოებს. იწვევს უამრავ დისფუნქციას. ზუსტად ამიტომ დავამთავრე GT Evolution Coaching – ის სკოლა, ჩემს პრაქტიკაში დავნერგე სამკურნალო ქოუჩინგი და ძალიან ამაყი ვარ ამით. შეიძლება ვიგრძნო, რომ ადამიანს სეანსებზე მეტად ქოუჩ-სესია ჭირდებოდეს. პროფესია ქოუჩი საშუალებას მაძლევს სხვა ტექნიკებითაც ვიმუშავო. რაც ძალიან ეხმარება ადამიანებს გამოჯანმრთელებაში. მე არა მარტო ვკურნავ დაავადებებს, მათ გამომწვევ მიზეზებზეც ვმუშაობ.

– რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ მივიდეთ დაავადებამდე?

– სხეულის, გონების, სამშვინველის და სულის ჰიგიენით შეიძლება განვახორციელოთ ნებისმიერი დაავადების პრევენცია. როგორც სხეულს სჭირდება მოვლა, ასევე სჭირდება სულს და  გონებასაც. ბევრი ფიზიკურად ვარჯიშობს, ჯანსაღადაც იკვებება, მაგრამ გონების ჰიგიენა, ფიქრებისგან გათავისუფლება, ეს ის ღერძია რაზეც სულიერება უნდა განვითარდეს, ეს თუ არ არის მოწესრიგებული, პირდაპირ სულიერებაში გადასვლა მაინც პატარა ლაქას დატოვებს.

– რას ნიშნავს გონების ჰიგიენა?

 – გონების ჰიგიენა ნიშნავს – პიროვნულ ზრდას , საკუთარ თავზე მუშაობას, გაცნობიერებულ ცხოვრებას, საკუთარი თავის გაცნობას. გონების ჰიგიენის მიღწევა შესაძლებელია მედიტაციის გზითაც, მით უფრო თუ ეს მედიტაცია ფიქრებისგან გათავისუფლებას მოიცავს. შედეგად ვიღებთ დაცარიელებულ გონებას, დაცარიელებულ გონებას ფიქრების გარეშე შეუძლია გაცნობიერებული ლოცვა, სწორედ ამას ეძახიან გულით ლოცვას.

– როგორც ვიცი ხართ მორწმუნე, ხშირად ესწრებით წირვას, ეზიარებით, თან მედიტაციაც ახსენეთ, რას ამბობენ ამასთან და თქვენს მკურნალობასთან დაკავშირებით მამაოები?

– 22 წელია  მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი ვარ, აღმსარებელი და მაზიარებელი. ეს არის ჩემთვის ამომავალი წერტილი. საწყისი, სათავე. მთავარი მაინც უფალია, ქრისტიანული ღირებულებები. ყველაფერს კურთხევით ვაკეთებ. ეს მკურნალობაც მოძღვრის კურთხევით დავიწყე. რაც შეეხება მედიტაციას, ჩემთვის მედიტაცია არის გაცნობიერებული ლოცვისკენ მიმავალი გზა. შეიძლება მთელი ცხოვრება დაგეხარჯოს იმაზე, რომ ისწავლო გაცნობიერებული ლოცვა, რაც უფრო მართავ გონებას, ფიქრებს მით უფრო შეგიძლია იყო კარგი მლოცველი. ჩვენს მართლმადიდებლურ სწავლებებში, სახარებაში უამრავი რამ არის დაფარული, რასაც გაშიფრავ ყველაფერი თვითშემეცნებამდე, პიროვნულ ზრდამდე მიგიყვანს.

აღსარება და ზიარებაც აუცილებელია ადამიანის განვითარებისთვის. აღსარების დროს  დაშვებული შეცდომების ამოთქმით და აღიარებით ტვინში ხდება ახალი ნეირონული ბილიკების გაკვალვა და მკვიდრდება ახალი ჩვევა. ამ გზით ვიცვლებით ადამიანები უკეთესობისკენ. ზიარება არის განახლება, მუდმივი არაფერია, ყველაფერს განახლება და გასუფთავება სჭირდება. აღსარებას, როცა ვამბობთ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ქმედებების რევიზიას. სახლის დალაგებასავით არის, ნაგავს ვყრით და საჭიროს ვიტოვებთ.  ჩვენი ფიქრებისა და ქმედებების რევიზიას როცა ვახდენთ, მაშინაც იგივე ხდება, ცუდი მიდის, კარგი რჩება. აქ მთავარია შენი გული, შენი დამოკიდებულება და დიდი სურვილი, რომ გასუფთავდე.

აი, ამ დამოკიდებულებას და დიდ სურვილს ვუსურვებ ყველას.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment

3 კომენტარი

ლეილა May 31, 2021 - 5:08 am

გვანცა წარმატებებს და წინსვლას გისურვებ!💖💖💖

პასუხი
Anonymous October 22, 2021 - 4:56 pm

უყროუუ

პასუხი
Anonymous September 27, 2023 - 1:59 pm

გვანცა გენაცვალე შენგან ველოდები განკურნებას დაუსწრებლად მიყვარხარ

პასუხი