…ერთხელ ბრძენთან მივიდა ერთი ქალი და შესჩივლა მას:
– თითქოს ყველაფერი მაქვს, რასაც ვისურვებ: ოჯახი, შვილები, საუკეთესო მეუღლე, კეთილდღეობა, მაგრამ ბედნიერების შეგრძნება მაინც არ მაქვს და მირჩიეთ როგორ მოვიქცეო.
ბრძენმა უთხრა:
– აქედან რომ წახვალ, გზად გაიარე და ქათმები იყიდე, ისინი ეს ერთი კვირა შენ სახლში აცხოვრე და შემდეგ ჩემთან მოდიო.
გავიდა ერთი კვირა და ქალი მივიდა ისევ ბრძენთან, მან კი უთხრა:
– ახლა გოჭები იყიდე და ისინი შეიყვანე სახლში, ერთ კვირაში კი კვლავ მოდიო.
ქათმებმა და ღორებმა სულ დასვარეს სახლი, გააფუჭეს ავეჯი და იატაკი. ქალი უკვე სასოწარკვეთილი მივიდა ბრძენთან. მან კი სრული სიმშვიდით მიუგო:
– ყველაფერი სახლიდან გაიყვანე და მიალაგე, ხვალ მე გესტუმრებიო.
დააკაკუნა თუ არა ბრძენმა კარზე, ქალი შეხვდა გაბრწყინებული სახით, ეს რა ბედნიერებაა, სახლში სისუფთავე და სიმშვიდეაო.
…აქედან დასკვნა: დააფასეთ ის რაც გაქვთ ამ ცხოვრებაში და იყავით ბედნიერი იმით რაც გაგაჩნიათ, თუნდაც მხოლოდ სულიერი სიმშვიდე და კომფორტი იყოს…
ავტორი: მაია ხავთასი