ათწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ლეონ კავალოს “ჯამბაზები” ბრუნდება. სპეციალურად პრემიერისთვის, მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი გიორგი გაგნიძე ჩამოვიდა.
წარმოდგენის რეჟისორად ამჯერადაც თემურ ჩხეიძე გვევლინება. თეატრის მოწვევით, სპექტაკლის მხატვარი გახლავთ გიორგი-ალექსი მესხიშვილი, სადირიჟორო პულტთან კი დავით კინწურაშვილი და ზაზა აზმაიფარაშვილი იქნებიან.
გიორგი გაგნიძე: „თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ, თორმეტ აპრილს, კვლავ დავდგები ამ სცენაზე. სხვათაშორის ეს პარტია ცნობილ დირიჟორებთან ერთად, შესრულებული მაქვს მეტროპოლიტენში, ლოს ანჯელესსა და ბარსელონაში, მაგრამ ყველაზე ძალიან ახლა ვღელავ. შემოქმედებითი ჯგუფი იმხელა კომფორტს მიქმნის, რომ მეშინია პრემიერამდე არ მოვდუნდე. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს მსმენელს კარგ სპექტაკლს ვაჩუქებთ“.
თემურ ჩხეიძე: „ისეთ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ დღეში ხანდახან სამი რეპეტიცია გვაქვს. მიხარია, რომ ყველა ძალიან მოწადინებული და მობილიზებულია, მათთან ერთად მუშაობა მიხარია“.
ნინო გონგაძე