fbpx

“მარცხი არ არსებობს, უბრალოდ არსებობს სხვადასხვა სტრატეგიით მისვლა შედეგებამდე“

ავტორი ნინო გონგაძე
613 ნახვა

„ბევრჯერ დავცემულვარ, ბევრჯერ წამოვმდგარვარ, ბევრი მარცხიც მიგემია, თუმცა არასოდეს გავჩერებულვარ, არასოდეს! წარმატება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის რწმენამ და საყვარელი საქმის სპორტულმა ჟინმა მომიტანა“- მეუბნება დღეს უკვე შემდგარი, ძლიერი და თავდაჯერებული ქალბატონი, გაყიდვების მენტორი, ბიზნესკონსულტანტი და ფსიქოკონსულტანტი – ხათუნა მდინარაძე, გაყიდვების სფეროში ოც წლიანი გამოცდილებით.

წინ საინტერესო, სასარგებლო და გასათვალისწინებელი რჩევებით დახუნძლული ინტერვიუ გელოდებათ.

– ხათუნა, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა და რა წინააღმდეგობების გადალახვა მოგიხდათ პროფესიული წინსვლისთვის?

– ჩემი კარიერული ისტორია ჩვიდმეტი წლიდან იწყება, გაყიდვების სფეროშიც სწორედ ამ ასაკიდან ვარ. ამ სფეროში ასეა – ვინც გაყიდვებში შედეგებს აღწევს „კაი ტიპი“ ხდება. ველოდებოდი, რომ მეც დავდებდი შედეგს და ამის გამო “თავში ამივარდებოდა.” 🙂 ასე, ნელ-ნელა ავაწყვე კარიერა. ბევრი შედეგი დავდე, დამაწინაურეს.

ჩემი მაშინდელი ოცნება კარიერაში გაყიდვების კუთხით მაღალი შედეგი იყო, როცა ამას მივაღწიე და იმ ეტაპამდე მივედი თავში რომ უნდა ამვარდნოდა, პირიქით დამემართა, ნაცვლად სიამაყისა გაურკვევლობა და საკუთარი თავის ძიების პროცესი დამეწყო. ფრუსტრაცია განვიცადე. ავიკვიატე, რომ ცოდნა, რომელიც მაქვს, არ იყო ჩემი და იყო გარედან დასწავლული. დავტოვე ყველა მიღწევა და პოზიცია რაც მქონდა და წავედი „ბიბლუსში“ კონსულტანტად. გადავწყვიტე ეს სფერო მომხმარებლის თანდასწრებით, ადგილზე შემესწავლა. სწორედ იქ მივხვდი, რომ ეს საქმე ოფისიდან კი არა, უშუალოდ ფრონტის წინა ხაზიდან ისწავლება. ამ კუთხით მაშინ არანაირი ინფორმაცია არ იყო, არც ტრენინგები, არც წიგნები, რაღაც სხვა სპეციფიკა სჭირდებოდა და მე თვითონ დავიწყე ადგილზე შესწავლა. წელიწადნახევარი ხელში კალმითა და ფურცლით გავატარე. მომხმარებლის თითოეულ ქეისს, სურვილს, შენიშვნას ვიწერდი.

-„კონსულტანტობიდან წამოვედი, საკუთარი, საკმაოდ ამბიციური საქმე დავიწყე. ბევრჯერ დავცემულვარ, ბევრჯერ წამოვმდგარვარ, ბევრი მარცხიც მიგემია, თუმცა არასოდეს გავჩერებულვარ, არასოდეს!“ – დაწერეთ სოციალურ ქსელში. რა იყო ეს ამბიციური საქმე და საკუთარი გამოცდილებიდან რომ გვასწავლოთ, სად ვიპოვოთ ეს არგაჩერების ძალა, მაშინ, როცა მარცხები ერთმანეთს მიეწყობა?

-კონსულტანტობიდან წამოსვლის შემდეგ, პირდაპირ დავიწყე ტრენერობა გაყიდვების მიმართულებით. საქმეში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ცნობადობა, პერსონალური ბრენდი, აქ უკვე სხვა ტიპის აუდიტორია მჭირდებოდა. გზად ძალიან ბევრი მარცხი შემხვდა. როცა განსხვავებული პროდუქტი გაქვს, რომელიც მორგებულია ქართულზე. ადამიანებამდე, კომპანიებამდე ინფორმაციის მიტანას კი დრო სჭირდება. საჭირო იყო სანაცნობო ქსელის გაფართოება, საწყის ეტაპზე ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი. პერსონალური ბრენდის შენება საკუთარ საქმიანობასთან ერთად, მარტივი არ არის. დრო სჭირდება. ხშირად ჩამიქნევია კიდეც ხელი, მაგრამ მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, გაჩერებაზე არასოდეს მიფიქრია.

არგაჩერების ძალის პოვნაზე მეც ბევრს ვფიქრობ, როცა პირად სესიებსა და ტრენინგებზე იგივე კითხვას მისვამენ. ერთადერთი ძალა ალბათ იმაშია, როცა იცი, რომ მარცხი არ არსებობს და უბრალოდ არსებობს სხვადასხვა სტრატეგიით მისვლა შედეგებამდე. ზუსტად ეს არის მერე შენი რწმენა-წარმოდგენა. შესაძლოა რაღაც საკითხში დამარცხდი, მაგრამ თუ გწამს იმას, რასაც აკეთებ შენია, თან მისიაზე გახვედი, მერე უკვე სხვა გზას ნახულობ, თორემ დანიშნულების ადგილამდე მაინც ჯიუტად მიდიხარ. თუკი ის კონკრეტული გზა მარცხიანი აღმოჩნდება, ახალ გზას ირჩევ. შემდეგ, როცა დაჯამებას აკეთებ, ხვდები რომ წარმატება ბევრი მარცხისგან შედგება და არა ერთი გზიდან, რომელიც შეიძლება მარტივი იყოს, თუმცა არც თუ ისე საინტერესო.

– როგორ ვაქციოთ მარცხი რესურსად?

– გააჩნია როგორი ტიპი ხარ და ამ სიტუაციას როგორ შეხედავ. საკუთარ თავთან ხშირად მიღიარებია რომ დავმარცხდი. მარცხის მიმღებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს მეორე ასეთი სტრატეგია, რომ არ არსებობს მარცხი, არსებობს გამოცდილება. სულ ვამბობ, რომ ძალიან კარგია თუკი მაგალითად სხვების გამოცდილებაზე შევამოკლებ ამ მარცხობანას. დრო ძალიან დაჩქარებულია და ბევრი მარცხის დრო არ გვაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ მარცხებისგან ხელი ჩავიქნიოთ. პირველი, რასაც მე ვიყენებ ეს არის მარცხის მიმღებლობა. ვაღიარებ რომ დავმარცხდი და არ იყო ის გზა სწორი, თუმცა არსებობს სხვა გზებიც. ჩემთვის ყველაზე დიდი რესურსი რწმენასთან და შენს უნარებთან ერთად, დარგის ცოდნაა. როცა ცოდნა გაქვს უკვე შესაბამის სტრატეგიას პოულობ. რწმენები იმისა, რაც გიყვარს ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტა შენი უნარ-ჩვევები, ცოტა ცოდნები, რომელიც აუცილებლად გარედან უნდა მივიღოთ. საწყისი ცოდნა თანამედროვე ცოდნით გადავახალისოთ, ერთად შეკრებილი მართლაც არის რესურსი. როცა სტრატეგიულად შეხედავ ამ მარცხებს და ბოლომდე სწორად წახვალ მიზნისკენ, მაშინ მარცხი აღარ გამოდის, გამოდის გამოცდილება და უკეთესი გზის გადარჩევა.

– რა არის საინტერესო გაყიდვების სფეროში, რითი მიგიზიდათ ამ პროფესიამ?

– პირველ რიგში, ჩემთვის ეს არის სპორტი, მეორე, ადამიანებთან ურთიერთობის სიყვარული. ნებისმიერი რაღაც, რაც სპორტულ ტექნიკას გასცდება, ჩემთვის მერე უკვე ხელოვნებად იქცევა. აი, ამიტომ მომწონს ასე ძალიან, რომ თან ექშენია, სპორტია და თან ხელოვნებაა. დღის განმავლობაში თუ ათი მომხმარებელი, ან კლიენტი გეყოლება, ათივესთან ათი უნიკალური ისტორია იწერება, რაც დიდ გამოცდილებას გაძლევს. ამგვარად, ამ მხრივ, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პროფესიაა.

– რა თვისებების მქონე ადამიანი აღწევს წარმატებას გაყიდვებში და რა არის მთავარი წარმატებული გაყიდვებისთვის?

– ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის უნარი, მოკლე დროში, ნათლად და ლაკონურად აზრის გადმოცემა. დრო დაჩქარდა და ადამიანები ვეღარ ვისმენთ ისე ბევრს, როგორც აქამდე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოკლე დროში სათქმელის მარტივად გადმოცემა.

მეორე ფაქტორია, ისევ და ისევ სპორტული ჟინი. ეს არის საქმე, რომელსაც ჟინი, მიზანდასახულობა და სიჯიუტე უხდება. შემდეგ უკვე პროფესიულად უნდა აითვისო და ისწავო ადამიანები, მათთან ურთიერთობა. საკმაოდ რთული და მოთხოვნადი პროფესიაა, ძალიან ბევრი არის ამ სფეროში დასაქმებული და ბაზარზეც არის მოთხოვნა ტალანტების კუთხით. მიუხედავად ამისა, შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ამ საკითხში პროფესიონალი ძალიან ცოტაა. დღის, კვირის და თვის განმავლობაში, შეიძლება ძალიან ბევრჯერ დამარცხდე, მაგრამ შენ ცხრაჯერ დამარცხების შემდეგ, ცხრაჯერ ადგომა უნდა შეგეძლოს, თუ ეს არ შეგიძლია ამ სფეროში ნომერ პირველი ვერ იქნები. როცა ბევრჯერ ადგომა შეგიძლია უკვე სუპერ სეილი ხარ.

წარმატებული გაყიდვებისთვის საჭიროა ამ სფეროს ზედმიწევნით კარგად ცოდნა, ან სეგმენტის რაშიც ხარ. ასევე, კარგად უნდა იცნობდე ადამიანებს, გესმოდეს ფსიქოლოგია. მუდმივად პულსზე უნდა გეჭიროს ხელი. აუცილებელია ანალიტიკური აზროვნების უნარი. ანალიტიკურად შეხედო რა სურს ადამიანს, რა პროდუქტი გაქვს შენ და რამდენად იცნობ ამ პროდუქტს და მომსახურებას. ამის შემდეგ, რამდენად ერგება ადამიანის საჭიროებას, რა სურვილებს უსრულებს, რა პრობლემებს უჭრის. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ადამიანს ეს ყველაფერი სწორად გადასცე, რასაც შესაბამისი ცოდნა სჭირდება.

– არსებობს მოსაზრება, რომ მომხმარებელი ყოველთვის მართალია, რამდენად ეთანხმებით და რას გვეტყვით დღევანდელ მომხმარებელზე?

– მიუხედავად იმისა, რომ ორაზროვანი გამოთქმაა, რაღაც კუთხით მაინც ვეთანხმები. გააჩნია თვითონ ბრენდი რას სთავაზობს, რას ჰპირდება და რამდენად კარგად აწოდებს ინფორმაციას მომხმარებელს. თუკი რაღაც დაპირებებს და მოლოდინებს ჩვენ, როგორც ბრენდები, ვერ ვამართლებთ, მაშინ ცხადია, მომხმარებელი მართალია. რა თქმა უნდა არის სიტუაციები, რაშიც შეიძლება მომხმარებელი არ იყოს მართალი, თუმცა ჩვენ მასთან სწორი კომუნიკაციის დამყარება მაინც მოგვეთხოვება, რადგან დღეს მომხმარებლით და ადამიანით სულდგმულობს ბაზარი. თუკი მას პრობლემას ვერ გადავუჭრით, სწორი კომუნიკაცია და სათქმელის სწორად მიწოდება მაინც უნდა შეგვეძლოს.

წინა წლებთან შედარებით, მომხმარებელი დღეს ძალიან გაზრდილი და მცოდნეა. თუკი ადრე შეგეძლო ზედაპირული საუბრით მიგეწოდებინა პროდუქტი, ბევრი შეკითხვა არ დაესვა, სრულიად შენზე ყოფილიყო დამოკიდებული და მოკლე დროში გაეკეთებინა არჩევანი, დღეს ასე არ არის. დღევანდელი მომხმარებელი არ გაცლის შენ უბრალოდ იყო ჩვეულებრივი. სწორედ მათი დამსახურებაა, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანი იყოს პროფესიონალი. ეს გააკეთა მცოდნე, გაზრდილმა და პრეტენზიულმა მომხმარებელმა, თუმცა ის ამ “პრეტენზიულობით” გვზრდის და ეს ყველაფერი მას მიეწოდება, როგორც უნიკალური მომსახურება, ჩვენ კი- დადებითი უკუკავშირი.

– როგორც ბიზნესკონსულტანტს, რამდენად ხშირად მოგმართავენ რჩევებისთვის, რამდენად მაღალია ჩვენს საზოგადოებაში რჩევის მიღების კულტურა და მხოლოდ დამწყებ ბიზნესმენებთან მუშაობთ თუ ნებისმიერი რანგის ბიზნესმენთან?

– ძირითადად უფრო კომპანიებთან ვმუშაობ, გაყიდვების და ორგანიზაციული ფსიქოკონსულტირების კუთხით. მაქვს საკუთარი ტრენინგ კურსი, რომელიც არის ხუთმოდულიანი და ცნობილია „გაყიდვების პერსონალური რუკის“ სახელწოდებით. ვცდილობ რომ ადამიანებს ყველა ის პროცესი ავუხსნა, ვასწავლო და ის გზა გავატარო, რომლის გავლაც ამ სფეროში მათ ისედაც მოუწევთ. ორივე ჩემი აუდიტორიაა – კომპანიები და ორგანიზაციები, ასევე ცალსახად დაინტერესებული პირები, რომლებიც ამ სფეროში არიან ჩართულები, მცირე და საშუალო ბიზნესი. დამწყები ბიზნესმენებისთვის სხვა პროგრამა მაქვს, უკვე შემდგარი ადამიანებისთვის, ვისაც უფრო მეტი უნდა და მეტად უყვარს აღმოჩენები, იმათთვის ცხადია სხვა.

– რას ურჩევდით ბიზნესის დაწყების მსურველებს, რა არის ის მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინონ მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად?

– დღეს რა ტენდენციებიც არსებობს და რაზეც ვმუშაობთ, არის ის, რომ პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ჩვენს კომპანიაში მომუშავე ადამიანები. ამ ადამიანების კარგად ყოფნასა და კეთილდღეობაზე უნდა იზრუნო. ბედნიერი თანამშრომელი თავისთავად უდრის ბედნიერ და კმაყოფილ მომხმარებელს. ცოტა ირიბი პროცესია, პირდაპირ მომხმარებელზე ვერ გახვალ, თუ შენი თანამშრომელი არ გყავს კმაყოფილი. ბიზნესის წარმატება თითოეული დასაქმებულის კეთილდღეობიდან იწყება.

დამწყებთათვის გასათვალისწინებელ რისკებში პირველ ადგილას არასწორი მოლოდინი დგას. თავიდან ყველას გონია, თუ კარგი სტარტაპი, კარგი პროდუქტი, კარგი მომსახურება ექნებათ, უცებ გაიტანენ ბაზარზე და რადგანაც კარგია და თვითონ კარგად იცნობენ, აუცილებლად სხვასაც უნდა მოეწონოს და თან იყიდოს. როგორც ჩვენ გვიყვარს და ვხედავთ ჩვენს პროდუქტს, ან მომსახურებას, გვგონია რომ სხვებიც ასე ხედავენ. გაითვალისწინეთ, თუკი ამ სფეროში გინდათ ადგილი დაიმკვიდროთ, გზად ძალიან ბევრი მარცხი შეგხვდებათ, დათმობაც მოგიწევთ, სხვადასხვა გზის მოსინჯვაც. დღეს ბაზარი ყველასთვის ღიაა და ყველა შენს უნიკალურობას პოტენციური ადგილი აქვს. უბრალოდ რაღაცები სწორად უნდა გათვალო რომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრო.

-იმისათვის, რომ მოვიზიდოთ ფულის ენერგია, ფულმა რომ „შეგვიყვაროს“ რა არის ამისთვის საჭირო? როგორი დამოკიდებულება უყვარს ფულს და ვისკენ მიისწრაფვის იგი?

-ფულს პირველ რიგში გაჩერებული ენერგია არ უყვარს. ფული მოძრაობაში კეთდება და ეს მოძრაობა აუცილებლად უნდა მიდიოდეს საზოგადოებრივი კეთილდღეობისკენ. რაც არ უნდა სკეპტიკურად ჟღერდეს ეს ალგორითმი ასე მუშაობს. სამყარო არ შეიქმნებოდა და ვერც იარსებებდა, თითოეულს რომ მხოლოდ მისთვის უნდოდეს ფული, რადგან თვითონ იყოს კარგად, მაშინ ეს რესურსი, რომელიც ისედაც შეზღუდულია, სადღაც აუცილებლად გაწყდებოდა. ფული ზუსტად ის ენერგიაა, რომელსაც უშვებ გარემოში, აკეთებ კარგ საქმეს და გიბრუნდება უკან. თუკი ამ მოძრაობაში ხარ, ფულიც მუშაობს და საკუთარი წარმატებაც.

-რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის, როგორც პიროვნული, ასევე კარიერული ზრდა-განვითარება?

-არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, დღეს უკვე აუცილებელი და გარდაუვალიც არის. მივხვდი, რომ საზოგადოებრივი როლები და თამაშები, გაცილებით მნიშვნელოვანია რომ თავი დაიმკვიდრო. პიროვნულ განვითარებასთან ერთად, კარიერული განვითარებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე აუცილებელი პირობა გახდა, თუნდაც იმისთვის რომ გადარჩე. რაც დრო გადის, ასაკთან ერთად, მეტად გემატება ჟინი იმისა, რომ ახალ მაძიებლობაში იყო, ეს არის დაუსრულებელი პროცესი, ეს რომ დასრულდეს, ალბათ სამყაროც დასრულდება.

-საგანმანათლებლო სივრცის „არქეს“ დამფუძნებელი ხართ. რა სეგმენტზეა გათვლილი და რისი შესწავლა ხდება ამ სივრცეში?

-„არქე“ იმის გაგრძელებაა, რაც თავის დროზე ბიზნესკონსულტირებით და ბიზნესტრენინგებით დავიწყე, რადგან კარიერულთან ერთად, პიროვნული განვითარების და საჭიროების დრო დადგა. „არქე“ ამ ყველაფრის სინთეზია. „ძველი და ახალი ცოდნების სინთეზი“- ეს არის „არქეს“ კონცეფცია. ცალსახად მხოლოდ პიროვნული განვითარება, ან ცალსახად მხოლოდ კარიერული განვითარება, შენი რესურსის ნახევარს აკეთებს. შენს ცხოვრებას, როგორც მთლიანს, ისე რომ შეხედო, შინაგანი სამყაროს ძიებაც გჭირდება, პოვნაც და მერე უკვე ამ შინაგანის გარეთ გამოტანა, ისე რომ სოციუმისთვის უფრო მისაღები იყოს.

ჩვენი აუდიტორიაა ადამიანები, რომლებიც შემეცნებით არიან დაინტერესებულები, როგორც კარიერაში, ასევე პირად ურთიერთობებშიც. ჩვენთან ნებისმიერი ასაკის და მრწამსის ადამიანს შეუძლია მოსვლა. გვყავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებიც, სტუდენტებიც და სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებიც. გაიცემა სერთიფიკატი.

-საავტორო კურსი „გაყიდვების პერსონალური რუკა“, რომელსაც დრო და დრო სთავაზობთ ხოლმე თქვენს აუდიტორიას, რამდენად მნიშვნელოვანია და კიდევ რა ტრენინგების გავლაა თქვენთან შესაძლებელი?

-ეს კურსი მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ არცერთი სფერო არ მაქვს დატოვებული, რომელიც ამ საქმისთვის არის საჭირო. აბსოლუტურად ყველაფერს ვეხები. პერსონალური ბრენდინგით დაწყებული, საკუთარ თავთან და შინაგან გარემოსთან მუშაობით, დასრულებული მიზნების და კარიერის ფორმირებით. ზუსტად შუაში არის მოქცეული თანამედროვე გაყიდვების თანამედროვე ტექნიკები, ფსიქოტიპები და პროდუქტის მენეჯმენტი.

ასევე მაქვს „პიროვნული განვითარების რუკა“, რომელიც იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც არ უნდათ მხოლოდ კარიერულად შეხედონ ამ სფეროს, ან გაყიდვებში იყვნენ, ან ბიზნესში. უბრალოდ უნდათ რომ შეიმეცნონ საკუთარი თავი, გარემო, გადალახონ შიშები, ბლოკები, დაბრკოლებები, ცხოვრებას სულ სხვა, გადახალისებული თვალით შეხედონ.

სამოტივაციო ვორქშოფებიც გაქვთ ჩატარებული. როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია? რამე მეთოდი რომ გვასწავლოთ.

– პირადად მე მოტივაციის ამაღლების ორ მეთოდს ვიყენებ. იპოვო რაღაც საკუთარ თავში, რომელიც არის შენი საწყისი დრაივი. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც სადღაც გარე იმპულსებში ეძებენ ამ მოტივაციას, ესეც მისაღებია. არ არის აუცილებელი ეს გარე იმპულსი, რაღაც გრანდიოზული იყოს. ეს შეიძლება იყოს წიგნში ამოკითხული პატარა ფრაზა, რომელმაც შენ იმ მომენტში მოგცა ინსპირაცია, თუნდაც დილით აივანზე მზის შუქზე დალეული ფინჯანი ყავა, ან ცნობილი ადამიანების წარმატების ისტორიის კითხვა, ან რაღაც აფირმაცია. მოტივაციის მიღება ყველაფრიდან შეიძლება, გააჩნია შენ რისი გწამს, თუკი გწამს რომ შეიძლება გარედან მიიღო, რატომაც არა. მთავარია შედეგი და არა ის, საიდან დაიწყებ. ჩემთვის უფრო მისაღები საკუთარ თავში შიგნით ძრომიალია, ახალ-ახალი ნიჭების, რესურსების პოვნა და მერე გარეთ გამოტანა. გააჩნია ადამიანი უფრო ინტროვერტული ხასიათისაა თუ ექსტრავერტული. მე რადგან უფრო ინტროვერტულისკენ ვიხრები, შიგნიდან ვიწყებ ამ პროცესების ძიებას.

– თქვენი დევიზი. ფრაზა, რომელიც ცუდ პერიოდში „გქოქავთ“?

– ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სამოტივაცო ფრაზა მაქვს. „სტაბილურად უცვლელი ცვლილება“- ამ ბოლო დროს ამ ფრაზას მართლაც სტაბილურად ვიყენებ. რაღაც კუთხით, ჩვენ გვჭირდება კომფორტის ზონა და სტაბილურობა სიმშვიდისთვის, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს რომ მხოლოდ ამ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ვიცხოვროთ, აუცილებლად გვჭირდება კომფორტის ზონიდან გამოსვლა და განვითარება. განვითარება კი ცვლილებების და სიახლის გარეშე არ მოდის.

– როგორი ფსიქოტიპის ადამიანი აღწევს წარმატებას? და პირადად თქვენ რამ მოგიტანათ წარმატება?

-წარმატების მიღწევა სხვადასხვა ფსიქოტიპის თუ უნარ-ჩვევების ადამიანს შეუძლია, პირველ ადგილზე დგას შრომისმოყვარეობის უნარი. სწორი და მიზანმიმართული შრომა, წარმატების აუცილებელი პირობაა. ასევე გარდაუვალი და მნიშვნელოვანია ნებისყოფა და დისციპლინა. სხვა დანარჩენ სიტუაციაშიც შეიძლება წამოვკრათ ფეხი წარმატებას, მაგრამ ეს დროებითი წარმატება იქნება, გამიმართლა თემა. ამ ყველაფერს მერე მაინც შენარჩუნება სჭირდება. პირადად მე, წარმატება მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი თავის რწმენამ და საყვარელი საქმის ჟინმა მომიტანა.

– როგორ შევინარჩუნოთ უკვე მიღწეული წარმატება და გრძელვადიანი წარმატებისთვის რა არის საჭირო?

– გრძელვადიანი წარმატების გარანტი ისევ და ისევ, არის მუდმივი შრომა, განვითარება, დისციპლინა და ნებისყოფა. საბოლოო ჯამში, თუკი არ იცი რა გინდა და საით მიდიხარ, პატარა შედეგებით კმაყოფილების დროს, შეიძლება ისევ გავჩერდეთ და წარმატებაც დავკარგოთ.

– ხათუნა, რა შედის თქვენს სამომავლო გეგმებში?

– სამომავლო გეგმებში პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, აუცილებლად შედის ჩემი აკადემიკური საქმიანობა. ცოდნების გაღრმავებას ვაპირებ. გეგმაში მაქვს ნეირო მეცნიერებას სერიოზულად ჩავუჯდე და მივყვე ჩემი კონცეფციით, ძველი და ახალი ცოდნების სინთეზით. რაც შეეხება ტრენინგებს, ჩემს კოლეგებთან ერთად, რამდენიმე კურსი მოვამზადე, პიროვნული განვითარების, პერსონალური ბრენდინგის კუთხით და ჩემს აუდიტორიას სექტემბრიდან ბევრ სიახლეს შევთავაზებ.

ავტორი: ნინო გონგაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment