fbpx

ნანა ჩარკვიანის ემოციური წერილი გარდაცვლილ ბაბუას

ავტორი ნინო გონგაძე
9514 ნახვა
2 კომენტარი
44

გაგიმარჯოს გელა

ბევრი წერის გამო, შუა თითის შიგნითა ნაწილი გებურცებოდა ხოლმე. მახსოვს პირველად, რომ გავამახვილე ყურადღება მითხარი – ეს მშრომელი კაცის ხელიაო. 🙂
მახსოვს როგორ მომიტანე კონკიას ვარდისფერი ნათურებიანი ჩემოდანი და როგორ მეხმარებოდი ამ ჩემოდნის ჯერ აეროპორტში და მერე ბეიქერ სთრითზე ტარებაში. ადაპტირებულ ბიბლიას წამზომით რომ მაბეჭდინებდი? რამდენს ვწუწუნებდი, მაგრამ სულ დაუზარებლად მიხსნიდი რამდენად მნიშნველოვანი იყო ამ დროში გამომმუშავებოდა სწრაფი ბეჭდვის ტექნიკა.

გამოცდებს რომ მიტარებდი, წარმატებით ჩაბარებას ყოველთვის მიჯილდოვებდი.
დილით კიდე 40 წელი ერთი და იგივეს ჭამდი. რამდენჯერაც ვეცადე, რომ რამე ახალი შემომეთავაზებინა ან მეჩვენებინა რამდენად უფრო მარტივია ფაფის მიკროტალღურში მომზადება მაინც ამჯობინებდი ფაფის ქვაბში მოხარშვას – უფრო სასიამოვნოა საუზმესთვის შრომაო. ამით ჯანსაღი რუტინის ფასი მასწავლე.
ნანას გარდაცვალების მერე მისი დაბადების დღე დიდ ზეიმათ აქციე. ყველას ჩვენ- ჩვენ საქმეს გვავალებდი, რომ ნანასთვის იდეალური დღე მოგვეწყო.
სადილს ერთ ჭიქა თეთრს და ერთ ჭიქა წითელს ატანდი.

ღამე თუ გაგეღვიძებოდა და ნახავდი, რომ მეც მეღვიძა შემომივლიდი და მეტყოდი “early bird catches the worm” და გაბრუნდებოდი საძინებელში.
ეს ის მხარეებია რომელიც ბევრმა არ იცის შენზე, ის მხარეები რომელიც იმ ჰიპერინტელექტუალ, დაუღალავ, მიზანმიმართულ და ხელოვან ადამიანს- გელა ჩარკვიანს ჩემ ბაბუას ხდის.

რითი დაგიმსახურე?

ჩემ ბედიანობაში ეჭვი არავის არ ეპარება, მაგრამ მე და შენ ბედზე ბევრად მეტი გვაკავშირებდა. ისე მოხდა, რომ ჩემი და შენი ურთიერთობა არ ჰგავდა არცერთ სხვას.
მე და შენ თითქმის ყოველდღე ვმესიჯობდით. არ მოვიტყუები და ბევრი დრო დავუთმეთ შენთვის მესიჯობის სწავლას. მეუბნებოდი “ამაში ნამდვილად მჯობნი თაგვო”..:) მაგ დროს ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის ეს. შენი ყოველი “ Whats up my little mouse?” მახარებდა. ყოველი მონაწერი კი, უფრო და უფრო გვაახლოვებდა.

რამდენი ადამიანი გიხსენებს როგორც მათ განმანათლებელს. რა მაგარია, რომ როგორც მასწავლებელი დარჩი ამდენ ადამიანს, მაგრამ რა ვქნა და არ შემიძლია, რომ გულში არ ჩავიცინო. ჩემთვის ხომ სულ სხვა დონის მასწავლებელი იყავი?! ყველაზე მეტი მე დამიტოვე. ამდენი ბლოკნოტი სავსე ყოვლისმომცველი ცოდნით, რომელიც ჰქმნის ჩემი ცნობიერის და ქვეცნობერის ძირითად ნაწილს და ამდენი მოგონება შენი ყოველდღიურობიდან რომელიც ბევრად მეტის მომცველია ვიდრე უმეტესი წიგნი.

მახსოვს როგორ გაგიხარდა, რომ ფილოსოფიით ვიყავი დაინტერესებული და როგორ გაგიკვირდა შენი ცნობილი სალათის გაკეთებისას როგორ მოგიყევი ვიდგენშტეინის თეზისებზე. სადილზე თუ უბრალოდ დიდ ოთახში ჯდომისას ბევრჯერ გვილაპარაკია ქალის როლზე ოჯახში, ინტელექტუალურ სფეროში და ზოგადად კაცობირობაში. ძალიან სუფთად მაქვს ჩაბეჭდილი თუ როგორი ქალი და ზოგადად ადამიანი გინდოდა რომ გავმხდარიყავი. მადლობა!

შენ ჩემი მარკუს ავრელიუსი ხარ. სტოიციზმის, შრომის და სიღრმის უმაღლესი მაგალითი. მარკუს ავრელიუს ჰყავდა შვილი, კომოდუსი, რომლის წარმატების მხოლოდ მარკუსს სჯეროდა და ყველაფერს შვებოდა, რომ თავისი დიადი ცოდნა და გამოცდილება მისთვის გადაეცა. როგორც ვიცით კომოდუსმა ვერ გაამართლა იმპერატორი მამის გეგმები და რომის ოქროს ხანას ბოლო მოუღო. უნდა მოახერხო, რომ მარკუს ავრელიუსის ამხელა სტანდარტი, დაუზარებელი შრომა და მონდომება წყალში ჩაყარო. შენ კი ხარ ჩემი მარკუსი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვაპირებ კომოდუსობას! გპირდები, რომ არ ჩავახშობ ჩვენ ოქროს ხანას და ყველაფერი რაც თაობების განმავლობაში მე გადმომეცით გადავცემ ჩემ შვილებს და შვილიშვილებს!

ჩემი წინ სვლა ახლა იწყება და ვწუხვარ, რომ აქ არ იქნები, რომ მოგიმესიჯო ჩემი ყოველი წარმატება. მე კი პირველად არ მაქვს ეს გრძნობა, რომ გამომაკლდა ადამიანი ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა ჩემი წინსვლა. ორი წლიდან განვიცდი, რომ ვერ მნახა ირაკლიმ ისეთი როგორიც თუნდაც შენ მნახე, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ ის სულ ჩემთან იყო და დღემდე მადევნებს თვალს… ახლა შენც იქვე ხარ და უკვე ერთად გაიღიმებთ ჩემ წარმატებაზე…

სენეკას თანახმად – როგორც ცეცხლი ცდის ოქროს, უბედურება ცდის ძლიერ ადამიანს. ძალიან დამწყვიტე გული შენი წასვლით, მაგრამ სირთულის მიუხედავად უნდა გადავდო სენტიმენტები გვერდზე რადგან ვიცი რომ შენ და ირაკლის ესე გენდომებოდათ. უკვე საქმე მეძახის და გპირდებით, რომ აუცილებლად გაამაყებთ… სხვა რა დამრჩენია.

თქვენ იცით აბა! ბერვი ღვინო არ მოგივიდეთ.

მიყვარხართ, თქვენი პატარა ნანა.

2 კომენტარი
44

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი

2 კომენტარი

ანონიმური ნოემბერი 21, 2021 - 2:48 pm

კარგი შვილი და შვილიშვილი❤❤❤

პასუხი
ანონიმური ნოემბერი 22, 2021 - 1:33 pm

ნანა ❤️ გაიხარე

პასუხი