fbpx

„ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩვენ ვართ“

ავტორი ნინო გონგაძე
637 ნახვა

საკუთარი თავი და ძალები ბევრ საქმეში გამოსცადა, მაგრამ გული ვერაფერს დაუდო, მანამ, სანამ ქოუჩინგის არსებობის შესახებ არ გაიგო. უკვე ხუთი წელია ამ სფეროშია და ამბობს, რომ ეს ნამდვილად ის საქმეა, რომელიც აბედნიერებს.

როგორ დაახასიათებთ საკუთარ თავსმეთქი ვკითხე – „ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან ბევრი ოცნება ავიხდინე, აქედან ერთ-ერთი ამერიკაში ოჯახთან ერთად ცხოვრება და ჩემი პროფესიით მუშაობა იყო. როცა მიზანს ვისახავ ბოლომდე მივყვები, გაჩერება არ შემიძლია. ეს ჩემი საუკეთესო უნარია. ძალიან მრავალფეროვანიც ვარ, შემიძლია ძალიან მშვიდიც ვიყო და ძალიან გიჟიც, სასწაულები მოვიფიქრო და ვაკეთო. მიყვარს გულიდან წამოსული ღიმილი და ადამიანებთან ურთიერთობა.“

„ჟოლო“ დღეს ქოუჩ ნესი იმნაძეს გაგაცნობთ. მისი რეგალიები ასე გამოიყურება – RPT თერაპევტი, არტ თერაპევტი, მაბ კონსულტანტი, კორპორატიული ქოუჩი, პერსონალური ქოუჩი.

ნესი იმნაძე: ქოუჩობამდე საკმაოდ საინტერესო გზა გავიარე. პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ მივხვდი, რომ იურისტობა ჩემი არ იყო. ბევრი მიმართულებით ვცადე საკუთარი თავი და ძალები. ხან კერძო ბიზნესში ვიყავი, ხან ქსელურში ლიდერულ პოზიციაზე, სადაც პიროვნული ზრდის საოცარ ტრენინგებს ატარებდნენ ჩვენთვის, სწორედ მაშინ მოვიხიბლე საკუთარ თავზე მუშაობის პროცესით.

ამის შემდეგ იყო დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტკივილი, კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული ჩაკეტვა. ამ გლობალურმა პრობლემებმა დამსტრესა, ბიზნესი დავხურე და დიდ დეპრესიაში აღმოვჩნდი. დავიწყე ფსიქოლოგთან სესიებზე სიარული, რაც ძალიან საინტერესო და სასიკეთო აღმოჩნდა.

მერე ინტერნეტში მსგავსი კურსები მოვიძიე და დავიწყე სწავლა ქოუჩინგის სკოლაში. მივხვდი, რომ იმ საქმიანობასთან ვიყავი ახლოს, რაც მომწონდა და მავსებდა. ზუსტად ვიცოდი, რომ სფერო, რომელშიც მე ბედნიერი და წარმატებული ვიქნებოდი, ადამიანებთან ურთიერთობას უკავშირდებოდა.

რისთვის არის ქოუჩინგი საჭირო და როდის უნდა მივმართოთ ქოუჩს?

– როდესაც რაღაც მინდა და ფაზლებივით არის დაშლილი ეს სურვილები, მე მიწევს გზების მოძიება, თუ როგორ უნდა შევკრა ეს სურვილების ფაზლი. თუკი მე ამ სურათის ასაწყობად ორი წელი დამჭირდება, ქოუჩის დახმარებით ეს ხუთ თვეშია შესაძლებელი. დანიშნულების ადგილას უფრო მარტივად მიყავხარ, ვიდრე ამას შენით შეძლებდი. თავიდან მეც არ მყოფნიდა მოტივაცია. ვიწყებდი საქმეს და შუა გზაზე ვჩერდებოდი, მერე ვფიქრობდი, თუკი გეზარება, ე.ი ეს საქმე შენი არ არის. მოტივაცია იკარგება მაშინ, როდესაც მიზნის ხედვა აღარ გაქვს. ქოუჩინგი სწორედ ამაში გეხმარება, რომ კონკრეტულად განსაზღვრო მიზანი და მიზანთან მისასვლელი გზები, როდესაც ის მიზანი ჩირაღდანივით ანთია, მასთან მისასვლელი გზა განათებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის განსაზღვრაა. უმიზნო ქმედება სიბნელეში სიარულს ჰგავს. ქოუჩი მიზნების სწორად განსაზღვრაში გვეხმარება, საკუთარ თავში რესურსების მოძიებაში და განახებს გზებს, სად, როგორ უნდა მიხვიდე.

რა თემებზე მუშაობთ და რომელია ყველაზე ძლიერი და ეფექტური მეთოდი, რომელიც 100 %-იან შედეგს დებს?

– ჩვენ ქოუჩები, ძირითადად მომავალზე ვმუშაობთ. უნდა მომმართონ ადამიანებმა, რომლებსაც არ აქვთ მიზანი, მოტივაცია, ვმუშაობ ურთიერთობებზე, შიშებზე. უძლიერესი მეთოდი RPT თერაპიაა, ეგრეთწოდებული განკურნების ხელოვნება. მეთოდი, რომელიც ტრავმებზე მუშაობს, სამუდამო განკურნების გზითაა ცნობილი. ასევე არსებობს RPT 2 მას თავიდან დაბადების ხელოვნება ჰქვია, როდესაც ბევრი მიმართულებით გაქვს პრობლემა, ეს მეთოდი კარგად მუშაობს. ყველაფერი მუშავდება დაბადებიდან დღემდე.

რა უნარ-ჩვევების ფლობა ევალება ქოუჩს, რომ ჩვენში ნდობა გამოიწვიოს?

– ქოუჩს მოეთხოვება ღრმა მოსმენის უნარი. თუკი მხოლოდ ქოუჩინგით მუშაობ, რჩევის მიცემის უფლება არ გაქვს. როდესაც კლიენტი რაღაც საკითხის დასამუშავებლად მოდის და კითხვები აქვს, მან აუცილებლად იცის გამოსავალი და ამ კითხვებზე პასუხიც, უბრალოდ თვითონ ვერ იაზრებს და ჩვენ ქოუჩები, ამაში ვეხმარებით. კითხვების დასმით მიგვყავს იმ პასუხამდე, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია. ქოუჩი არასდროს იძლევა მზა რეცეპტებს, სამყაროში ისედაც არ არსებობს მზა რეცეპტები. ვიღაცისთვის კონკრეტული სიტუაცია შეიძლება ძალიან კარგად მუშაობდეს, ვიღაცისთვის ძალიან ცუდად. ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს და მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, მან უნდა აარჩიოს საუკეთესო. მთავარია იცოდე რა გინდა და რატომ გინდა.

როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ქოუჩების და ფსიქოლოგების ასე მომრავლება?

– მომრავლების მიზეზი ის არის, რომ ქოუჩინგში ძალიან მოკლევადიანი და ხელმისაწვდომი კურსებია. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ხუთი წელი ისწავლეს და თავის პროფესიას ვერ იყენებენ, ამ ხუთ თვეში რაღაცას მიაღწიეს. მაგრამ ქოუჩი აქედან ყველა ვერ ხდება, ეს არ არის ხუთ თვეში მისაღწევი პროფესია. ნებისმიერი პროფესიის შესწავლას მინიმუმ ხუთი წელი მაინც სჭირდება. პირადად მე, ქოუჩინგის რამდენიმე კურსი მაქვს გავლილი. როცა აქ შედიხარ, ჯერ ქოუჩინგზე იგებ რაღაცას, შემდეგ თერაპიებზე, არ შეიძლება რომ არ დაგაინტერესოს, ასე გითრევს ეტაპ ეტაპ. ვფიქრობ, რომ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი. მინდა ფსიქოლოგიის მიმართულებითაც მივიღო ცოდნა.

როდის ხვდებით, რომ პროფესია სწორად აარჩიეთ და რა გიყვართ ამ პროფესიაში ყველაზე მეტად?

– მაშინ, როდესაც ადამიანი შენთან ძალიან დაბნეული მოვიდა, არ იცოდა რა უნდოდა, რა გაეკეთებინა, შენი სესიების და რაღაც დროის გასვლის შემდეგ, როცა ამ ადამიანს წელგამართულს, კმაყოფილს, თავდაჯერებულს და გამარჯვება მიღწეულს ხედავ, სწორედ ამ დროს ვხვდები რომ პროფესია სწორად ავარჩიე. ადამიანის გონებაში რომ რაღაც აინთება, გაიხსნება და შენ ამაში წვლილი მიგიძღვის, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა. ამ პროფესიაში ყველაზე მეტად რაც მიყვარს, საკუთარ თავზე მუშაობის შესაძლებლობაა. აღმოვაჩინე ის, რომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ვართ ჩვენ. ჩემს კლიენტებს, რომლებიც მეუბნებიან, ჩემი თავისთვის არ შემიძლია, თორემ სხვებს კი ვაძლევ რჩევებსო, ყოველთვის ვეუბნები, შენს თავს ისე შეხედე, როგორც შენს საუკეთესო მეგობარს და სწორედ ამ პოზიციიდან დაელაპარაკე- მეთქი. შემდეგ სესიაზე მოსულები ამბობენ, რომ ეს მათთვის ძალიან დიდი აღმოჩენა იყო. როცა საკუთარ თავს ხშირად ვლანძღავთ, მისით უმადურები ვართ და ამ დროს ვფიქრობთ თუ რატომ ვერ ვაღწევთ წარმატებას. ამიტომ ვიყოთ იმით კმაყოფილები, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ იმაზეც ვიფიქროთ რა უნდა გავაკეთოთ უკეთესად.

სოციალურ ქსელში დაწერეთ, ერთ წელში ძალიან შევიცვალე, მგონია, რომ სხვა ადამიანი ვარ, ბევრი გამოცდილებებით და გააზრებებითო. რა მოხდა ამ ერთ წელში, რამ მოახდინა თქვენი ასეთი გარდასახვა?

– ამ ერთ წელში ბევრი რაღაც შეიცვალა და არა მხოლოდ კარგი მიმართულებით. უკვე ორი წელია რაც დედა აღარ არის და მის გარეშე ცხოვრებას ვსწავლობ. რაც შეეხება დადებითს, საცხოვრებელი ქვეყანა შევიცვალე და ყველაზე ბევრი კურსიც ამ ერთ წელიწადში გავიარე. რაც საკუთარი თავი გავიცანი, მას შემდეგ, იმდენად დიდი გაცნობიერება და გააზრება მოვიდა, საოცარი აღმოჩენა გავაკეთე. დავწერე კიდეც, თურმე ნესი კარგი გოგო ყოფილა მეთქი 🙂 რაღაც ეტაპზე საკუთარ თავზე მუშაობის დაწყება აუცილებელია. ვინ ხარ, რატომ ხარ, რა გინდა, როდესაც ამ კითხვებს უსვამ საკუთარ თავს, ხვდები რომ ამაზე აქამდე არ გიფიქრია. მნიშვნელოვანია შენი დადებითი და ძლიერი მხარეების ცოდნა. ნებისმიერი თვისება სწავლადი და გამომუშავებადია, რაც ისევ და ისევ საკუთარ თავზე მუშაობით მიიღწევა. ეს წელი მნიშვნელოვანი იყო მოგზაურობის თვალსაზრისითაც, ბევრი საინტერესო, ახალი ადგილი ვნახე. თითქმის ყოველთვე სხვადასხვა ქალაქს ვათვალიერებთ.

რამდენი ხანია, რაც ნიუ იორკში ცხოვრობთ, რას საქმიანობთ და ნამდვილად არის თუ არა ამერიკა, როგორც მას ეძახიან, ოცნებების ახდენის ქვეყანა?

– ნიუ იორკში ფაქტობრივად ერთი წელია რაც ვცხოვრობ. აქაც მუდმივად სესიების და ტრენინგების რეჟიმში ვარ. ახლა, რომ დათბება ძალიან მინდა ბუნებაში, არტ თერაპიული ცოცხალი შეხვედრები გავაკეთო. ბევრი ემიგრანტი გავიცანი, ვგრძნობ და ვხედავ აქ რა სჭირდებათ ადამიანებს. დარწმუნებული ვარ ბევრისთვის ძალიან სასიამოვნო შეხვედრები იქნება. ზუსტად ვიცი, ამით მე თვითონაც ძალიან ვისიამოვნებ. ამერიკა ნამდვილად არის ოცნებების ახდენის ქვეყანა, თუმცა ვისთვის როგორ. საქართველოდან ამერიკა სულ სხვანაირად სჩანს. ვინც ჩამოდის, დასაწყისში, ბევრს აქვს განცდა რომ იმედი გაუცრუვდა, თუმცა გარკვეული ბარიერების გადალახვის შემდეგ, ამერიკა არის შესაძლებლობების ქვეყანა და შრომის შედეგად მიიღწევა წარმატება. მიყვარს სიახლეები. ჩემთვის საინტერესო და სასიამოვნოა აქ ყოფნა. ვსწავლობ, სესიებს ვატარებ და თავისუფალი დრო რაც მრჩება, დავდივარ და ვათვალიერებ ყველაფერს. ულამაზესი სოფლები აქვთ. არის სოფლები, სადაც დღემდე თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრობენ. ბუნება ძალიან მოვლილი და შთამბეჭდავია. გაშლილ მინდორში რომ იდგა სახლები, მეგონა მხოლოდ ფილმებში იყო ეს სილამაზე. ყველაზე დიდი ემოცია გამოიწვია სახლებმა ეზოების გარეშე. ჩემში თავისუფლების და ღიაობის შეგრძნებას იწვევს. აქ თავდაჯერებულად და თავისუფლად ცხოვრობ, თითქოს არაფრის შიში არ გაქვს.

როგორ და რა რიტუალით დავიწყოთ დილა, რომ მთელი დღე ენერგიით და კარგი განწყობით ვიყოთ დამუხტული?

– მე მაქვს ასეთი რიტუალი – დილით, როგორც კი სიფხიზლე მოდის, თვალების გახელამდე გულში ოთხ ფრაზას ვიმეორებ – „ვწუხვარ,“ „გთხოვ, მაპატიე,“ „მადლიერი ვარ“, „მე შენ მიყვარხარ.“ ეს ჰავაელების ტრადიციაა და ამ ტექნიკას ჰქვია  – ჰო’ოპონოპონო. ძალიან მიყვარს ეს ფრაზები, კარგი იქნება თუ თქვენც ცდით. გაღვიძებიდან პირველი ხუთი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთელი დღის განწყობას განსაზღვრავს. გაღვიძება ზოგადად სტრესული მომენტია, ჩვენ სწორედ სტრესის ჰორმონი გვაღვიძებს. დილით შხაპის მიღება გამოფხიზლებაში და ენერგიის მოცემაში ძალიან გვეხმარება. მიყვარს ბუნებაში გასვლა, საოცარი გარემოა სადაც ვცხოვრობ, სიმწვანე, ტყეები, თავისუფლად დარბიან ირმები და ციყვები. ბუნებასთან კონტაქტი, საოცარ ენერგიას იძლევა.

რა ამარცხებს სტრესს?

– რაც ჩემთვის არის სტრესისგან დაძლევის საშუალება, ეს მეთოდი სხვისთვის ეფექტის მომცემი, შეიძლება საერთოდ არ იყოს. მაგალითად ხატვა, ზოგისთვის თერაპიული პროცესია, ზოგს აღიზიანებს და ნერვები ეშლება.  დააკვირდით რა არის თქვენი ჰობი, რისი კეთება გსიამოვნებთ და აუცილებლად დაუთმეთ დრო ამ ჰობს. ადამიანებს ჰგონიათ, რაც მეტს იმუშავებენ, მეტს გამოიმუშავებენ, მაგრამ თუ დასვენების და სიამოვნების შეგრძნება არ არის დაბალანსებული, გაცილებით ნაკლებად პროდუქტიულები და კრეატიულები ვართ.

როგორ დავამარცხოთ სიზარმაცე?

– სიზარმაცე მოტივაციის ნაკლებობაა. მოტივაციის ნაკლებობას კი მიზნის არ არსებობა, ან მისი არასწორი ჩამოყალიბება განსაზღვრავს. აუცილებლად დამეზარება რაღაცის კეთება მაშინ, როცა მიზანი არ მაქვს. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, სწავლის პროცესი ადამიანების 99% ს ეზარება, მაგრამ ახლა ამ ასაკში მეზარება კი არა, ისეთი მოტივირებული ვარ, ასე მგონია დრო არ მყოფნის, იმისთვის, რომ მეტი გავიგო და ვისწავლო, ეს იმიტომ რომ უკვე მიზანი მაქვს. როდესაც სიღრმისეულად გავშლით ჩვენს მიზანს, თუ რას მომცემს, როგორ შეიცვლება ჩემი მდგომარეობა, უკვე მოტივაცია მემატება და სიზარმაცეც თავისით მიდის. მოტივაციას კი მიზნის განსაზღვრა გვაძლევს.

როგორ მივაღწიოთ წარმატებას?

– წარმატება ძალიან ინდივიდუალური ცნებაა. ერთისთვის რაც წარმატებაა, მეორესთვის შეიძლება უკუსვლა იყოს. თუკი წარმატება მინდა, უნდა განვსაზღვრო რა არის ჩემთვის წარმატება, როგორი წარმატება მინდა, როგორი წარმატება გამაბედნიერებს და რა დამეხმარება ამაში… ყველა პასუხი ჩვენშია. საკუთარ თავზე მუშაობით და მიზნის დასახვით ყველაფერი მიიღწევა.

არსებობს ასეთი ადამიანი – ჯო ჯერალდი, რომელიც გაყიდვებში გინესის რეკორდსმენია. ჩემს კლიენტებთან, ამ ადამიანის წარმატების ისტორია ხშირად მომყავს მაგალითად. ჯოს მამა და ბაბუა ფეხსაცმლის მწმენდავები იყვნენ. მეორე კლასის დამთავრების შემდეგ მამამ უთხრა, საკმარისია სწავლა, უკვე წერა-კითხვა იცი, დროა შენი ფულის გამომუშავება ისწავლო და გვერდით დაგვიდგეო. თოთხმეტი წლის იყო სახლიდან რომ წამოვიდა და მანქანების ერთ-ერთ სალონს თხოვნით მიადგა, ნებისმიერ პოზიციაზე ამიყვანეთო. რომ ვერ მოიშორეს ბოლოს მანქანების ფლაერები მისცეს და უთხრეს ჩვენი სალონიდან რაც შეიძლება შორს წადი რომ ჩვენთან არ ასოცირდებოდეო. ერთ წელიწადში 471 მანქანა გაყიდა. დღეს ის უკვე სამოტივაციო სპიკერი და ბევრი წიგნის ავტორია.

ბედნიერების რეცეპტი?..

– ბედნიერების რეცეპტი გულიდან წამოსული ღიმილი და სიტუაციის დადებითად დანახვაა. ნებისმიერ სიტუაციაში არსებობს მედლის ორი მხარე. ჩვენი არჩევანი და უფლებაა სიტუაციას უარყოფითად დავინახავთ თუ დადებითად. დავუშვათ რაღაც ცუდი მოხდა, დაფიქრდი, რა შეიძლება ამ ცუდმა მოგიტანოს კარგი? ერთ-ერთ კურსზე ასეთი დავალება მოგვცეს, გაიხსენეთ ყველაზე ცუდი შემთხვევა თქვენი ცხოვრებიდან და ამ ცუდ რაღაცაში იპოვეთ რამდენიმე კარგი რამო. დედა რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო და პირველი გააზრება რაც მომივიდა, დედა რეანიმაციაში გარდაიცვალა, ძალიან წვალობდა და კარგი იყო ის, რომ მეტი არ იწვალა…

პოზიტიური ხედვის და წვრილმანების დანახვის უნარი გიქმნის ბედნიერებას. ზოგადად ცუდ რაღაცებს უფრო ვამჩნევთ და რა არ გვინდა ის უფრო კარგად ვიცით, ვიდრე რა გვინდა. თუ არ შეგიძლია აღმოაჩინო რა გინდა, ჩამოწერეთ რა არ გინდათ, შემდეგ ამის საპირისპიროდ კარგად დაინახავთ რა გინდათ. ვიფიქროთ, როგორი ცხოვრება მომეწონებოდა მე, თუკი ვიცი რა მინდა, როგორი მინდა, ხშირ შემთხვევაში, ცხოვრება ისე ლაგდება როგორც მე მინდოდა. ეცადეთ, რომ ფიქრი დაიწყოთ იქედან როგორ გინდათ. პოზიტიური ფიქრი ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერი რამ სამყაროში იწყება ფიქრით. ჯერ მოდის ფიქრში, მერე მოდის აზრებში, შემდეგ აზრები სიტყვებში, სიტყვები ქმედებაში, ქმედება უკვე ბედს განსაზღვრავს. ფიქრი უდრის ბედს. ამიტომ თუ გინდათ იყოთ ბედნიერი, უნდა იფიქროთ პირველ რიგში ბედნიერებაზე.

ნესი, თქვენს სამომავლო გეგმებში რა შედის?

– ჩემს სამომავლო გეგმებში მუდმივი სწავლა და მოგზაურობა შედის. მე და თამარ ქურდაძე ვაკეთებთ პროექტს- „სასიყვარულო თამაშები“, რომელიც მარტის ბოლოს დაიწყება. ეს ძალიან საინტერესო პროექტი ამჯერად მხოლოდ ქალბატონებისთვის გვაქვს. პროექტი ქალის და მამაკაცის შესახებაა და მასში ბევრი ისეთი ინფორმაციაა თავმოყრილი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს.

ავტორი: ნინო გონგაძე

ნესი იმნაძესთან დასაკავშირებლად გადადით ლინკზე: https://shorturl.at/afoAZ

მსგავსი სტატიები

Leave a Comment