fbpx

“ძილში უსაქმოდ დაკარგული საათები მენანება”- მაია გოჩაშვილი

ავტორი ნინო გონგაძე
1.9K ნახვა

საყვარელი საქმის შესწავლას და ოცნებებისთვის ფრთების შესხმას, რომ შეზღუდული ასაკი არა აქვს ამაში კიდევ ერთმა რესპონდენტმა დამარწმუნა. დღეს გაგაცნობთ ქალბატონს, რომელმაც მოხატვის ხელოვნება 53 წლის ასაკში შეისწავლა და დღეს ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის. მიზნის მისაღწევად მთავარი სურვილი და მონდომებააო, – ამბობს მაია გოჩაშვილი.

მაია გოჩაშვილი: ინტერნეტით გავიგე, რომ მხატვარი მეგი გვენეტაძე მასტერკლასებს ატარებდა და უნდოდა ისეთი მოსწავლეები აეყვანა, რომლებმაც ხატვა საერთოდ არ იცოდნენ. მე ისიც კი არ ვიცოდი ფუნჯი როგორ დამეჭირა ხელში. მაგრამ სურვილი გაჩნდა და ამ სურვილს მივყევი. ასე ონლაინ გაკვეთილებით ხატვის ტექნიკა შევისწავლე.
მერე ჩემს თავზე ბევრი ვიმუშავე. ჩემი პირველი სერიოზული ნახატი დეკორატიული მზესუმზირა იყო. ვფიქრობ გამომივიდა, მასწავლებელსაც ძალიან მოეწონა. უკვე მესამე წელია, რაც ამ საყვარელ საქმეს აქტიურად ვაკეთებ.
– თეფშებზე ხატვის იდეა საიდან მოგივიდათ ?

– ბავშვობიდან ვოცნებობდი ისეთ სახლზე, სადაც კედლებზე ძალიან ბევრი მოხატული თეფში მექნებოდა. თეფშების გარდა ვხატავ: ავეჯზე, თიხაზე, ნაძვის ხის სათამაშოებზე, თაბაშირისგან კვერცხებს ჩამოვასხამ და მერე მოვხატავ ხოლმე. ტილოებზეც… ამ ბოლო დროს ანგელოზების ხატვა დავიწყე, ძალიან მამშვიდებს.
საოცარი თერაპიული ეფექტი აქვს ამ პროცესს. სულ სხვა შეგრძნებით ვარ, თითქოს სულიერი სამყარო იხსნება, მამშვიდებს და სიცოცხლის სურვილი მიჩნდება. სიცოცხლე უფრო დავაფასე. ძილში დაკარგული წუთები და საათები მენანება. ვცდილობ ნაკლები მეძინოს, რადგან უფრო ბევრი რამის გაკეთება მოვასწრო. მუშაობა უფრო საღამოს და ღამით მიყვარს სიმშვიდეში. დღისით ძირითადად ეზოს ყვავილებს ვუვლი.

-რისი ხატვა განიჭებთ სიამოვნებას?

-მიყვარს ყვავილების, ანგელოზების, ბროწეულების და ფრინველების ხატვა. ძირითადად აკრილით ვხატავ. სხვა მასალა არც მიცდია. არ ვიცი, იქნებ უკეთესიც გამომივიდეს. ზეთი მინდა მოვსინჯო. ჩემს ნახატებში ოქროსფერი სჭარბობს, ძალიან მიყვარს ეს ფერი.

-სად შეიძლება თქვენი ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა. თუ გაქვთ გვერდი ამისთვის?

-ტექნოლოგიებთან ვერ ვმეგობრობ და ჯერჯერობით თავი ვერ მოვაბი, მაგრამ ახლო მომავალში, გეგმაში მაქვს, ჩემი ნამუშევრების გვერდის გაკეთება. მანამდე კი ჩემს პირად სოციალურ გვერდზე არის შესაძლებელი მათი ნახვა და შეძენა.

– რა გჭირდებათ იმისათვის, რომ უფრო აქტიურად აკეთოთ ეს საქმე, თქვენი ნატვრა რა არის ამ მიმართულებით?
– ძალიან მინდა საზოგადოების ნაწილმა გამიცნოს და უფრო გაყიდვადი გახდეს ჩემი პროდუქცია. აღებულ თანხას ისევ ახლის შესწავლას და გაკეთებას მოვახმარ. მინდა მთლიანად ვიყო ამ საქმით დატვირთული და მოცული.
მინდა ასევე კომპიუტერული პროგრამა შევისწავლო და ჩემით გავაკეთო ის, რაც ჩემი საქმისთვის მჭირდება. ძალიან მინდა ჩემი ყვავილები გადავიღო და ლამამაზი ვიდეო ჩანახატები შევქმნა.

– ქალბატონო მაია, თქვენ ულამაზეს ყვავილების ბაღზეც მოგვიყევით

– ხატვასთან ერთად ყვავილების გაშენება და მოვლა ჩემი საყვარელი საქმიანობაა. ერთს ღამით ვაკეთებ, მეორეს დღისით. ეს ყვავილების ბაღი, საკუთარი ხელით და ძალებით გავაშენე სამტრედიაში, იქ სადაც ახლა ვცხოვრობ. სანამ ომი დაიწყებოდა ცხინვალში ვცხოვრობდით და ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს ამ საქმეს. დედა ქალაქის მთავარი დეკორატორი იყო. საოცარი ბაღი გვქონდა. ხალხი სანახავად მოდიოდა. 1991 წელს ყველაფერი დავტოვეთ და წამოვედით. სამტრედიაში დიდი კარ-მიდამო მაქვს, ცოტა გვიან გადავწყვიტე ყვავილების გაშენება, მანამდე პედაგოგიური საქმიანობით ვიყავი დაკავებული და დრო არ მრჩებოდა. ნელ-ნელა მივყვები და ვაკეთებ, ძვირადღირებულია და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული მცენარეების შეძენა. საკოლექციო ვარდებით ვარ დაინტერესებული. ძალიან ლამაზი ვარდების ბაღი მინდა მქონდეს, მინდა ჩემი ეზო კიდევ უფრო გავალამაზო და სასიამოვნო გარემო შევქმნა, რათა შემდეგ სტუმრები მივიღო. მოვიდნენ, დაათვალიერონ ჩემი ბაღი, ფოტოები გადაიღონ, ჩამოსხდნენ და უბრალოდ დაისვენონ.

სხვა ნამუშევრების სანახავად და შესაძენად გადადით გვერდზე :

მაია გოჩაშვილი: 591 01-99-82

ავტორი: ნინო გონგაძე

Jolo.ge წარმატებას და სურვილების განხორციელებას უსურვებს ქალბატონ მაიას

მსგავსი სტატიები

Leave a Comment