fbpx

„IT CRAFT“ და წარმატების კანონები – დაიცავი თავი კიბერთავდასხმისგან

ავტორი ჟოლო
175 ნახვა

თუ გსურთ, იყოთ წარმატებული, ეს ინტერვიუ აუცილებლად წაიკითხეთ!!!

როგორ დავიცვათ თავი კიბერთავდასხმისგან? რას ვუფრთხილდეთ და როგორ გადავარჩინოთ პირადი ინფორმაცია? დაცულია თუ არა ჩვენი ონლაინ უსაფრთხოება? – ამ კითხვებზე პასუხებსა და საჭირო რჩევებს კომპეტენტური პირისგან მიიღებთ.

დღეს ჩვენი სტუმარია კომპანია „IT CRAFT“-ის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი მიქაცაძე.

ადამიანი, რომელმაც ძალიან მოკლე ხანში შეძლო წარმატებული ბიზნესის აწყობა, მოტივირებული და მიზანდასახული გუნდის შექმნა და ქართულ ბაზარზე დიდი ნდობის მოპოვება. დღეს ის საკუთარ წარმატების ფორმულას გაგვიზიარებს და თითოეულისთვის სასარგებლო და საჭირო პრინციპეზე, ცხოვრების წესსა და ღირებულებებზე საუბრბს. იმაზე, რაც წარმატების გზაზე მყოფ ადამიანს აუცილებლად წაადგება. თუმცა მანამდე პასუხები კიბერშეტევებსა და ჩვენს ონლაინ უსაფრთხოებაზე.

– გიორგი, თქვენი კომპანიის ყველაზე ძლიერი მხარე კიბერუსაფრთხოების დაცვაა. რამდენად მოთხოვნადია ეს სერვისი ჩვენთან?

– სამწუხაროდ, წლებთან ერთად კიბერთავდასხმებიც იზრდება. თუმცა, ჩვენთან თანამშრომლობით რატომღაც კომპანიები უფრო არიან დაინტერესებულნი, ვიდრე ფიზიკური პირები. ხელშეკრულებით ვთანამშრომლობთ დიდ კომპანიებთან. ინფორმაციის დაცვის მიზნით ყოველთვიურად მინიმუმ თხუთმეტი პარტნიორი კომპანია გვემატება. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ისინი ნაკლებად მოგვმართავენ. ალბათ, გამოუცდელობის გამო. სანამ ფაქტის წინაშე არ დადგება ადამიანი, ვერ აცნობიერებს, რომ ინფორმაციის დაცვაა საჭირო.

მომხმარებლებს დამატებით სერვისსაც ვთავაზობთ – მათი ინფორმაციის ჩვენს სერვერზე შენახვას, ან ჩვენს სერვერზე შემოსვლას და იქ მუშაობას, რომელსაც ოცდაოთხ საათში ერთხელ ავტომატურად „ვუბექაფებთ“ და ვინახავთ. ამ შემთხვევაში ის უკვე დაცულია ნებისმიერი საფრთხისგან.

–  მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ, როდის დააარსეთ IT CRAFT“?

„IT CRAFT“, როგორც ბრენდი, წელიწად-ნახევარია, რაც ქართულ ბაზარზე შემოვიდა, თუმცა ამ სფეროში  დიდი გამოცდილება მაქვს, ვმუშაობდი სხვა შპს-ს სახელით. ორი კაცით დავიწყე, განვავითარე და საკმაოდ ცნობილი და მოთხოვნადი აიტი კომპანია გავხადე. შემდეგ, საჭიროებიდან გამომდინარე, დაიბადა  ბრენდი/შპს IT CRAFT, ძველ გუნდთან ერთად. ახლა ამ ბიზნესს მეგობართან ერთად ვხელმძღვანელობ, თუმცა მეტი წილი პასუხისმგებლობა ახლაც ჩემს თავზე მაქვს აღებული. ჩვენს კომპანიაში, სხვადასხვა მიმართულებით, ოცდათხუთმეტი ადამიანია დასაქმებული. ყველა მიმართულებას თავისი მენეჯერი ჰყავს, რომლებიც თავიანთ საქმეზე არიან პასუხისმგებელნი. ჩვენი კომპანიის სლოგანია – „იმუშავე შეფერხების გარეშე“. აქცენტს სწორედ ხარისხსა და სისწრაფეზე ვაკეთებთ. ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, მართლაც შეუფერხებლად მუშაობს. ამიტომაც გვყავს კმაყოფილი მომხმარებელი.

– რას გვირჩევთ, როგორ დავიცვათ თავი კიბერთავდასხმისგან? რას ვუფრთხილდეთ, რა არის საჭირო ონლაინ უსაფრთხოებისთვის?

– პირველ რიგში, აუცილებელია, ჩავწეროთ ლიცენზირებული ანტივირუსები. ყურადღებით უნდა ვიყოთ და კომპიუტერში შემოსვლის უფლება ყველას არ უნდა მივცეთ. ფრთხილად უნდა ვიყოთ სხვადასხვა რეკლამასთანაც. როცა რეკლამას ვეთანხმებით, შეიძლება ისეთი ფაილები აიტვირთოს ჩვენს კომპიუტერში, რომლებსაც ვერ ვხედავთ, ეს კი სერიოზული საფრთხეა. ამიტომ არ უნდა გავხსნათ ისეთი საიტი, რომელსაც არ ვიცნობთ. ასევე, არ უნდა გავხსნათ უცხო „მეილები“. „მეილები“ დღესდღეობით ყველაზე დაუცველია. ხშირად საშიშროება ექმნება „ინვოისებსაც“. ზოგჯერ გაგზავნილ „ინვოისს“ ჰაკერები გზაში იჭერენ და თავის ანგარიშს უთითებენ. შესაბამისად, თუ ანგარიშის ნომერს არ დავაკვირდებით, შეიძლება ჩვენი თანხა სხვასთან აღმოჩნდეს და ის პროდუქტი, რაშიც თანხა რეალურად გადავიხადეთ, ჩვენამდე ვერ მოვიდეს.

რამდენიმე ხნის წინ ასეთი ფაქტებიც დაფიქსირდა: ინტერნეტბანკში გადარიცხვების გაკეთებისას ქართული ბანკების ანალოგიური, ყალბი საიტები გამოჩნდა, რამდენიმემ შეცდომა დაუშვა და თანხები ამ ყალბ საიტებზე გადარიცხა. ამიტომ აუცილებელია, დავაკვირდეთ და კარგად შევამოწმოთ, რა საიტზე შევდივართ. უნდა შევამოწმოთ ანგარიშის ნომრები, როცა რომელიმე საიტზე ვრეგისტრირდებით და ჩვენს ბარათს ვუთითებთ, მაგრამ არ ვიცით, რამდენად სანდოა ის. დღეს ძალიან ბევრი საიტია, საიდანაც გამოწერაა შესაძლებელი. ჩვენ კი საკუთარი ხელით ვაძლევთ მათ საბარათე ინფორმაციას, ჩვენს სრულ მონაცემებს. ამ დროს ვკარგავთ თანხას და მერე ვებრძვით ბანკებს. თავად თუ არ დავიცავით თავი და სიფრთხილე არ გამოვიჩინეთ, ბანკი ვერ დაგვიცავს. უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ ადამიანს, ვინც სხვადასხვა საიტზე რეგისტრირდება, სხვადასხვა რეკლამას ეთანხმება, სხვადასხვა „ფეისბუკპოსტზე“ შედის და თავის პირად ინფორმაციას უგზავნის რაღაცების გამო, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია.

როგორც ვიცი, კიბერთავდასხმები ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში მატულობს ხოლმე, რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს?

კი, ეს სიმართლეა, კიბერთავდასხმები ძირითადად დეკემბრის შუა რიცხვებიდან იწყება. ეს ხდება იმის გამო, რომ ახალი წლის მოლოდინსა და სამზადისში ბევრად უფრო მოდუნებულია მომხმარებელი. კიბერთავდასხმისგან თავის დასაღწევად საჭიროა, იპოვოთ კარგი კომპანია და სპეციალისტი, რომელმაც იცის თავისი საქმე, იცის, როგორ უნდა შეინახოს ინფორმაცია. სწორედ ამას აკონტროლებს ჩვენი კომპანია, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ამ პერიოდისთვის.

რატომ უნდა გავაკეთო არჩევანი თქვენს კომპანიაზე, რით ხართ გამორჩეულები?

ჩვენთან მიიღებთ ყველა იმ მომსახურებას, რაც თქვენთვის საჭირო და აუცილებელია. და ეს იქნება მაღალი ხარისხითა და სრული გარანტიებით. ჩვენ არა მარტო აიტი მომსახურებას ვუწევთ კომპანიებს, არამედ კონსულტაციასაც. როცა კომპანია იზრდება, განვითარებისთვის სიახლეები სჭირდება. ზუსტად განვითარების დროს ვერთვებით ჩვენც. ერთად განვიხილავთ პლუსებს, მინუსებს, რისკებს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას დამკვეთი.

სრული მომსახურება გვაქვს აიტი სფეროში. გვაქვს ტექნიკური სერვისი ნებისმიერი მიმართულებით. ყველაზე მოთხოვნადი სერვისი „აუთსორსინგია“. „აუთსორსინგი“ იმიტომ არის კარგი და მნიშვნელოვანი, რომ არ გყავს ერთი უნივერსალური ადამიანი, რომელსაც ყველაფერს აკეთებინებ, რაც დღეს კიდევ არის შემორჩენილი. კომპანიებს მოყვარული „აიტიშნიკები“ ჰყავთ, რომლებიც იმ კომპანიაში ქმნიან რაღაცებს, მერე ტესტავენ, რაც შემდეგ ხარვეზებსა და პრობლემებს ქმნის. ჩვენ ერთდროულად რამდენიმე სპეციალისტი გვყავს. სერვერს თავისი სპეციალისტი ჰყავს, ქსელს – თავისი. შესაბამისად, ყველა ერთმანეთს აერთიანებს და ძლიერ პროდუქტს ქმნის. ტექნოლოგიები ისეთი მიმართულებაა, რომელსაც ვერ ამოწურავ. ყოველდღიურად უნდა განვითარება, წინსვლა, მიყოლა, არცერთი ნაბიჯით არ უნდა ჩამორჩე.

– რამდენად საპასუხისმგებლოა, როდესაც მომხმარებელი საკუთარ ბიზნესს განდობს?

კარგი კითხვაა. ძალიან საპასუხისმგებლოა, მაგრამ თვითონ მომხმარებელი არ აქცევს ამას ყურადღებას. ზოგი ვერ აანალიზებს, რამდენად მნიშვნელოვანი ვართ ჩვენ მათი ბიზნესისთვის. ამ მიმართულებას, რასაც ჰქვია კომპანიის აიტი მიმართულება, ინფორმაციული თუ ტექნოლოგიური, შეუძლია ბიზნესის „ჩაძირვაც“ და წინ წაწევაც. ჩვენი მომხმარებელი ჩვენთან ბოლომდეა დაცული ყველანაირი საფრთხისგან. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, გვაქვს  სერვერების რეზერვები, კომპანიას ვუკეთებთ „ბექაფებს“, ანუ დეტალი რომც დაიწვას, ორი-სამი საათის განმავლობაში სარეზერვო სერვერზე აღვუდგენთ და გავაგრძელებინებთ მუშაობას, რაც იშვიათია ჩვენს შემთხვევაში.

ყავს თუ არა კონკურენტები ქართულ ბაზარზე კომპანია IT CRAFT“-ს?

კონკურენტი ნამდვილად არ გვყავს. ასეთი სერვისი თითქმის არავის არ აქვს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი „IT CRAFT“ წელიწად-ნახევრისაა, კომპანიის ძირითად წამყვან გუნდს შვიდწლიანი გამოცდილება აქვს. ქართულ ბაზარზე კარგი რეპუტაციით ვსარგებლობთ. ამ ხნის განმავლობაში არცერთი ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, რაც, რა თქმა უნდა, ხარისხზე მეტყველებს. ამ სფეროში რეპუტაციის მოპოვება ძალიან რთულია, რასაც ჩვენ ამ დროში მივაღწიეთ. დარეკეთ ნებისმიერ კომპანიაში, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, და მხოლოდ დადებით შეფასებას მოისმენთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელი და არამხოლოდ შემოსავალი. ნებისმიერ ბიზნესში თავის დამკვიდრებაა მთავარი ფაქტორი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არა მარტო თავი დავიმკვიდრეთ, არამედ მეტიც, ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ვართ, იმდენად წამყვანი, რომ ამინდსაც კი ვქმნით ამ ბაზარზე. ყველა კუთხით გვაქვს გამოცდილება, ძლიერი სპეციალისტები გვყავს, რომლებითაც ვამაყობთ და ყოველთვის ვიამაყებთ. ამ გუნდით ნებისმიერ პროექტს შემიძლია შევეჭიდო და პასუხისმგებლობით მივიყვანო ბოლომდე. რაც შეეხება კონკურენციას, არის რამდენიმე კონკურენტი კომპანია, რომლებსაც პატივს ვცემ. რაღაც ნაწილში ისინი კონკურენტები არიან, თუმცა საერთო ჯამში ჩვენი კონკურენტები მაინც არ არიან, რადგან ჩვენ გვაქვს მრავალფუნქციური კომპანია. ჩვენ ვთავაზობთ ყველაფერს და ერთ ადამიანთან კი არა, სხვადასხვა პროფესიონალით დაკომპლექტებულ ჯგუფთან ერთად.

ჩვენთან ამ მიმართულებით არაჯანსაღი კონკურენციაა. ვისაც ცოტათი მაინც აქვს შეხება კომპიუტერთან, თავი აიტი სპეციალისტი ჰგონია, არადა ნებისმიერი კომპანიის ბედი აიტი თანამშრომელზეა დამოკიდებული. მას შეუძლია, თავისი უცოდინრობით ან არაკეთილსინდისიერებით კომპანიის ბიზნესი გააჩეროს ან, პირიქით, დიდი პლუსი გაუკეთოს წინსვლისთვის. თუ შენი საქმის კარგი სპეციალისტი არ ხარ, მაშინ სხვას აზარალებ.

მეც ხშირად გავმხდარვარ ცუდი მომსახურების მსხვერპლი. ზუსტად ამიტომ ვარ ასე მოტივირებული და ჩემს გუნდთან ერთად ვიღვწი იმისთვის, რომ მომსახურების დონე მაღალი იყოს როგორც აიტის, ისე სხვა მიმართულებით.

ამისთვის ვატარებთ ტრენინგებს, ჩვენივე გუნდის წევრებისთვის გვაქვს გადამზადების კურსები. ჩვენი მიზანია, პროფესიულად გავზარდოთ ისინი და პროფესიონალებად ჩამოვაყალიბოთ, რადგან თითოეული თანამშრომელი კომპანიის სახეა.

გარდა ამისა, ვმუშაობთ სადაზღვევო კომპანიებთანაც, ჩვენს პარტნიორებს სადაზღვევო პოლისები უნდა ვაჩუქოთ. როცა კომპანია სადაზღვევო პოლისს გჩუქნის, ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია თავის თავზე. კომპანიებს ვთავაზობთ მთელი სისტემის „ბექაფირებას“. ჩვენივე სერვერებზე, რომელიც შეძენილი გვაქვს, დანახარჯების გარეშე ვუნახავთ ინფორმაციას, რაც უკვე კომპანიის გადაზღვევაა და ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაშიც კი მომხმარებელი  ინფორმაციას არ დაკარგავს. გვაქვს სხვა სიახლეებიც. გვყავს ჩვენი წარმომადგენლები რეგიონებში – ბათუმში, ქუთაისში, ურეკში, ბაკურიანში, კახეთში. ჯერჯერობით ოფისები არ გვაქვს, თუმცა მალე იგეგმება პირველი ფილიალის გახსნა ბათუმში.

ამ ხნის განმავლობაში დაღმასვლის, ხელის ჩაქნევის  პერიოდი თუ გქონიათ?

– რეალურად ამ სფეროში დაღმასვლის პერიოდი არ მქონია. სულ ვცდილობ, რეჟიმში ვიყო, ყველა ნაბიჯი დავგეგმო, ფინანსური იქნება ეს თუ რამე სიახლე. გრაფიკს მივყვები და არასოდეს არ ვდებ საქმეს სხვა დროისთვის. როცა შესაძლებელია, საქმე გააკეთო დღეს, არ უნდა გადადო ხვალისთვის. სწორედ ხვალისთვის გადადებული საქმე იწვევს დაღმასვლას. არასოდეს ჩამიქნევია ხელი, მებრძოლი ვარ და პრობლემა, პირიქით, მაძლიერებს.

წარმატებული ბიზნესი გაქვთ? ამ გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, გაამართლა თქვენმა მოლოდინმა?

იახ, გაამართლა. კმაყოფილი ვარ, პირველ რიგში, იმით, რომ პარტნიორებთან, ვისთანაც ვთანამშრომლობ, კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც ბიზნესის, ისე პირადი კუთხით. საქმე იდეალურად კეთდება და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე, წარმატება და გამართლება. რაც მთავარია, ვვითარდებით და წინ მივდივართ. ჩემთვის ყოველი დღე არის წინსვლის. მინდა, ყოველთვის ასე იყოს და იქნება კიდეც. სხვადასხვა მიმართულებითაც მაქვს პატარ- პატარა ბიზნესგეგმები, როცა უკვე გაიზრდება და სახელს მოიხვეჭს, მერე ამ თემაზეც ვისაუბრებ…

რა არის აუცილებელი წარმატების მისაღწევად და პირადად თქვენ რა თვისებები და უნარ-ჩვევები გაქვთ, რაც წარმატებული კომპანიის შექმნაში დაგეხმარათ?

წარმატების მისაღწევად უმთავრესი კომპონენტია შრომა, ასევე, იმ საქმის სიყვარული, რომელსაც აკეთებ და მისი სწორად დაგეგმვა, რადგან გეგმის გარეშე ეს შრომა ფუჭია.

დილის შვიდ საათზე უკვე ფეხზე ვარ. პირველ რიგში, აუცილებლად გადავხედავ  დღის გეგმას, რომელსაც წინასწარ ვადგენ. ჩემთვის დროს ყველაზე დიდი ფასი აქვს. ვაკონტროლებ დროს და გეგმას მივყვები.

თუ იშრომებ, ყველაფერი გექნება. შენი საკეთებელი ყოველთვის შენ უნდა აკეთო. არასოდეს არ უნდა დაელოდო, რომ ვინმე შენს გასაკეთებელს გააკეთებს. ჩემთვის არცერთი საქმე არ არის სათაკილო. ვაკეთებ ყველაფერს, არ მრცხვენია ჩემი საქმის. მთავარია, პატიოსნად იშრომო. ვარ შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ძალიან აქტიური, ვმოქმედებ წინასწარ ჩამოწერილი გეგმის მიხედვით. ხშირად მესმის გარშემომყოფებისგან, რომ სამსახურები არ არის. მე კი ასე ვიტყოდი – საქართველოში არ არიან მომზადებული კადრები, რომლებსაც დაასაქმებ. ბევრი მიიჩნევს თავს განათლებულად, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, უკვე სხვა რეალობა დგება. შრომა ბევრს ეზარება. არავის არ უნდა დილით ადრე ადგომა. გვინდა მხოლოდ ხელფასი, მაგრამ ხელფასი მუშაობის გარეშე არ არის.

როცა ჩვენ კადრის აყვანას ვაპირებთ, დაახლოებით ას ადამიანს ვხვდებით, ვესაუბრებით და საუკეთესოს ვარჩევთ. ჩემი დევიზია – „განათლება გაგამდიდრებს“. სიმდიდრეში მხოლოდ ფულს არ ვგულისხმობ. ადამიანი შინაგანად უნდა იყო მდიდარი. არ არის აუცილებელი, ცხრა უნივერსიტეტი გქონდეს დამთავრებული. აუცილებელია, საქმის ცოდნა, ადამიანებთან მოქცევის კულტურა. თავს ზედმეტის უფლება არ უნდა მისცე. ზემოდან არავის არ უნდა დახედო. როცა ამ ყველაფერს გააკეთებ, უკვე ძალიან მდიდარი ხარ.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ყველა მიზანი ამართლებს საშუალებას?

ჩემთვის – არა. ვიღაცისთვის შეიძლება – კი. თუ არასამართლიან ქმედებას ჩაიდენ, შეიძლება ერთი ნაბიჯით წინ წახვიდე, მაგრამ ათით უკან დაიხევ. ყოველთვის ჯობია, სამართლიანად გაჰყვე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ვიდრე არასამართლიანად და დიდი ნახტომებით. წარმატება პატიოსანი და კეთილსინდისიერი გზითაც მიიღწევა, მაგრამ ცოტა გვიან. მე ისეთ სფეროში ვარ, ამ სფეროში შეიძლება უცებ დიდი ნახტომი გააკეთო, მაგრამ დაკარგო ყველაფერი, სახელი, რეპუტაცია და აღარ იყო სასურველი ადამიანი. ჩემი პრიორიტეტია, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიარო, ყველა გვერდით მყავდეს და პატიოსანი გზით ვიშოვო ის, რასაც ვშოულობ.

რამდენად თანხვედრაშია წარმატება ბედნიერებასთან?

– ბედნიერება არ არის წარმატებაში. შეიძლება წარმატებულიც იყო ბედნიერი და წარუმატებელიც, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა ეძებო ბედნიერება. მე ყველაფერი მაქვს ბედნიერებისთვის. მყავს შესანიშნავი ოჯახი, ორი შვილი, რომლებიც ყოველდღიურ სტიმულს მაძლევენ იმისთვის, რომ წარმატებულად ვაკეთო ჩემი საქმე.

დაბოლოს, რას ურჩევდით ადამიანებს, როგორ მიაღწიონ წარმატებას?

– წარმატებას უნდა მივაღწიოთ პატიოსნებით და ბევრი შრომით. წარმატებული ხარ მაშინ, როცა შინაგანად ძლიერი ხარ. როცა დაბრკოლებებს არ უშინდები, როცა არ ჩერდები და შენს გასაკეთებელს ბოლომდე აკეთებ. თუმცა, ადამიანები ზარმაცები ვართ. იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, ვაკეთებთ ერთი თვის შემდეგ, მაშინ, როცა უკვე გვიანია.

ზარმაცი ადამიანი წარმატებას ვერ მიაღწევს, ვერც ის, ვინც მუდმივად გამორჩენაზე ფიქრობს და წუწუნებს, სხვას უყურებს ხელებში და სხვის იმედზეა.

თუ გინდა, რომ წარმატებული იყო, შინაგანად უნდა იყო მებრძოლი, უნდა გიყვარდეს სიახლე, წინსვლა. უიმედობამ არ უნდა შეგიპყროს და თუ მაინც მოვა უიმედობა, აუცილებლად უნდა შეებრძოლო ცუდ აზრებს და თავს შემოუძახო. არასოდეს არ იფიქროთ, რომ რაღაც დამთავრდა, არაფერიც არ დამთავრებულა, ყოველი დღე ახლიდან იწყება. თუ ერთმა ადამიანმა შეძლო და მიზანს მიაღწია, მაშინ ეს სხვასაც შეუძლია…

ავტორი: ნინო გონგაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment