გზაზე მიმავალ მოხუცს წყალი მოსწყურდა. ერთ-ერთ ღარიბულ ქოხთან შეჩერდა და იქვე მჯდომ ახალგაზრდა კაცს წყალი სთხოვა. ახალგაზრდამ გატეხილი ფიალით წყალი გამოუტანა, რომელშიც ჩალის ღერო იდო.
მოხუცმა ჩალის ღეროთი წყალი წვალებით დალია და ახალგაზრდას უთხრა:
– რახან წყალი დამალევინე, მე შენ ფენ-შუის ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, თუ როგორ მოაწყო შენი სახლი, რომ გამდიდრდე.
მოხუცმა ახალგაზრდას საიდუმლო გაანდო და გზა გააგრძელა.
ერთი წლის შემდეგ მოხუცი ისევ მოხვდა იმ ადგილას და ღარიბული ქოხის ნაცვლად განათებული სასახლე იხილა. სასახლის კართან კი ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი იდგა.
– გამარჯობა, – უთხრა ახალგაზრდას: – ვხედავ, რომ გამდიდრებულხარ.
– ოოო, ეს თქვენ ხართ, – გაიბადრა ახალგაზრდა: – თქვენი ძალიან მადლიერი ვარ. ზუსტად ისე გავაკეთე, როგორ მასწავლეთ და როგორც ხედავთ გავმდიდრდი, ცოლი შევირთე, მემკვიდრეც მეყოლა და საერთოდ ჩემი საქმეები უკეთესობისკენ შეიცვალა.
მოხუცი შეცბუნდა:
– კი, მაგრამ მე ხომ ყველაფერი უკუღმა გასწავლე, რადგან წყალი გატეხილი ფიალით გამომიტანე, თანაც შიგ ჩალის ღერო იდო, რომლითაც ძლივს დავლიე წყალი.
ახალგაზრდამ გაიღიმა:
– მე წყალი იმ ჭურჭლით გამოგიტანეთ, რაც გამაჩნდა. ჩალის ღერო კი იმიტომ ჩავდე, რომ წყალი ძალიან ცივი იყო და ნელ-ნელა დაგელიათ, რათა ყელი არ გაგციებოდათ.
თქვენგან გაცემულ სიკეთეს, თუნდაც ის სხვა ადამიანებმა ვერ დაინახონ და დააფასონ, აუცილებლად დააფასებს კოსმოსი და სანაცვლოდ იგივეს მოგაგებთ.
წყარო: Business Inteleqtika