“ვიტრუვიუსის ადამიანი” ლეონარდო და ვინჩის ცნობილი წარწერებიანი ნახატია, რომელიც 1490 წელსაა შესრულებული და მასზე გამოსახულია მოშილიფებული მამაკაცის ფიგურა ორ ერთმანეთზე დადებულ პოზიციაში წრეში ჩასმული გაშლილი ხელებითა და ფეხებით, კვადრატში ჩასმული შერწყმული ფეხებითა და გაშლილი ხელებით, ეს ნახატი სამყაროს მოდელადაც კი მიიჩნევა.
ცნობილია, რომ ლეონარდო იპარავდა უპატრონო გვამებს და საიდუმლოდ კვეთდა მათ. ცდილობდა, საკუთარი თვალით ენახა კუნთების, ძვლების, სხვადასხვა ორგანოს აგებულება. ჩვენამდე მოაღწია ადამიანის მუსკულატურის, სისხლძარღვოვანი სისტემის, ჩონჩხის მის მიერ შესრულებულმა მრავალმა ჩანახატმა. მას დედის წიაღში მყოფი ნაყოფის ფორმა, მოძრაობა და მდგომარეობაც აინტერესებდა, რასაც არაერთი ჩანახატი ადასტურებს.
მხატვარი ნაშრომში “ტრაქტატი მხატვრობის შესახებ” წერს: – “ადამიანის სხეულის გამოსახულება, როგორც მას მე ვხედავ, თვალწინ სრულიად ბუნებრივად გადაიშლება. თუ გინდა ადამიანის ანატომიური აგებულება კარგად გაიგო, მას აუცილებლად სხვადასხვა კუთხიდან უნდა დააკვირდე.”
რომაელი არქიტექტორის მარკუს ვიტრუვიუსის შემოქმედება უყურადღებოდ დარჩა მის ეპოქაში, (ძვ. წ. პირველი საუკუნე) მაგრამ რენესანსის ეპოქის მოღვაწეები დიდ ინტერესს იჩენდნენ მისი ნაშრომს “დე არქიტექტურა” მიმართ. ლეონარდომ კი სწორედ ამ უკანასკნელისთვის დახატა “ვიტრუვიუსის ადამიანი.”
და ვინჩიმ ნახატს საინტერესო მინაწერები გაუკეთა: “თავის ნაშრომში არქიტექტურის შესახებ არქიტექტორი ვიტრივიუსი აცხადებს, რომ ბუნებამ ადამიანის პროპორციები შემდეგნაირად განსაზღვრა: თუ ფეხებს გაშლი იმგვარად, რომ ტანის სიმაღლე ერთი მეთოთხმეტედით შეამცირო, გაშლი მკლავებს ისე, რომ შუა თითებით შეეხო შენივე თავის ყველაზე მაღალ წერტილს, იცოდე , რომ ჭიპი აღმოჩნდება იმ წრეხაზის ცენტრში, რომელსაც გაშლილი კიდურების ბოლოები ქმნის და სივრცე წვივებს შორის ტოლფერდა სამკუთხედს შეადგენს. ადამიანის გაშლილ მკლავებს შორის მოქცეული მანძილი მის სიმაღლეს უდრის. საქოჩრიდან ნიკაპის ყველაზე დაბალ წერტილამდე ადამიანის სიმაღლის მეათედია. ” და ასევე: “ბუნებრივად, ადამიანის სხეულის ცენტრი ჭიპია; ამიტომ, თუ ადამიანი ზურგზე დაწვება, ხელებსა და ფეხებს გაშლის და მის ჭიპზე კომპასს დავდებთ, თუ ტანგენსურად წრეს შემოვავლებთ, მისი ხელებისა და ფეხების თითების წვერებს შევეხებით. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: როგორც წრიულ მოხაზულობას ვპოვებთ ადამიანის სხეულში, ასევე, კვადრატის სქემასაც აღმოვაჩენთ მასში. მართლაც, თუ ადამიანს გავზომავთ თავიდან ფეხებამდე და ამ ზომას შევადარებთ მისი გაშლილი ხელებით შექმნილ ხაზს, სიგანე სიმაღლის ტოლი აღმოჩნდება, როგორც კუთხის საზომი ხელსაწყოს კვადრატულ ზედაპირებზე.”
და ვინჩიმ თავად ჩაატარა ცდები და ვიტრუვიუსის მონაცემების უტყუარობა შეამოწმა, ასე რომ, მან თავის ნახატში მეცნიერული ცოდნა ადამიანის ფიზიკური მშვენიერების კანონს დაუქვემდებარა.
თათია ქვილითაია
