მწერლობის, მუსიკის, ქორეოგრაფიის, დრამატურგიის , სახვითი ხელოვნების, სამსახიობო თუ ვოკალური ოსტატობის ნოვატორული სინთეზი. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული მუსიკალური წარმოდგენა, რომელშიც ორასამდე ხელოვანია ჩართული, კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი და რეჟისორი ლაშა ონიანი გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებს “სამოსელი პირველი”, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე აცოცხლებენ. იდეა ზაზა მარჯანიშვილს რამდენიმე წლის წინ დაებადა და მხოლოდ ახლა გადაწყვიტა ამ იდეისთვის ფრთები შეესხა. რეჟისორად ლაშა ონიანი აირჩია. ეს დადგმა ჟანრობრივად არ იქნება ოპერა, ან სპექტაკლი. ეს იქნება დრამატურგიულად აწყობილი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენა. სცენაზე მოეწყობა ერთგვარი ამფითეატრი, რომელიც ორასამდე ხელოვანს დაიტევს. დადგმის სცენოგრაფები არიან ლევან სალუქვაძე და გელა იორდანიშვილი. კოსტიუმების მხატვარი ანკა კალატოზიშვილი იქნება. დადგმაში მონაწილეობენ, მიშა გომიაშვილი, გოგა პიპინაშვილი, რეზო ჩხიკვაძე და ბევრი სხვა გამორჩეული და პროფესიონალი მსახიობი, ასევე ოპერის ვარსკვლავები, თეა დემურიშვილი და ოთარ ჯორჯიკია. თავად მწერალი, გურამ დოჩანაშვილი აქტიურად არის ჩართული ამ სამზადისში, იდეის ავტორი და რეჟისორი მასთან სისტემატურად გადიან კონსულტაციებს. რეპეტიციები აქტიურად მიმდინარეობს. მაყურებელი კი ამ გრანდიოზულ დადგმას მაისის ბოლოსთვის იხილავს.
“სამოსელი პირველი” ოპერისა და ბალეტის სცენაზე
108
წინა სტატია