fbpx

გრძნობათა მორევი – “ალცინა”

ავტორი ჟოლო
237 ნახვა

2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარიზის ოპერა გარნიეში წარმოდგენილი იყო სპექტაკლი “ალცინა”. ეს არის რობერტ კარსენის 1999 წლის დადგმის განახლებული ვერსია ჯორჯ ფრიდრიხ ჰენდელის (1685-1759) გენიალური მუსიკის თანხლებით. განახლებული ვერსიის ავტორი კრისტოფ გეირალია. დრამატურგი – იან ბურტონი.

ალცინა მომნუსხველი ჯადოქარია, რომელიც მსხვერპლს აჯადოვებს მანამ, სანამ, ისინი თავიანთ წარმომავლობას და სამშობლოს არ ივიწყებენ. რა არის ეს – აღვირახსნილი სიყვარული, თუ დაუოკებელი გრძნობებით ტკბობის სურვილი? წარმოდგენის გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ალცინას პერსონაჟი ტანჯულ და მგრძნობიარე ქალად წარმოჩინდება. გამარჯვებული ჯადოქრის სიმღერა ერთგვარ თანაგრძნობას იწვევს. ეს ორაზროვანი წარმოდგენა, დაფარული გრძნობებისა და ემოციების ორომტრიალი, საოცარი სინატიფითაა გადმოცემული. სპექტაკლის ქორეოგრაფია ფილიპ ჟიროდოს ეკუთვნის. სცენისა და კოსტუმის დიზაინერი კი ტობიას ჰოიზელია.

წარმოდგენის დეკორაციები მონუმენტალურია, რაც თანხლები მუსიკის ფონზე  საოცარი დრამატიზმს იძენს. თომას ჰენგელბროკის დირიჟორობით ორკესტრი საოცრებებს ჩადის. დირიჟორი მომღერლების მიმართაც ძალიან ყურადღებიანია და წარმოდგენის დროს ამხნევებს მათ შეძახილებით. ვოკალური შესრულება მომნუსხველია. ხმები საოცარი სიმსუბუქით ირევა ერთმანეთში.

პირველ აქტში ჯადოქარი ალცინა (შემსრულებელი – ჟანინ დე ბიკი) თავის ჯადოსნურ კუნძულზე იზიდავს მამაკაცებს, სადაც მათ კლდეებად, მდინარეებად, ხეებად, თუ გარეულ ცხოველებად აქცევს.

მას პირველად ცხოვრებაში რეალური სიყვარული დაეუფლება, ეს რუჯიეროა (შემსრულებელი – გაელ არკეზი). მაგრამ, რუჯიეროს ჰყავს საცოლე – ბრადამანტე (შემსრულებელი – როქსანა კონსტანტინესკუ), რომელიც მისი დაკარგული საქმროს ძიებას იწყებს, ამისთვის კი საკუთარი ძმის, რიკარდოს, მსგავად შეინიღბება. ის მოგზაურობაში რუჯიეროს ყოფილი მასწავლებლის – მელისოს (შემსრულებელი – ნიკოლას კურჟალი) თანხლებით მიდის. ისინი მიაღწევენ ალცინას სასახლეს, სადაც მათ ალცინას მოახლე – მორგანა (შემსრულებელი – საბინე დევილი) ხვდება. მორგანას პირველი ნახვისთანავე უყვარდება “რიკარდო”.

ალცინა რუჯიეროსთან ერთად ჩნდება სცენაზე. რუჯიერო სრულადაა მონუსხული ალცინას მიერ და დაკარგული აქვს მეხსიერება და არაფერი ახსოვს ბრადამანტეს შესახებ. კუნძლზე ასევე იმყოფება ბიჭი სახელად ობერტო, რომელიც საკუთარ მამას ეძებს. მტერთან გამკლავების იმედით, ობერტო აქეზებს რუჯიეროს, რომ ალცინა “რიკარდოზეა” შეყვარებული. ალცინა უარყოფს ბრალდებებს და მისი რუჯიეროსადმი სიყვარულის დასტურად გადაწყეტს “რიკარდოს” გარდასახვას. მორგანა აფრთხილებს “რიკარდოს” ალცინას გეგმის შესახებ, შემდეგ კი თავის გრძნობებში გამოუტყდება.

მეორე აქტში მელისო ხსნის ალცინას ჯადოს რუჯიეროზე, შედეგად მას უბრუნდებე მეხსიერება ბრადამანტეს სიყვარულის შესახებ. მელისოს რჩევის გათვალისწინებით ის თავს ისევ ალცინას შეყვარებულად ასაღებს. ჯადოქარი აპირებს “რიკარდოს” გარდასახვას, მაგრამ მორგანა შეძლებს მის დაცვას. ორონტე (შემსრულებელი – რუპერტ ჩარლსვორზი) უმხელს ალცინას, რომ რუჯიერომ მას უღალატა და გეგმავს გაქცევას. ალცინა სასოწარკვეთილია. რუჯიერო და ბრადამანტე ისევ ერთად არიან. რუჯიერო ემშვიდობება ალცინას ჯადოსნური სამყაროს მოჩვენებით სილამაზეს. ჯადოქარი ალცინა ამაოდ ცდილობს რუჯიეროს შეჩერებას. ის სასოწარკვეთილია ძალაუფლების დაკარგვით.

მესამე აქტში მორგანა იგებს “რიკარდოს” ნამდვილ ვინაობას და ცდილობს უკან დაიბრუნოს ორონტე, მაგრამ მისი მცდელობა უპასუხო რჩება. ალცინა უპირისპირდება რუჯიეროს: ის ფიცს სდებს, რომ შურს იძიებს რუჯიეროზე, თუკი ის არ დაუბრუნდება მას. რუჯიერო კი მელისოსა და ბრადამანტესთან ერთად გაქცევას გეგმავს. ალცინას სურს განთავისუფლდეს ტანჯვებისაგან. ბრადამანტემ და რუჯიერომ ეს-ესაა უნდა დატოვონ კუნძლი, ალცინა კი უკანასკნელად ევედრება თავის სიყვარულს დარჩეს მასთან. რუჯიერო უარს ამბობს. ალცინას მაგია იმსხვრევა. ყველა მონუსხული ადამიანი თავის თავს, თავის პირვანდელ “მეს” უბრუნდება.

ავტორი: გია გოგატიშვილი

Gia Gogatishvili

მსგავსი სტატიები

Leave a Comment