fbpx

ზოლიანი ცხოვრება ანუ რა არის კარგი ცუდში…

ავტორი ჟოლო
281 ნახვა

მნიშვნელოვანი და გენიალური სავარჯიშო, რომელიც ცხოვრების შავი ან ნაცრისფერი ზოლიდან ბევრად ნათელ ზოლში გადაგიყვანთ.

წარმატების ექსპერტ თამარ საგინაშვილის რჩევით, კარგია თუ ამ სავარჯიშოს ჩვევად გაიხდით. ეს კი ნებისმიერი არასასიამოვნო მოვლენის დაძლევაში დაგეხმარებათ.

თამარ საგინაშვილი: დილის 5 საათზე გამეღვიძა და  უეცრად   მივხვდი,  რომ   მე  კვლავ   ცხოვრების  ნათელ  ზოლში ვარ!

თუმცა გუშინ  ნამდვილად არ ვფიქრობდი ასე.  ახლა კი აი, ასე, უბრალოდ გამეღვიძა და მივხვდი!

ჩემს წარმოსახვაში (და არა მხოლოდ ჩემს…) ცხოვრება ზოლიანია!

ძირითადად შავ-თეთრი ზოლები ენაცვლება ერთმანეთს.

მაგრამ რასაკვირველია, არის სხვა ფერებიც!!!

 

ეს არის ყვითელი – როდესაც  გული სიხარულით და მზის ფერებით გვევსება;

მწვანე – როცა მშვიდად ვტკბებით ბუნების მშვენიერებით  და თვალმოუშორებლად ვუყურებთ, როგორ ნებიერად მოლივლივებენ პაწაწინა ტალღები თითქმის უძრავი ზღვის ზედაპირზე;

ეს არის  მოცისფრო-ლურჯი – როდესაც სივრცე ჩვენს ირგვლივ გამჭვირვალე და სუფთაა  და ჩვენი გონება თითქოს ჰაერში იჭერს ცინცხალ  და სასიამოვნო აზრებს;

რა თქმა უნდა არის წითელიც  –  ვარდების, ყაყაჩოების, დაისის, ინტიმის და  მიწის ენერგიის ფერი! მის გარეშე სამყარო ხომ საშინლად მოსაწყენი იქნებოდა !

და ჩემი საყვარელი ფერი – ასე თქვათ ფუქსიის ფერი, რომელიც “ქალურ” ფერთა  გამას მოიცავს მუქი იისფერიდან ღია ვარდისფერამდე…

ვფიქრობ, ცისარტყელას სხვა ფერები არ გამინაწყენდებიან, თუ ყველას არ ჩამოვთვლი

იდეალურ შემთხვევაში, ყველა ამ ფერს თავის ადგილი უნდა ეკავოს ჩვენს ცხოვრებაში, ისევე, როგორც ცისარტყელას ულამაზეს რკალში არიან ზოლებად ჩაწიკწიკებული.

მაგრამ…

შავი ზოლი თითქმის ყოველთვის რაღაც ცუდთან ასოცირდება. თუმცა, ვერც შავი ფერის და ვერ „შავი“ პერიოდების გარეშე ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ, იმიტომ, რომ ეს იქნება  აბსოლუტური დისბალანსი. სამყარო ასეა მოწყობილი – არსებობს შავი და თეთრი, კარგი და ცუდი, სიხარული და მწუხარება …

თუნდაც ყველაზე დადებითი ადამიანიც კი შეუძლებელია მთელი 100 პროცენტით იყოს დადებითი. როგორც გამოთვლები გვიჩვენებს, საუკეთესო თანაფარდობის შემთხვევაში, ასიდან  25 პროცენტი მაინც უნდა იყოსო არაპოზიტივი

არ ვიცი, ვინ და როგორ გამოთვალა და საიდან გამოიყვანეს 25 პროცენტი, მაგრამ აქ რიცხვობრივი მაჩვენებელი არ არის მთავარი.  მთავარი ის არის, რომ შავიც, უარყოფითიც, მწუხარებაც, სიბნელეც  აუცილებლად უნდა არსებობდეს ჩვენს ცხოვრებაში.

მათ გლობალური მისია აკისრიათ.

ისინი სიცოცხლეს მატებენ ყველაფერ ნათელს და კარგს. შავის ფონზე, თეთრი ბრწყინვალედ გამოიყურება. ეს კლასიკაა:))

 თუ სამყაროში ყველაფერი თეთრი იქნებოდა, ვინ შეამჩნევდა მის მშვენიერებას?

ასევეა ემოციები – რომ არ არსებობდეს სევდა,  ვინ დააფასებდა სიხარულს? და საერთოდ, როგორ გავიგებდით, რა არის სიხარული, თუკი არაფერი იქნებოდა, რასთანაც მას შევადარებდით?

თუ თქვენ არასდროს განგიცდიათ მარცხი, როგორ უნდა გაუგოთ გემო წარმატებას?

თუ ყოველთვის ბედნიერები ვართ, რასთან შედარებით  შევაფასოთ ჩვენი ბედნიერება?

რატომ – არ ვიცი, მაგრამ სამყარო სწორედ პოლარულობის პრინციპზეა აგებული.  ალბათ ბევრჯერ გსმენიათ, რომ ეს ჩვენს გასაზრდელად ხდება, ანუ იმისთვის, რომ  გავიაროთ გაკვეთილები,  მივიდეთ საკუთარ ბედნიერებამდე და დავაფასოთ ეს ბედნიერება.

კი, ბატონო! გავდივართ, ვსწავლობთ, ვცვლით, ვპატიობთ, ვღებულობთ, ვუშვებთ… და გადავდივართ ახალ ეტაპზე.

და მაინც, ხშირად  ჩნდება კითხვა: რატომ არ შეიძლება ვიცხოვროთ მარტივად  – ყოველთვის ვიყოთ ბედნიერი  და ვისიამოვნოთ იმ მომენტით, რომელშიც  ვართ?

როგორ არ შეიძლება, თუ ეს გამოგივათ! თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანია, ვინც პოზიტიურადაც აზროვნებს, სამყაროს კანონებსაც იცავს, მაგრამ არ მეგულება მათ შორის არც ერთი ისეთი,  ვინც  24 საათის განმავლობაში და  კვირაში 7 დღე არის ბედნიერი.

და ეს სწორედ იმიტომ, რომ ცხოვრება არის შავ -თეთრი, ზოგჯერ – ფერადი და  ამას კი არ უნდა ვებრძოლოთ და ვაპროტესტოთ, ეს უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, მივიღოთ მადლიერებით და მშვიდობიანად დავუთმოთ ამ კანონზომიერებას ადგილი ჩვენს ცხოვრებაში.

და უნდა ვაღიაროთ, რომ ცუდსაც კი, რაღაც კარგი მოაქვს;))))

მაშინ აღარ მოგვინდება გაუთავებლად კითხვების დასმა, რატომ ვარ უბედური და უიღბლო! ამ კითხვების ადგილს სხვა, უფრო სასარგებლო კითხვები დაიკავებენ. მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ.

მნიშვნელოვანი დეტალი: მიღება და აღიარება იმას სულაც არ ნიშნავს, რომ  შავ ზოლში დიდხანს უნდა დარჩეთ და სევდას, სიბრაზეს, იმედგაცრუებას „შეაჭმევინოთ“  ჯანმრთელობა და მომავალი.

რამდენ ხანში გაივლით უიღბლობის ხანას და როდის გადახვალთ აქტიურ ფაზაში. ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

ალბათ ყველა დამეთანხმებით იმაში, რომ არ არსებობს 100 პროცენტით ბედნიერი ადამიანი.

სამაგიეროდ მე ვიცი ბევრი ისეთი (თქვენ იცით), ვინც ყოველთვის უბედური და უკმაყოფილოა.

ჩვევა – იყოს დამარცხებული, უიღბლო, მოწუწუნე,  სუსტი – იმდენად ძლიერია, რომ სიძლიერის მაჩვენებლით შეიძლება ნარკოდამოკიდებულებასაც კი შევადაროთ.

ხშირად ადამიანს ურჩევნია  დათმოს სიცოცხლე და ნელ-ნელა წავიდეს ამქვეყნიდან, ვიდრე დათმოს ეს მისთვის ჩვეული მდგომარეობა.

მართლაც არ არის ადვილი აქედან თავის დაღწევა,  მაგრამ  ნამდვილად შესაძლებელია. საკუთარი გამოცდილებით ვიცი.

უბრალოდ, უნდა მივხვდეთ,  რატომ გვაწყობს, რა სარგებელს გვაძლევს ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ.

ამ კითხვის პასუხი არ შეიძლება იყოს – “არ ვიცი” და “არაფერი”, იმიტომ, რომ ეს არის თავის მოტყუება. თუ ასე მოვიქცევით,  ჩვენი გონება „დაიხურება“ და პასუხს ვერ მივიღებთ.

პასუხი კი ყოველთვის არსებობს. მაგრამ ჩვენ არ გვესმის ის, როდესაც არ ვუსმენთ საკუთარ თავს. და  თუ არ გვესმის, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთვის ასე უფრო მომგებიანია.  ეს არის ჩვენი როლი, რომელშიც  თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ. ეს არის ჩვენი კომფორტის ზონა.

და რა მოხდება, თუ ვაღიარებთ, რომ  უბრალოდ გვაწყობს ეს სიტუაცია? მაშინ ის დაკარგავს თავის ძალას და ჩვენ იძულებული გავხდებით დავიწყოთ ის ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში, რომლებსაც ჩვენი დეპრესიის, გაბრაზების, დაღლილობის, უძილობის, ავადმყოფობის მეშვეობით გავურბოდით.

ჩვენი ქვეცნობიერი  შესანიშნავი მეურვე და დამცველია. ის მხოლოდ  ჩვენს უსაფრთხოებაზე ფიქრობს და გვიცავს ყველაფრისგან, რაც ახალი და უცხოა. იქნებ იქ საფრთხე გვემუქრება? არა, ისევ სჯობს ვიყოთ სადაც ვართ – არც წინსვლა გვინდა, არც რეალიზებულობა, არც მეტი ფული – სჯობს მომავალი იყოს პროგნოზირებადი და სევდიანი, ვიდრე საერთოდ არაპროგნოზირებადი.

ვინც გამოქვაბულიდან არასდროს გამოდიოდა, მას საფრთხეც ნაკლები ემუქრებოდა:))

ღირს კი გარისკვა და ჩვენი „მღვიმედან“ გამოსვლა?  გარეთ ათას ხიფათს შეიძლება გადავეყაროთ. ასე რომ, უმჯობესია ვიყოთ იქ, სადაც ელემენტარული და სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობებია, ცოტა სითბო, ცოტა საჭმელი, ცოტა სასმელი.

მოკლედ, ყველი, პური და კეთილი გული :)) გადასარევი პროგრამაა! ყველის და პურის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რაც იგულისხმება ამ გამოთქმაში, თქვენც იცით და მსგავს იდეებზე რომ თაობები გავიზარდეთ, ესეც ცხადია.

აქაც ისევ არჩევანთან მივდივართ. გვინდა – ვრჩებით არჩეული მოდელის ერთგული, გვინდა – ვაცნობიერებთ, რა გვინდა სინამდვილეში და ვცვლით.

თუ თქვენ,  მაგალითად, შაკიკი გაწუხებთ, ვინ იღებს ამით სარგებელს?  რა თქმა უნდა, არა თქვენი მეუღლე, არა თქვენი ბავშვები, არც დედამთილი… თუმცა, უფრო ღრმად თუ წავალთ, რახან ეს მათ ეხებათ, რასაკვირველია, მათაც უნდა გააცნობიერონ საკუთარი გაკვეთილები, მაგრამ ასე ძალიან შორს წავალთ.

ვინ არის აქ მთავარი? თქვენ! ამიტომ  თქვენ უნდა კითხოთ საკუთარ თავს: რას გაძლევთ ეს თქვენ? რის საშუალებას? იქნებ ეს გაძლევთ საშუალებას, არ გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც არ გინდათ, იმიტომ, რომ სხვაგვარად უარის თქმა არ შეგიძლიათ;

ანდა იქნებ ეს გაძლევთ საშუალებას დაისვენოთ  სინდისის ქენჯნის და ოჯახის წინაშე დანაშაულის გრძნობის გარეშე (იმიტომ, რომ თვითონ არ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას დაისვენოთ, თუ ავად არ ხართ);

ანდა იქნებ  ავადმყოფობა გაძლევთ საშუალებას ჩაიკეტოთ თქვენს „ნაჭუჭში“, სადაც არავინ შეგეხებათ, იმიტომ რომ შაკიკი გაქვთ…

შაკიკი მაგალითისთვის მოვიყვანე, თორემ თითქმის ყველა „პრობლემას“ თავისი სარგებელი ახლავს. ისეთ „უხერხულ” დაავადებასაც კი, როგორიც არის  ბუასილი :))

და აი ჩამჭრელი კითხვები საკუთარ თავს: რაში მჭირდება მე ეს? რას მაძლევს მე ეს კარგს? რატომ არის ეს მომგებიანი ჩემთვის? რა სარგებელს ვღებულობ მე ჩემი უიღბლობით, ავადმყოფობით, სისუსტით?

თუ გაგიჭირდებათ პასუხის პოვნა პირველ ჯერზე, მოხარული ვიქნები დაგეხმაროთ. ჩემს ბლოგზე www.tamarsaginashvili.com არის სპეციალური ფორმა კითხვის დასასმელად.

და თუ ყველაფერი გამოგივიდათ, ფანტასტიკურია! დაწერეთ, კომენტარებში, რა აღმოაჩინეთ!  ეს მნიშვნელოვანია როგორც თქვენთვის, ასევე სხვებისთვის. და მეც გავიხარებ თქვენი მიღწევებით.

ვისაც დავალებების შესრულება გიყვართ,  აქ არის მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სავარჯიშო, რომელიც ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად გადაგანაცვლებთ ცხოვრების შავი ან ნაცრისფერი ზოლიდან უფრო ნათელი პერიოდისკენ.  და ბალანსის 75X 25-ზე  მიღწევაში დაგეხმარებათ.

  • tulip-flowers-high-definition-wallpapers-cool-desktop-background-pictures-widescreen

მაშ ასე,მარტივი და გენიალური სავარჯიშო:

გაიხადეთ ჩვევად  გამუდმებით, ნებისმიერი არასასიამოვნო მოვლენის მიმართ დასვათ კითხვა:

რა არის ამაში კარგი? ანუ რა არის კარგი ცუდში!!!

ცოტა აბსურდულად ჟღერს, მაგრამ როგორც კი ორიოდეჯერ გასცემთ პასუხს ამ კითხვას, მიხვდებით, რამდენად ლოგიკურია 🙂

ამ კითხვას ვსვამთ ყველას და ყველაფრის მიმართ, როცა რაიმე არ მოგვწონს. სიტუაცია, ადამიანი, მოვლენა, განწყობა…

რა არის ამ ცუდში კარგი?

ძალიან მხიარული და სახალისო სავარჯიშოა.

სიყვარულით და თქვენი შესაძლებლობების რწმენით

თამარ საგინაშვილი

 

წყარო:http://tamarsaginashvili.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment